შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2016 12:55
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016
შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რაგბი ტვ“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/7849-16 02/08/2016) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „რაგბი ტვ“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სპორტული) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 14 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 1/10/2016;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რაგბი ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მოთხოვნებს;
2. შპს „რაგბი ტვ“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
6. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:
ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2 აგვისტოს წარმოდგენილ საავტორიზაციო განცხადებაში არ იყო მითითებული მონაცემები პარტნიორთა შესახებ, ასევე გარკვეული შეუსაბამობა იყო განცხადებაში მითითებულ მონაცემებს შორის, კერძოდ: მე-7 პუნქტში მაუწყებლობის ხელმისაწვდომობაში მითითებული იყო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით ღია (უფასო) მაუწყებლობა, ხოლო მე-6 პუნქტში მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიებში ციფრული სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობა არ იყო მითითებული. გარდა ამისა საავტორიზაციო განცხადებაზე თანდართული იყო შესაბამისობის დეკლარაციის ძველი ფორმა და არ იყო თანდართული საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ. შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/3036-16, 09.08.2016წ.). დამატებით კომპანიას 2016 წლის 15 აგვისტოს გაეგზავნა კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს N560/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ საავტორიზაციოდ წარმოსადგენი ფორმა „განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ“ (N01/3131-16, 15/08/2016). შპს „რაგბი ტვ”-მ ზემოაღნიშნული ცნობები კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 18 აგვისტოს, ხოლო 2016 წლის 22 აგვისტოს წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „რაგბი ტვ“-ს მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „რაგბი ტვ“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ლევან სიხარულიძე. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „რაგბი ტვ“-ს დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის ლევან სიხარულიძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ლევან სიხარულიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება, ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „რაგბი ტვ“-ს და ფიზიკური პირის ლევან სიხარულიძის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ზემოაღნიშნული კომპანია და ფიზიკური პირი კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდებიან.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ შპს „რაგბი ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ შპს „რაგბი ტვ“, მისი დირექტორი არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „რაგბი ტვ“ შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სპორტული) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, ფრანგული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 14 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 1/10/2016;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
2. შპს „რაგბი ტვ“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რაგბი ტვ“-სთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
