შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2016 16:27
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016
შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
შპს ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედ“- ის განცხადების (შ-6/6183-16; 29.06.2016) საფუძველზე, 2016 წლის 13 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შედეგად დაფიქსირდა, რომ კომპანია ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს: ,,Travel”, ,,Россия К”, ,,RU TV”, ,,НТВ“, ,,Охота и рыбалка“, ,,Домашний”, ,,RTVi”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, ,,GDS“, „Планета РТР“, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, ,,РЕН ТВ”, „Футбол 1“, „მაესტრო“, ,,Премьера”, ,,Кинохит”, „ORT”, ,,Кинопоказ“, ,,Че“ ,,მარაო, ,,კომედი არხი“, ,,CTC”, „იმედი“, ,,TV 3“, ,,Шансон TB”, ,,Nikelodeon”, ,,მეცხრე ტალღა“, „ობიექტივი“, ,,Муз 2 TB“, ,,ტვ პირველი“, ,,Русский роман“, ,,History”, რის თაობაზე შედგა შემოწმების აქტი №38. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ,,Россия К”, ,,RU TV”, ,,НТВ“, ,,Домашний”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, ,,РЕН ТВ”, „Футбол 1“, ,,Премьера”, ,,Кинохит”, ,,Кинопоказ“, ,,Че“, ,,მარაო, ,,კომედი არხი“, ,,CTC”, „იმედი“, ,,TV 3“, ,,Nikelodeon”, „ობიექტივი“, ,,Муз 2 TB“, ,,ტვ პირველი“, ,,Русский роман“, ,,History”. შესაბამისად, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართელოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდებოდა არამართლზომიერად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 25 აგვისტოს 15:00 საათზე, რის შესახებ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 5 აგვისტოს, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბმა“ კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების: შპს ,,რუსთავი 2“, ,,მარაოს“, ,,კომედი არხის“ (2016 წლის 27 ივლისიდან), „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხის“ (2016 წლის 1 აგვისტოდან) რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2016 წლის 25 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორი ვ.ხაინდრავა, რომელმაც აღიარა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი და აღნიშნა, რომ შემოწმების აქტში და მოხსენებით ბარათში მითითებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალში, ,,Романтика“-ს ნაცვლად უნდა იყოს ,,Русский роман“.
II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები თანდართული მასალებით (№შ-10/7611-16; 27.07.2016. №შ-10/8828-16; 23.08.2016);
2. 2016 წლის 13 ივლისის №38 შემოწმების აქტი;
3. 2016 წლის 13 ივლისის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
4. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
5. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ განცხადება (შ-6/7965-16; 5.08.2016);
6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2016 წლის 27 ივლისის №../-0925-16 წერილი;
7. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2016 წლის 1 აგვისტოს №3502/02 წერილი;
8. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: №820);
9. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი №010003903716;
10. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორის ვ.ხაინდრავას მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი ქ.ფოთში; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა მიერ, 2016 წლის 13 ივლისს, 12:30 საათზე, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ სათაო ოფისში (მისამართი: ქ.ფოთი, აღმაშენებლის ქ. №10) განხორციელდა შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი №38, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომელი ი.ბაღაშვილი, ზ.კვირკველია და შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ დირექტორი ვ.ხაინდრავა;
3. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ შესაბამისი ნებართვის გარეშე, 2016 წლის 13 ივლისს, არამართლზომიერად ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,Россия К”, ,,RU TV”, ,,НТВ“, ,,Домашний”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, ,,РЕН ТВ”, „Футбол 1“, ,,Премьера”, ,,Кинохит”, ,,Кинопоказ“, ,,Че“, ,,მარაო, ,,კომედი არხი“, ,,CTC”, „იმედი“, ,,TV 3“ (რუსული), ,,Nikelodeon”, „ობიექტივი“, ,,Муз 2 TB“, ,,ტვ პირველი“, ,,Русский роман“, ,,History”;
4. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი“ უფლებამოსილია განახორციელოს სამაუწყებლო არხების: შპს ,,რუსთავი 2“, ,,მარაოს“, ,,კომედი არხის“ (2016 წლის 27 ივლისიდან), „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხის“ (2016 წლის 1 აგვისტოდან) ტრანზიტი;
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 13 ივლისის №38 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2016 წლის 13 ივლისის №38 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
7. შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
11. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე, ხოლო 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამაუწყებლო არხების: ,,Россия К”, ,,RU TV”, ,,НТВ“, ,,Домашний”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, ,,РЕН ТВ”, „Футбол 1“, ,,Премьера”, ,,Кинохит”, ,,Кинопоказ“, ,,РЕН ТВ”, ,,Че“, ,,მარაო, ,,კომედი არხი“, ,,CTC”, „იმედი“, ,,TV 3“ (რუსული), ,,Nikelodeon”, „ობიექტივი“, ,,Муз 2 TB“, ,,ტვ პირველი“, ,,Русский роман“, ,,History” ხელშეკრულებების ან/და სანებართვო წერილების გარეშე გადაცემით, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი. ვინაიდან, შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, ის უნდა წერილობით გაფრთხილდეს. ამავდროულად, შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს” უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,Россия К”, ,,RU TV”, ,,НТВ“, ,,Домашний”, ,,РЕН ТВ”, „Футбол 1“, ,,Премьера”, ,,Кинохит”, ,,Кинопоказ“, ,,Че“, ,,CTC”, „იმედი“, ,,TV 3“ (რუსული), ,,Nikelodeon”, „ობიექტივი“, ,,Муз 2 TB“, ,,ტვ პირველი“, ,,Русский роман“, ,,History” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბმა“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,Россия К”, ,,RU TV”, ,,НТВ“, ,,Домашний”, ,,РЕН ТВ”, „Футбол 1“, ,,Премьера”, ,,Кинохит”, ,,Кинопоказ“, ,,Че“, ,,CTC”, „იმედი“, ,,TV 3“(რუსული), ,,Nikelodeon”, „ობიექტივი“, ,,Муз 2 TB“, ,,ტვ პირველი“, ,,Русский роман“, ,,History” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს(ი.ხარებავა) გადაწყვეტილების შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
