შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ვიდეო რგოლთან დაკავშირებით ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისა“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2016 12:19
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016
შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ვიდეო რგოლთან დაკავშირებით ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისა“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების განხილვის თაობაზე
I.საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№შ-7139-16; 19.07.2016) მომართა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“, რომელმაც მოითხოვა კომისიას შეესწავლა შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში 2016 წლის 16-17 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსებული ვიდეო რგოლის საარჩევნო და მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ატარებს, კერძოდ, ვიდეო რგოლი შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმების შესახებ დებულებებს, რაც მთავრობის ქმედებების პოპულარიზაციას ახდენს და რეალურად პოლიტიკური რეკლამის სახეს ატარებს.
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ თავის განცხადებაში უთითებს, რომ ვიდეო რგოლი ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დეფინიციას, რადგან ახდენს მთავრობის მიერ გაწეული რეფორმების რეკლამირებას, რაც იმპერატიულად გამორიცხულია სოციალური რეკლამის განმარტებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ ითხოვს კომისიამ შეისწავლოს რამდენად წარმოადგენს აღნიშნული ვიდეო რგოლი სოციალურ რეკლამას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№შ-6/7676-16; 27.07.2016) მიმართა ასევე პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღიდან სატელევიზიო მაუწყებლების მიერ გადასახადის გადამხდელების ფულით მიმდინარეობს პარტია „ქართული ოცნების“ რეკლამირება ეკონომიკური პროგრამების შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პ/გ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმოებულ საარჩევნო კამპანიას, რაც დაუშვებელია. განმცხადებლის აზრით, მომზადებული სატელევიზიო კლიპი ვერ იქნება განხილული სოციალურ რეკლამად, რადგან მასში ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული სამთავრობო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სამუშაოების დემონსტრირება, რაც არ თავსდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის ჩარჩოებში და ღებულობს პ/გ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი წინასაარჩევნო სააგიტაციო რეკლამის სახეს. შესაბამისად, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს კომისიამ მოახდინოს რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკითხის განხილვა დაინიშნა კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე, სადაც მოწვეულ იქნენ შპს „ტელეიმედი“, ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (N03/3174-16; 18.08.2016) და მოსთხოვა შპს „ტელეიმედის“ ეთერში რეკლამის განთავსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების გადაგზავნა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ლაშხი, ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები თ. ხორბალაძე და გ. ბოჩიკაშვილი.
ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თ. ხორბალაძემ აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნაა, შეისწავლოს კომისიამ, არის თუ არა წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი სოციალური რეკლამა. ასეთი კითხვები მუდამ ჩნდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. საყურადებოა რეკლამის დასაწყისი და დასასრული – „ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მთავრობას აქვს გეგმა, რომლის ოთხივე კომპონენტი ეკონომიკის განვითარებას და თითოეული ადამიანის შემოსავლების ზრდას ემსახურება და ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ბიზნესისთვის გამარტივებული პირობები... და ა.შ.“ მისი აზრით, არის არის განსხვავება ამ სარეკლამო რგოლსა და პ/გ „ქართული ოცნების“ ლიდერების წინასაარჩევნო გამოსვლებს შორის. თ. ხორბალაძის მოსაზრებით, შინაარსობრივად, განსახილველ სარეკლამო რგოლს აქვს წინასაარჩევნო რეკლამის ხასიათი. რაც შეეხება იმას, რომ რგოლში არ არის მითითებული საარჩევნო სუბიექტის ნომერი, განმარტა, რომ მაგალითად „რესპუბლიკურ პარტიას“ ჯერ საერთოდ არ აქვს ნომერი და ამიტომ მის რეკლამებშიც არ არის ნომერი დაფიქსირებული. თ. ხორბალაძის აზრით, სარეკლამო რგოლი არსებული მმართველი გუნდის რეკლამაა.
შპს „ტელეიმეიდის“ წარმომადგენელმა ა.ლაშხმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება მაუწყებლისგან რაიმე მომსახურების შესყიდვა. არის მხოლოდ ერთი დაშვება, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილია – „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით...“ მისი აზრით, კომერციული ტელევიზიის ფუნქციაში არ შედის პარტიების დაპირებების ანალიზი. რეკლამა, რომელსაც წარმოადგენენ დაინტერესებული პირება, იქნება ეს კომერციული, სოციალური თუ ა.შ., არ უნდა იყოს აშკარად ყალბი და არ უნდა არღვევდეს რეკლამის ფორმალურ ნიშნებს. შინაარსობრივ ნაწილში მაუწყებელი ვერ ჩაერევა, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმოდგენილი განცხადება, მისი აზრით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი არის. შპს „ტელეიმედმა“ მის შესაძლებლობაში არსებული ყველა ღონე იხმარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ შესყიდვა სწორად და კანონის ფარგლებში ხდებოდა.
კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე კომისიამ შეისწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილი (25.08.2016 N14/79376), რომელიც კომისიის წერილის (N03/3174-16; 18.08.2016) საპასუხოდ იქნა გამოგზავნილი კომისიაში, ელექტრონული სახით, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (ხელშეკრულება N164 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, 15 ივლისი 2016 წელი და აღნიშნულ ხელშეკრულებაზე 2016 წლის 15 ივლისის შეთანხმება N164/1).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის (25.08.2016 N14/79376) თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სატელევიზიო ეთერში განთავსებული ვიდეორგოლი გადამხდელებს აწვდის ინფორმაციას მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების კუთხით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების თაობაზე. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა მიმდინარე წლის 13 მაისს, რომელიც ძალაში შევიდა 2 ივნისს, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. აღნიშნულ წერილზე თანდართული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N164 გაფორმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (შემსყიდველი) და შპს „ბეთერ ფლაის“ (მიმწოდებელი) შორის და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სარეკლამო კამპანიის გაწევა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-2 და მე-4 პუნქტები შეიცავს მედია გეგმასა და ფასთა ცხრილს, რომელთა თანახმად, მომსახურების პერიოდად განსაზღვრულია 16.07.2016. – 25.07.2016, ასევე მითითებულია სამაუწყებლო არხები, რომლებზედაც უნდა განთავსდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვიდეო რგოლი, ესენია: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეიმედი“ და შპს „სტუდია მაესტრო“, ასევე მითითებულია ვიდეო რგოლის მაუწყებელთა სამაუწყებლო ეთერში განთავსების დრო და ფასები.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:
- ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ განცხადება (№შ-7139-16; 19.07.2016);
- ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წერილი თანდართული მინდობილობით (№შ-6/7462-16; 22.07.2016);
- პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება (№შ-6/7676-16; 27.07.2016);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8280-16; 11.08.2016);
- უწყებათაშორისი კომისიის წერილი;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/7578-16; 26.07.2016) თანდართული CD დისკით;
- კომისიის წერილი (N03/3174-16; 18.08.2016) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილი (25.08.2016 N14/79376);
- შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის ა.ლაშხის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
- ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლების თ. ხორბალაძისა და გ. ბოჩიკაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2016 წლის 16-17 ივლისს შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსდა შემდეგი შინაარსის ვიდეო რგოლი:
,,ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მთავრობას აქვს გეგმა, რომლის ოთხივე კომპონენტი (შენიშვნა: ვიზუალურად ამ ფრაზას თან სდევს ტექსტი: განათლების რეფორმა, ეკონომიკის რეფორმა, სივრცითი მოწყობა, მმართველობის რეფორმა), რომელიც ეკონომიკის გაძლიერებას და თითოეული ადამიანის შემოსავლის ზრდას ემსახურება. ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ბიზნესის წარმოების გამარტივებული პირობები და ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა. მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, მეწარმე მთლიანად თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან. დამატებული ღირებულების გადასახადი დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ს თანხის გადახდისგან. საგადასახადო დავის დროს მეწარმის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება. საგადასახადო შემოწმება ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ. ამოქმედდა დამწყები ინოვაციური ბიზნესების დაფინანსების პროგრამა „სთართ აფ საქართველო“. რეფორმამ შექმნა უკეთესი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის, რაც ყველა ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება. ეკონომიკური რეფორმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის“;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ბეთერ ფლაისთან“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N164 ხელშეკრულების ( გამარტივებული ელექტრონული ტენდერი -SPA160017398) საფუძველზე, შეძენილი აქვს სარეკლამო დრო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეებში.
3. სადაო ვიდეო რგოლი თავისი შინაარსით არ წარმოადგენს არც პოლიტიკურ რეკლამას, არც კომერციულ რეკლამას და არც სოციალურ რეკლამას. ვიდეო რგოლი შეიცავს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და მიმართულია საზოგადოების ინფორმირებისაკენ.
IV. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ნ) ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული რეკლამა არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ)7 ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
- საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერუნდომოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხების გადაწვეტის სასარგებლოდ ან საწინააღდეგოდ;
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსებული იქნა შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში, არ წარმოადგენს არც კომერციულ, არც სოციალურ და არც წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას. ვიდეო რგოლში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მოგებისა და დღგ-ს გადასახადებისაგან განთავისუფლების პირობები, დამწყები ინოვაციური ბიზნესების დაფინანსების პროგრამის ამოქმედება და ა.შ., რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისათვის. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვიდეო რგოლი აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს და სახეზეა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, კანონით დადგენილი წესით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლი ჯ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ნ), წ) და ჰ7 ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 661 მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამსიად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსებული იქნა შპს „ტელეიმედის“ ეთერში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მაუწყებლის მომსახურების შესყიდვად, კანონით დადგენილი წესით.
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელეიმედისთვის“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
