წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 589 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2016 16:41

მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/7610-16;27.07.2016) საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 19 აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის დარღვევის გამო. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 8 ივნისიდან. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია და საკუთარ ვებ-გვერდზე არ აუტვირთავს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათებიდან (№შ-10/8406-16;15.08.2016; №შ-10/8599-16; 18.08.2016) ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში პ/გ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდა 2016 წლის 10 ივლისს, პ/გ „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა 2016 წლის 21 ივლისს.

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ საერთო მაუწყებლებს და მათ შორის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, 2016 წლის 25 მაისს გაეგზავნათ კომისიის წერილი (04/1542-16; 25.05.2016), რომლის თანახმად, მათ ეცნობათ, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან, მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან, რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ. აღნიშნული წერილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ჩაბარდა 2016 წლის 30 მაისს, თუმცა ტელეკომპანიას ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სათვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 25 აგვისტოს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თ. მურადაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ არ დაურღვევია საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. მისი განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მკაფიოდ ადგენს, რომ მაუწყებელს ინფორმაციის გამოცხადებისა და კომისიისთვის გადაცემის ვალდებულება წარმოეშობა კენჭისყრამდე „არაუგვიანეს 50-ე დღიდან“, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის წარმოადგენს 2016 წლის 19 აგვისტოს. თ. მურადაშვილის მოსაზრებით, კანონის ნორმა გულისხმობს, რომ მაუწყებლისთვის დადგენილი ვალდებულება იწყება არაუგვიანეს 50-ე დღიდან, 19 აგვისტოდან, ე.ი. ამგვარი ვალდებულების შესრულება 2016 წლის 19 აგვისტოზე გვიან, მაგალითად 21 აგვისტოს უკვე ითვლება დაგვიანებულად/დარღვევად. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლის განცხადებით, სიტყვათა წყობას „არაუგვიანეს“ კანონმდებელი იყენებს არერთ ნორმატიულ აქტში, სადაც ყველგან იკითხება, როგორც ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული უკიდურესად ბოლო ვადა, ე.ი. კონკრეტულ სუბიექტს არ წარმოეშობა რაიმე ქმედების განხორციელების ვალდებულება კონკრეტულ ბოლო დღემდე. მისი მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიის მიერ დადგენილი იქნება სადავო ნორმის ინტერპრეტაციის ფარგლებში მაუწყებლის მხრიდან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისი ნორმის დარღვევა, არ შეიძლება მაუწყებელს დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი მცირემნიშვნელობის გამო, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  50-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 51-ე მუხლი მე-6 პუნქტით სავალდებულო/იმპერატიული ხასიათის დარღვევა იქნებოდა ვალდებულების შეუსრულებლობა მხოლოდ 50-ე დღეზე გვიან ვალდებულების შეუსრულებლობა.  თ. მურადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას და იწვევს ნორმის არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას, ე.ი. აყალიბებს ნორმის არაგანჭვრეტად ხასიათს, რაც საარჩევნო კოდექსით მკაფიოდ განსაზღვრულ ნორმის შინაარსთან წინააღმდეგობაში მოდის. მსგავსი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმა გამოდის ბუნდოვანი, ვინაიდან შემზღუდველი და ამკრძალავი ნორმები არ არის განჭვრეტადი. ამგვარი ინტერპრეტაცია კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე N1/3/407-26.12.2007).

კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/7610-16;27.07.2016);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8406-16;15.08.2016) თანდართული 2 CD ;
  3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8599-16; 18.08.2016);
  4. კომისიის შეტყობინება (03/3189-16; 19.08.2016) და აღნიშნული შეტყობინების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. კომისიის წერილი (04/1542-16; 25.05.2016) მაუწყებლებს და აღნიშნული წერილის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (№შ-6/5496-16 15.06.2016);
  7. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (№შ-6/8784-16  22.08.2016);
  8. კომისიის წერილი (№04/2071-16; 17.06.2016)  და აღნიშნული   წერილის          შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  9. მონაცემები სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან (www.matsne.gov.ge);
  10. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  11. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თ. მურადაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები და წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია.

კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი; 15.07.2015);
  2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (03.06.2016; №03/06/02) საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2016 წლის 8 ოქტომბერს. აღნიშნული განკარგულება სსიპ „საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებ-გვერზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნდა 2016 წლის 8 ივნისს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე;
  3. კომისიის 2016 წლის 25 მაისის №04/1542-16 წერილით მაუწყებლებს, მათ შორის, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობათ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა 2016 წლის 8 ივნისს და ამავე წერილით ეცნობათ წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელთა ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული წერილი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ჩაბარდა 2016 წლის 30 მაისს;
  4. 2016 წლის 15 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განცხადება (№შ-6/5496-16), რომლითაც მოთხოვნილი იყო კომისიას ეცნობებინა განმცხადებლისთვის, თუ როდიდან წარმოეშობოდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება. კომისიის წერილით (№04/2071-16; 17.06.2016)  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს განმეორებით ეცნობა, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებლის მიერ პოლიტიკური/წინასაარჩევნო უფასო რეკლამის განთავსების  ვალდებულების 2016 წლის  8 ივნისიდან წარმოშობის თაობაზე. კომისიის აღნიშნული წერილი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა 2016 წლის 20 ივნისს;
  5. 2016 წლის 10 ივლისს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა პ/გ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, ხოლო 2016 წლის 21 ივლისს შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა პ/გ „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა;
  6. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა (№შ-6/8784-16; 22.08.2016) კანონდარღვევით, კერძოდ ინფორმაცია გამოგზავნილ იქნა კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე 2016 წლის 19 აგვისტოს, პარასკევს, სამუშაო საათების ამოწურვის შემდგომ, შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიაში გატარდა 2016 წლის 22 აგვისტოს. გარდა ამისა, ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა არასრულად, ვინაიდან, ნაცვლად 12-19 აგვისტოს ინფორმაციისა, ტელეკომპანიამ წარმოადგინა 8-15 აგვისტოს ინფორმაცია, რაც შეეხება მომდევნო კვირის ინფორმაციას, საერთოდ არ წარმოუდგენია.
  7. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

II. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
  2. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე;
  6. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
  7. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე;
  8. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თარიღი) ორშაბათამდე (თარიღი) ერთი კვირის პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დრო;

ა.ბ) 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

ა.გ) საეთერო დროის ტარიფი;

ა.დ) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) განმავლობაში გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

ა.ე) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით;

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისას, კომისიამ იხელმძღვანელა არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, მაუწყებლებისთვის კანონით დადგენილი ვალდებულებებიდან და კანონის მიზნიდან გამომდინარე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად,  ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;  51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. თავის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. (ამ შემთხვევაში 8 ივნისს). ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ამდენად, მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქებისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გახადოს საჯარო და წარუდგინოს ინფორმაცია კომისიას: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია იწყება უფრო ადრე ვიდრე კენჭისყრამდე 50-ე დღეა და მაუწყებელი დაუთმობს საეთერო დროს წინასაარჩევნო აგიტაციასა და რეკლამას, იგი ვალდებულია დაიცვას სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპი, რისი მონიტორინგის საშუალებაც უნდა მიეცეს კომისიას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, კენჭისყრამდე 50-ე დღემდე საკუთარ სამაუწყებლო ეთერში განათავსა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები. ამასთან, მაუწყებელი კომისიის მიერ წერილობით ინფორმირებული იყო საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღისა და საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებების, მათ შორის,  წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით კომისიისთვის ინფორმაციის ყოველკვირეულად მიწოდების ვალდებულების, მის მიმართ 2016 წლის 8 ივნისიდან ამოქმედების შესახებ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია, რითაც დაარღვია    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე იდენტური/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისთვის. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება.

კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უნდა დაევალოს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენა ყოველკვირეულად, წინასაარჩევნო კამპანიის დარჩენილ პერიოდზე, კანონით დადგენილი წესით.

III.სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-15 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, კენჭისყრამდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტითა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
  3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარებიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის“   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);                                                                                           

 

კომისიის თავმჯდომარე                        ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრები:                                  ელისო ასანიძე

 

                                                                 კახი ბექაური

 

                                                                 გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები