შპს „იბერია-TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2016 17:49
მიღების თარიღი იანვარი 28, 2016
შპს „იბერია-TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის Nშ-10/8683-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,იბერია TV”-ის 2015 წლის ოქტომბრის თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „იბერია TV”-იმ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე განათავსა მხატვრული ფილმები „Götterdämmerung – Morgen stirbt Berlin” და „Thoroughly Modern Millie”. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიამ 2015 წლის 29 ოქტომბერს მიმართა შპს „იბერია -TV“-ს და მოსთხოვა ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „იბერია TV”-ის 2015 წლის 10 ნოემბრის Nშ-6/ 8636-15 საპასუხო წერილის შესაბამისად, კომპანიას ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია, რის გამოც მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „იბერია TV”-ის მიერ აღნიშნული მხატვრული ფილმების ჩვენება ხორციელდება არამართლზომიერად. სამსახურებრივ ბარათს ერთვის კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის N04/2502-15 წერილი და შპს „იბერია TV”-ის 2015 წლის 10 ნოემბრის Nშ-6/8636-16 საპასუხო წერილი და ასევე, შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერი (CD დისკი). შპს „იბერია TV”-ის 2015 წლის 29 ოქტომბრის N04/2502-15 წერილის თანახმად, შპს „იბერია TV”-ს მხატვრული ფილმების „Götterdämmerung – Morgen stirbt Berlin” და „Thoroughly Modern Millie” საქართველოს ტერიტორიაზე მართზლომიერი ჩვენების უფლება მოპოვებული ჰქონდა Canal France International-ისგან 2002 წელს ორი წლის ვადით. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ არხზე მიმდინარეობს რეორგანზიაცია და რეორგანიზაციის ფარგლებში სამაუწყებლო ბადე შევსებულია ძველი საარქივო პროგრამით. მაუწყებლის განცხადებით, ზემოაღნიშნული ფილმები სამაუწყებლო ბადეში ავტომატურად იქნა განთავსებული, თუმცა, ამ ეტაპზე აღმოფხვრილია ხარვეზი და მკაცრად კონტროლდება სამაუწყებლო ბადეში განთავსებული თითოეული პროგრამა თუ სხვა ნებისმიერი მასალა, რის საფუძველზეც კომპანიამ კომისიისგან ითხოვა ზემოაღნიშნული ფაქტი საპატიო მიზეზად ჩაეთვალა.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაუბრუნდა 2015 წლის 11 ნოემბრის Nშ-10/8683-16 სამსახურებრივი ბარათი მონიტორინგის ჩატარების თარიღის მიუთითებლობის გამო. კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 16 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის Nშ-10/9881-15 დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათი და თანდართული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „იბერია TV“-ის შემოწმება 2015 წლის 26 ოქტომბერს. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის Nშ-10/9881-15 სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის მონიტორინგის შედეგების აღწერილობა დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით, კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის N04/2502-15 წერილი და შპს „იბერია TV”-ის 2015 წლის 10 ნოემბრის Nშ-6/8636-16 საპასუხო წერილი და შპს „იბერია TV”-ის 2015 წლის 26 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადე.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის Nშ-10/8683-16 და 16 დეკემბრის Nშ-10/9881-15 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2016 წლის 11 იანვარს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,იბერია TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 28 იანვარს, რის თაობაზეც შეტყობინებით (N03/64-16; 11.01.2016) ეცნობა შპს „იბერია TV”-ის და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით 2016 წლის 28 იანვარს გამართულ კომისიის სხდომაზე შპს ,,იბერია TV“--ის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, თუმცა, კომისიის შეტყობინება N03/64-16; 11.01.2016) შპს ,,იბერია TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ მას ჩაბარდა 2016 წლის 11 იანვარს (გზავნილის კოდი: 070000015842). კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,იბერია TV“-ის დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის Nშ-10/8683-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის N04/2502-15 წერილი;
- შპს „იბერია TV”-ის 2015 წლის 10 ნოემბრის Nშ-6/8636-16 საპასუხო წერილი;
- სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი – 1 CD;
- მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის Nშ-10/9881-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (მათ შორის, მონიტორინგის ამსახველი შედეგების აღწერილობა, შპს ,,იბერია TV-ის 2015 წლის 26 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადე);
- კომისიის 2016 წლის 11 იანვრის N03/64-16 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „იბერია TV”-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:070000015842);
- შპს „იბერია TV“-ის შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „იბერია TV” წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორზაციის თარიღი: 14.07.2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის აღწერილობა: შპს "იბერია-TV" ამზადებს და ტელეეთერით გადასცემს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, საბავშვო, შემეცნებითი, გასართობ, ინტელექტუალურ და დოკუმენტურ გადაცემებს);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,იბერია TV”-ის 2016 წლის 26 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს, შპს „იბერია TV“-იმ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსა მხატვრული ფილმები: „Götterdämmerung – Morgen stirbt Berlin” და „Thoroughly Modern Millie”;
- 2015 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით და ასევე, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის შპს „იბერია TV”-ის კომისიაში არ წარმოუდგენია მხატვრული ფილმების „Götterdämmerung – Morgen stirbt Berlin” და „Thoroughly Modern Millie”; საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, სანებართვო წერილი);
- შპს „იბერია TV“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მხატვრული ფილმების „Götterdämmerung - Morgen stirbt Berlin“ და „Thoroughly Modern Millie” საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე სამაუწყებლო ბადეში განთავსებით შპს ,,იბერია TV“-ის მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტი ა) და ვ) ქვეპუნქტი, რის გამოც მას უნდა მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „იბერია TV”-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმების „Götterdämmerung - Morgen stirbt Berlin“ და „Thoroughly Modern Millie” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში, შემდგომში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „იბერია TV”-ის მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- შპს „იბერია TV”-ის აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმების „Götterdämmerung - Morgen stirbt Berlin“ და „Thoroughly Modern Millie” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,იბერია TV“-თვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,იბერია TV’’-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,იბერია TV“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,იბერია TV“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
