რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2016 12:50
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2016
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6813-16, 14.07.2016) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიამ ვერ მოიძია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (982,084.50 ლარი) გადასახდელად საჭირო თანხები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2026 წლის 2 ივნისამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ± 3 მჰც, დანიშნულება - ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 982,084.50 ლარის ოდენობით. კომპანიას თანხა უნდა გადაეხადა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ივლისამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 აგვისტომდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 სექტემბრამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ოქტომბრამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ნოემბრამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 დეკემბრამდე.
კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ არ განხორციელებულია 2016 წლის 2 ივლისამდე გადასახდელი თანხის (163 680.75 ლარი) ჩარიცხვა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. ამავე დროს კომპანიის მიერ სწორედ მითითებული თანხის გადაუხდელობის გამო მოთხოვნილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2016 წლის 28 ივლისის №520/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის 25 აგვისტოს 15:00 საათზე.
2016 წლის 25 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებას” წარმომადგენელი. სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს ”საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს ”საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე