შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2016 18:15
მიღების თარიღი იანვარი 28, 2016
შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ (№შ-6/2443-15; 28.04.2015) და მოითხოვა შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების საერთაშორისო დასრულების ტარიფით დათვლის შესახებ შპს ,,მაგთიკომის“ მოთხოვნისა და შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების დასრულების მის მიერ განსაზღვრული ტარიფის უკანონოდ ცნობა და შპს ,,მაგთიკომისთვის“ არსებული რეგულაციებისა და კანონის მიხედვით მოქმედების დაკისრება.
შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ კონტაქტ ცენტრში ვებ-სივრცის, ელექტრონული ფოსტის და/ან ნებისმიერი სხვა ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე ახორციელებდა ადგილობრივი და საერთაშორისო ზარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, უცხოელი პარტნიორების დაკვეთით. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, სერვისის განხორციელება კომპანიამ დაიწყო 2015 წლის 2 მარტს, ხოლო ამავე წლის 10 მარტს შეაჩერა მომსახურების მიწოდება, მობილური ოპერატორების მხრიდან მათ ქსელში საერთაშორისო ტერმინაციაზე ეჭვის გაჩენის გამო. შპს ,,გ,ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, მიმდინარე წლის 3 აპრილს შპს ,,მაგთიკომის“ საბილინგო სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნა შედარების აქტი, რომელშიც მარტის თვეში, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში დასრულებული ზარები ჩათვლილი იყო როგორც საერთაშორისო ზარების დასრულება. ამასთან, ამავე აქტში მითითებული იყო ადგილობრივი ტრაფიკის დასრულების მონაცემებიც. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ ელექტრონული ფოსტით მიმართა შპს ,,მაგთიკომის“ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს, რათა განემარტათ, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა ზარების გარკვეულ რაოდენობაზე საერთაშორისო დასრულების კატეგორიის მინიჭება. აღნიშნულის დასადასტურებლად შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ კომისიაში წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომისთვის“ 2015 წლის 6 აპრილს გაგზავნილი ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი. საჩივრის ავტორის განცხადებით, შპს ,,მაგთიკომისთვის“ გაგზავნილ წერილს ერთვოდა საბილინგო მონაცემები მარტის თვეში განხორციელებულ ზარებზე და დეტალური ჩანაწერები (CDR). შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ განცხადებით, შპს ,,მაგთიკომიდან“ არ მიუღია არც დეტალური ჩანაწერები და არც რაიმე განმარტება, ხოლო მიმდინარე წლის 14 აპრილს შპს ,,მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, სადაც მის მობილურ ქსელში ზარების ნაწილის დასრულება დათვლილი იყო საერთაშორისო ტარიფით, ნაწილის კი - ტარიფით 0.04 თეთრი. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებით, მან ოფიციალურად მიმართა შპს ,,მაგთიკომს“, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის კატეგორიის მინიჭებისა და ადგილობრივ ტარიფთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ უკანონოდ იქნას ცნობილი:
- შპს ,,მაგთიკომის“ მოთხოვნა მის მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების საერთაშორისო დასრულების ტარიფით დათვლის შესახებ;
- შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ადგილობრივი ზარების დასრულების მის მიერ წარმოდგენილი ტარიფი (4 თეთრი).
შპს ,,მაგთიკომთან“ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ საჩივართან ერთად წარმოადგინა თავისი 2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 და 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 წერილები, შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის მარტის თვის შედარების აქტი მის მობილურ ქსელში დასრულებულ ზარებთან დაკავშირებით, კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 6 მარტის ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი და შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საბილინგო მონაცემები მიმდინარე წლის მარტის თვეში განხორციელებული ზარების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 5 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ,,მაგთიკომის“ საჩივარი (№შ-6/2705-15, 05.05.2015), რომელსაც ერთვის შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 6 მარტის №15/040-5 განცხადება, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 და 2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 წერილები და კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი. შპს ,,მაგთიკომის“ საჩივრის თანახმად, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ხორციელდება საერთაშორისო ზარების დასრულება შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში ადგილობრივი ნომრებით. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ დანერგილი მომსახურების სქემა იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო ზარის დასრულებისას კომპანიამ თავი აარიდოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფების გადახდას, ვინაიდან შეუძლებელი ხდება შპს ,,მაგთიკომმა“ საკუთარი ძალებით დაადგინოს, ადგილი აქვს ხსენებული სერვისით განხორციელებულ ზარს თუ საერთაშორისო ზარის წამომწყები ნომრის შეცვლას. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შემოთავაზებული სქემით საერთაშორისო ზარების დასრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე დადგენილ რეგულაციებს. შპს ,,მაგთიკომის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ ოფერტის 2.3.6-2.3.8 პუნქტების შესაბამისად, არ აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების გარანტია. ამასთან, ამავე ოფერტის 11.7 პუნქტის თანახმად, მე-11 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად და ოპერატიული რეაგირების მიზნით, ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკის (fraud) (ზარის წამომწყები ნომრის შეცვლის/გადაკეთების ან სხვა შემთხვევაში, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს თაღლითური ქმედების (fraud) არსებობაზე) აღმოჩენის შემთხვევაში, შპს ,,მაგთიკომი“ იტოვებს უფლებას შეაჩეროს ზარების მიღება კონკრეტული მიმართულებებიდან, რის შესახებაც ოპერატიულად აცნობებს ურთიერთჩართულ პირს, კომისიას და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკი ჩაითვლება საერთაშორისო ტრაფიკად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, ოფერტის მუხლებზე დაყრდნობით, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის ქსელში ზარის დასრულების მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 11,998.47 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ადგილი აქვს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ხელშეკრულების (ოფერტის) პირობების შეუსრულებლობას და ითხოვს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიამ მისცეს თანხმობა შპს ,,მაგთიკომს“ შეუწყვიტოს შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიას“ ამ უკანასკნელის მიერ შემდეგი სამივე პირობის დაკმაყოფილებამდე:
- შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ არსებული დავალიანების სრულ დაფარვამდე;
- შპს ,,გსი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ მოწვევის ოფერტით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენამდე;
- შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომთან“ ახალი მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებამდე;
2. განმარტოს კომისიამ რამდენად შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, კომისიის გადაწყვეტილებებთან, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საერთაშორისო ზარების შემოტანა/დასრულება ადგილობრივი ნომრით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული სქემით საერთაშორისო ზარის დასრულება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ ასეთი ზარი მიჩნეული უნდა იყოს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ზარად;
3. საკითხის საფუძვლიანად შესწავლისთვის, კომისიამ დაადგინოს, თუ რომელი პარტნიორი კომპანიების საშუალებით ახორციელებს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ საერთაშორისო ზარების შემოტანას, რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები გააჩნიათ აღნიშნულ კომპანიებს და ასევე, კომისიამ გამოითხოვოს პარტნიორ-კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2015 წლის 13 მაისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (№03/667-15;05.05.2015; №03/669-15; 05.05.2015) ეცნობათ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში 2015 წლის 13 მაისამდე. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 13 მაისს, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე და კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ გოგიჩაიშვილი და შპს ,,მაგთიკომის“ იურისტი დავით ძიძიგური და კომპანიის ფინანსური დირექტორი რევაზ კოპალაძე.
შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიების“ მიერ კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომპანიის 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ არ ახორციელებს გამავალ საერთაშორისო ზარს შემკვეთი აბონენტის ნომერზე და ამ აბონენტთან კომუნიკაცია ხორციელდება პარტიორის კონტაქტ ცენტრიდან. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ არავითარი ზარი - არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ნომრით თუ ფორმატით შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის სადგურზე არ შედის, ხოლო გამავალი ზარები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, წესისამებრ, ხორციელდება შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ნომრით. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილში ადასტურებს აქცეპტს შპს ,,მაგთიკომის“ ოფერტაზე, თუმცა, მისი განმარტებით, ურთიერთჩართვა და შესაბამისი ხელშეკრულება აქვს 2008 წლიდან, რის გამოც ოფერტის 2.3.6-2.3.7 პუნქტებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების შესრულების თაობაზე პირობები კომპანიის მიმართ არ მოქმედებს. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილის თანახმად, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ არ აწარმოებს საერთაშორისო ზარების ტერმინაციას საქართველოში, რის გამოც კომპანიის მიმართ არ მოქმედებს ოფერტის 2.12 და 2.3.8 პუნტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისა და ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პირობები. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია არ ყოფილა შპს „მაგთიკომის“ არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა სიაში. შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილის თანახმად, შპს „მაგთიკომი“ და სხვა მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები ახორციელებენ სერვისებს ე.წ. call back და usdd ტექნოლოგიების გამოყენებით, რის მაგალითსაც წარმოადგენს სერვისი ,,მოგზაური“ - იაფი როუმინგი, „ზარის გაშვება“, „გადმომირეკე“ თუ სხვა სერვისები.
2015 წლის 13 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ განცხადება (№შ-6/2868-15; 13.05.2015), რომლითაც მოთხოვნილია კომისიის მიერ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 და შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2705-15 საჩივრების ერთობლივად განხილვა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის ოდენობა (0.04 თეთრი) შეცდომით იყო მითითებული შედარების აქტში, რაც მყისიერად გამოსწორდა და აღნიშნულის შესახებ ეცნობა, როგორც კომპანიას, ისე კომისიას.
2015 წლის 13 მაისის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს მათ მიერ კომისიაში წარდგენილ საჩივრებსა და განცხადებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები.
შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებების, შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებების, მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგია“ და შპს ,,მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხის განხილვა შედიოდა კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყებულიყო დავის განხილვა შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის. ამასთან, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2705-15 საჩივარში მოცემული მოთხოვნები სამართლებრივად დაკავშირებული იყო შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 საჩივარში აღნიშნულ საკითხთან. შესაბამისად, კომისიის აზრით, შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა მისი და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საჩივრების ერთობლივად განხილვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვას. კომისიამ ასევე, მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისგან“ პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ უნდა დავალებოდა 2015 წლის 20 მაისამდე კომისიაში ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებთან ერთად, მასსა და პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტის (მომსახურების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე), მიღება-ჩაბარების აქტის (მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე), მომსახურების გაწევაზე გამოწერილი ინვოისის (მომსახურების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე) კომისიაში წარმოდგენა. გარდა ამისა, კომისიამ მიიჩნია,რომ მხარეებს უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა შეთანხმებულიყვნენ სადავო საკითხზე და დავა მორიგებით დაესრულებინათ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის 2015 წლის 13 მაისის N253/16 გადაწყვეტილებით, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ მოსარიგებლად განესაზღვრათ ვადა 2015 წლის 28 მაისამდე, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე, ხოლო შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ დაევალა 2015 წლის 20 მაისამდე კომისიაში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ა) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღწერილი მომსახურების თაობაზე პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულება;
ბ) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღწერილ მომსახურებასთან დაკავშირებით მასსა და პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტი (მომსახურების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე);
გ) შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარში აღწერილ მომსახურებასთან დაკავშირებით მასსა და პარტნიორ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღიდან 2015 წლის 13 მაისამდე პერიოდზე). ამავე გადაწყვეტილებით, კომისიამ გადაწყვიტა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის №შ-6/2443-15 და შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის №შ-6/2705-15 საჩივრების ერთობლივად განხილვა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ განცხადება (№შ-6/2998-15; 28.12.15), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „VI TRADE“ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ 2015 წლის 26 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „VI TRADE“ შორის გაფორმებული შედარების აქტი (2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის 10 მარტამდე), მომსახურების ინვოისი და შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საბანკო ამონაწერი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ. გოგიჩაიშვილის 2015 წლის 22 მაისის №შ-10/3307-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა შპს „გსი ტექნოლოგიების“ საანალიზო პერიოდის CDR –ბის, შპს „გსი ტექნოლოგიებისა“ და მის პარტნიორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების, შედარების აქტის, ინვოისა და საბანკო ამონაწერის შესწავლის საფუძველზე გამოარკვია, რომ:
ა) შპს „გსი ტექნოლოგიების“ მიერ წარმოდგენილი CDR –ბის მიხედვთ ირკვევა, რომ 1) CDR-ში საერთაშორისო შემომავალი ზარი არ ფიქსირდება, ხოლო გამავალი ზარი განხორცილებულია, როგორც საერთაშორისო ოპერატორების, ასევე მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით და 2) საერთაშორისო ოპერატორების მიმართულებით გამავალი ტრაფიკის ჯამი, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით განხორცილებეული ტრაფიკის ჯამის ტოლია;
ბ) შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიების“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და 2014 წლის 14 აპრილის №შ-6/1868-15 წერილის მიხედვით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ზარის განხორციელება ხდება შემდეგი სქემით - შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ ტექსტური შეტყობინების საფუძველზე ღებულობს შეკვეთას, რომელშიც მითითებულია ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და დაკავშირებისთვის სასურველი დრო, ხოლო კომპანიის ქოლ-ცენტრიდან ხორციელდება ერთი მხრივ გამავალი საერთაშორისო ზარი გამოსაძახებელ აბონენტთან და მეორე მხრივ გამავალი ადგილობრივი ზარი გამომძახებელ აბონენტთან, ამით შემკვეთი აბონენტი უკავშირდება დასაკავშირებელ აბონენტს;
გ) შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ მოწოდებული ფინანსური (შესაბამისი პერიოდის ინვოისი, ხელშეკრულება, შედარების აქტი და საბანკო ამონაწერი) ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „გსი ტექნოლოგია“ პარტნიორი კომპანიისთვის „ბ“ პუნქტში აღწერილი მომსახურების გაწევისთვის იღებს ანაზღაურებას 0,074 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ მის მიერ განხორციელებული საერთაშორისო გამავალი ზარების ტერმინაციისთვის შპს „VI Trade“-ს უხდის ანაზღაურებას 0,005 აშშ დოლარის ოდენობით. კომპანიის მიერ პარტნიორ ოპერატორთან გაფორმებულ შედარების აქტში ტრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია ემთხვევა კომისიისთვის CDR-ბით მოწოდებულ ინფორმაციას.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „გსი ტექნოლოგიების“ მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, შპს „გსი ტექნოლოგიების“ მიერ შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის 11 მარტამდე პერიოდში დასრულებული სატელეფონო ზარები შპს „გსი ტექნოლოგიების“ ადგილობრივი სატელეფონო ქსელიდან შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გამავალი ადგილობრივი ზარებია, ხოლო შპს „გსი ტექნოლოგიების“ ადგილობრივი სატელეფონო ქსელიდან პარტნიორი კომპანიის (VI Trade Ltd) მიმართულებით განხორცილებული ზარები წარმოადგენს გამავალ საერთაშორისო ზარებს. ამასთან, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ. გოგიჩაიშვილის განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო ზარის განხორცილების მარშუტი ეკონომიკური შინაარსით არის საერთაშორისო ზარის განხორცილების ისეთი ალტერნატიული საშუალება, როგორიცაა, ე.წ „ქოლ ბექი“, რომელსაც საქართველოში იყენებს მობილური კომპანიები მომხმარებლებისათვის იაფი როუმინგული მომსახურების მისაწოდებლად. ამავე სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირების მიერ ადგილობრივი ზარების საერთაშორისო ზარებისგან გარჩევადობა შესაძლებელია ე.წ „A” ნომრის საშუალებით და საერთაშორისო ზარის შემომტანი ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ზარის „A” ნომრით შემოტანა, ხოლო მიმღები ოპერატორი ვალდებულია შემომავალი ზარი „A” ნომრის გარეშე არ მიიღონ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 მაისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორი გ. ჩიკვაიძე და დამფუძნებელი ზ. გოგიჩაიშვილი, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები გ. კოშორიძე და დ. ძიძიგური. კომისიის სხდომაზე გ. კოშორიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ ქსელში შპს „გ.ს. ი ტექნოლოგიიდან“ ზარი შემოდიოდა „A“ ნომრის გარეშე, შპს „მაგთიკომი“ არ განახორციელებდა ამ ზარების მიღებას. მან ასევე დაამატა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ–ცენტრი არ იძლევა ზარის წამოწყების იდენტიფიცირების საშუალებას. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ აბონენტს „A” ნომრად გადაეცემა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ–ცენტრის ნომერი, რაც არ იძლევა იმის იდენტიფიცირების საშუალებას, თუ ვინ არის რეალურად ზარის წამომწყები. ასეთი ზარის მიღება და გატარება შპს „მაგთიკომს“ კანონით აქვს აკრძალული.
კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა გ. კოშორიძემ აღნიშნა, რომ ტექნიკურად მოხდა შემდეგი: ზარი გადაკეთდა ისე, რომ ზარის განმახორციელებელმა აბონენტმა არ იცოდა ამის შესახებ. მისი განმარტებით, შუალედური კომპანიების მიერ ხდება ზარის გადაკეთება, მისი თვისობრივი არსის შეცვლა იმისათვის, რომ იყოს შესაძლებელი სახელმწიფო გადასახადების გადახდისა და კომისიის დადგენილების შესრულებისგან თავის არიდება.
კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორმა გ. ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ ზარი იყო წამოწყებული შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლ-ცენტრის მიერ და მას „A” ნომრად მიყვება ქოლ-ცენტრის ნომერი. მისი განმარტებით, „A” ნომერი შეუძლებელია რომ იყოს უცხოელის ნომერი, ვინაიდან უცხოელი არ რეკავს საქართველოში. მისი განცხადებით, საქართველოდან ირეკება უცხოეთში და საქართველოდან ირეკება საქართველოში. შესაბამისად, „A” ნომერი არის ქართული, უცხოეთშიც და საქართველოშიც. კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე გ. კოშორიძემ დაადასტურა, რომ შპს „მაგთიკომის“ როუმინგის მომსახურება - „მოგზაური“ ტექნიკურად შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მომსახურების იდენტურია. თუმცა, „მოგზაურის“ შემთხვევაში ფორმდება ხელშეკრულება კონკრეტულ აბონენტთან, რომელსაც აქვს საშუალება 2 გზით განახორციელოს ზარი, კერძოდ, ჩვეულებრივი აკრეფით, ასეთ შემთხვევაში ზარი მიდის საერთაშორისო ხაზით და ასევე, იმისათვის, რომ გაიაფებულიყო როუმინგის ტარიფები, აბონენტი, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, იყენებს კომპანიის ქოლ–ცენტრს. მან ასევე დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც აბონენტს სურს ე.წ. call me back–ის, ანუ დაკვეთის სერვისით ისარგებლოს, დაკვეთას აკეთებს აბონენტი, წინასწარ არჩევით, ან კრიფავს სპეციალურ ნიშნებს და ნომერს, ან აკრიფავს პირდაპირ ნომერს. შპს „მაგთიკომის“ იურისტმა დ. ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ნომრის შეცვლას და ზარი შემოდის წამომწყების ნომრით სადგურზეც და აბონენტთანაც.
საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით კომისიამ გადადო სხდომა 2015 წლის 4 ივნისისთვის, რის თაობაზეც მხარეები კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 4 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორი გ. ჩიკვაიძე და დამფუძნებელი ზ. გოგიჩაიშვილი, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები გ. კოშორიძე და დ. ძიძიგური. კომისიის სხდომაზე შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორმა გ. ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ მის კომპანიაში შემოდიოდა ადგილობრივი ზარები და არა საერთაშორისო ზარები. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიებისთვის“ 11,998.47 ლარის დარიცხვის სისწორეს და რომ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ შპს „მაგთიკომისთვის“ უნდა გადაეხადა გამავალი სატელეფონო ზარების მის ქსელში დასრულების ღირებულება - დაახლოებით 1,200.00 ლარი.
კომისიის სხდომაზე გ. ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ ჰყავს პარტნიორი, რომელიც იღებს ზარების დაკვეთებს სხვადასხვა გზით, მაგალითად, ირეკება მათ ნომერზე, DTMF-ით იკრიფება სასურველი ნომერი და ხდება შეერთება. მისი განმარტებით, კომპანიის ყველა გამავალი ზარი აქვს მხოლოდ ქოლცენტრის ნომრებზე და ის არ რეკავს ბოლო აბონენტთან. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკვეთა კომპანიაში შემოდის შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტიორთან, ხოლო შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიაში“ დაკვეთა შემოდის ტექსტური სახით, სადაც მითითებულია საწყისი ნომერი, პარტნიორის ქოლცენტრის ნომერი და თბილისის ის ნომერი, რომელზეც სურთ დაკავშირება. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ აქვს სამი ნომერი, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებს დაკავშირებას. პირველ რიგში კომპანია უკავშირდება პარტნიორის ქოლცენტრის ნომერს, კავშირის დამყარებისას, შპს „გ.ს.ი ტექნოლოგია“ ახორციელებს ადგილობრივ ზარს, უკავშირდება მაგალითად, შპს „მაგთიკომის“ ნომერს და შემდგომ ამ ორ ზარს აერთიანებს. მან ასევე დაადასტურა, რომ კომპანია IP არხს არ იყენებდა. შპს „მაგთიკომის“ იურისტმა დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ ქსელის მიმართულებით შეჩერებული იყო ზარების განხორციელება, თუმცა, არხი ღია იყო და კომპანიას ის არ ჩაუკეტავს.
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საერთაშორისო ზარების განხორციელების ფაქტის დასადგენად აუცილებელი იყო შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ შემოწმება, კომპანიის მიერ სადავო მომსახურების სატეტსო რეჟიმში ხელახლა ჩართვის პირობებში. მხარეებმა დაადასტურეს, რომ არ იყვნენ წინააღმდეგი დროებით აღდგენილიყო მომსახურება შემოწმების ჩატარებისა და საკითხის სათანადოდ შესწავლის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ გამოაცხადა შესვენება, დაავალა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ ტექნიკური საშუალებების მომზადება, მომსახურების გააქტიურება და აღნიშნულის შესახებ კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა შემდგომი მონიტორინგის ჩატარების მიზნით, ხოლო კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ც. უჯმაჯურიძეს და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს დ. ქუთათელაძეს დაევალათ შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9688-15 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ მათ მისცა დაშვება მის მფლობელობაში არსებულ პროგრამულ კომუტატორებზე და სერვერებზე არსებულ ინფორმაციასთან, საიდანაც რეალურ დროში შეიძლება ზარების დეტალური ჩანაწერების მიხედვით გაკეთდეს განხორციელებული ზარების მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგია“ იღებს ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავს გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს (ინდექსი: 9085073009XX). ჩანაწერის მიხედვით, შპს „გ.ს.ი ტექნოლოგია“ ერთდროულად ახორციელებს ადგილობრივ სატელეფონო ზარს და გამავალ საერთაშორისო ზარს პარტნიორი კომპანიის „B“ ნომერზე (9085073009XX). ამავე სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ჩანაწერში არ ჩანს საზღვარგარეთიდან დაკავშირების მსურველი (პირობითად „ა“ ნომრის მფლობელი) აბონენტის ნომერი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მოსაზრებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მუშაობის სქემის თანახმად, შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტნიორი ოპერატორი იღებს საერთაშორისო ზარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოში ზარებს ასრულებს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ საშუალებით საერთაშორისო ზარებზე დაწესებული რეგულირების გვერდის ავლით, ახდენს ზარების ტრანსფორმაციას ტექსტურ ფორმატში და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ მიღებული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკურად ერთდროულად ახორციელებს 2 გამავალ ზარს. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ც. უჯმაჯურიძე და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დ. ქუთათელაძე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიისთვის“ არ არის ცნობილი ზარის წამომწყები აბონენტის ნომერი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9688-15 მოხსენებითი ბარათში აღნიშნულია, რომ მათი მოსაზრება ეყრდნობა რეალურ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2015 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის თანამშრომლის სატელეფონო ნომერზე 577737XXX, რომელთანაც ზარი განხორციელდა გერმანიიდან 19:28 საათზე შეკვეთის გარეშე („ა“ ნომრით 491624048XXX). ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, დეტალური ინფორმაციის მიხედვით, კომისიის თანამშრომელთან სატელეფონო ზარი განხორციელდა „ა“ ნომრით 322160162. ამავე დროს შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიიდან“ გამავალი საერთაშორისო ზარი დაფიქსირდა არა გერმანიის 491624048XXX ნომერზე, არამედ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ნომერზე (9085073000917). კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის განცხადებით, მათი სატელეფონო მოთხოვნის მიუხედავად შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ გერმანიიდან ზარის წამომწყები აბონენტის ნომერი ვერ წარმოუდგინა და განმარტა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა და ამისთვის საჭირო იყო პარტიორისაგან ინფორმაციის გამოთხოვა.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9688-15 მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი (საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ №შ-6/9772-15 წერილი, რომლის თანახმად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ კვლავ ახორციელებს საერთაშორისო ზარების დასრულების, რომელიც შპს „მაგთიკომის“ ქსელში სრულდება ადგილობრივი (ფიქსირებული) ნუმერაციის რესურსით. დავის განხილვის გადადების პროცესში შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ ტრაფიკი იზრდება ყოველდღიურად (სექტემბერი - 2,345 წუთი; ოქტომბერი - 19,414 წუთი, ნოემბერი - 28,968 წუთი; 1-10 დეკემბერი - 16,364 წუთი). შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, შეცვლილი საერთაშორისო ზარით შემოსული ზარების თაობაზე აქვს ასევე შპს „მაგთიკომის“ აბონენტებს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის საჩივრის თანახმად, გერმანიიდან წამოწყებული ზარები სრულდება საქართველოს ფიქსირებული ნომრით. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ნომრის გამჭვირვალედ გადაცემის ვალდებულების დარღვევას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტს. შპს „მაგთიკომის“ განმარტებით, აღნიშნული ქმედება ამავე დროს წარმოადგენს კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით დადგენილი რეგულაციებისაგან თავის არიდებას და ასევე, ზიანი ადგება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს არ გადახდილი აქციზის სახით, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული გადასახადისაგან თავის არიდებას, რაც ამავე დროს შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. შპს „მაგთიკომი“ თავის წერილში აღნიშნავს, რომ თუ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ ახორციელებს ე.წ. „Call back“-ს აბონენტის მოთხოვნით, მის მიერ სპეციალური აკრეფის კოდის გამოყენებით, კომპანიას მის მიმართ პრეტენზია არ ექნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება აბონენტის თანხმობის გარეშე მის მიერ განხორციელებული ზარის გადაკეთება შუამავალი ოპერატორის მიერ, რის შემოწმებასაც, შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, ის მოითხოვდა კომისიისგან.
2015 წლის 11 დეკემბრის №შ-6/9772-15 წერილით შპს „მაგთიკომმა“ ითხოვა კომისიის თანხმობა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 11 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათით კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა მონიტორინგის შედეგების თაობაზე აღნიშნული დეპარტამენტების მიერ მომზადებული დასკვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მფლობელობაში არსებულ პროგრამულ კომუტატორებიდან და სერვერებიდან რეალურ რეჟიმში ზარის განხორციელების მაგალითი; შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მფლობელობაში არსებულ პროგრამულ კომუტატორებიდან და სერვერებიდან ამოღებული ბილინგის ინფორმაცია (CDR) მოხსენებით ბარათში მითითებულ სატელეფონო ნომერზე (577737XXX); შპს ,,გსი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 26 იანვრის N01/01-18 წერილი; შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 11 დეკემბრის Nშ-6/9772-15 წერილი).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორის გ. ჩიკვაიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს მან მიიღო კომისიის შეტყობინება თანდართული კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 9 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით და შპს ,,მაგთიკომისს“ 2015 წლის 11 დეკემბრის წერილით, რომლებიც შეიცავენ წინააღმდეგობრივ ფაქტებს. მისი განცხადებით, მოხსენებითი ბარათი შეიცავს სამი თვის მანძილზე (10 ოქტომბრიდან - დასკვნის შედგენის მომენტამდე (9 დეკემბერი) შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ ე.წ. switch-ზე online მონიტორინგის შედეგებს. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორის გ. ჩიკვაიძის განმარტებით, ზარები როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მიმართულებით ხორციელდება კომპანიის ქოლ ცენტრიდან, რომლის ნომერიც გამჭვირვალედაა მიწოდებული საქართველოს აბონენტთან, ხოლო ,,ა“ ნომრის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ მოთხოვნილ იქნა პარტნიორისგან და საქართველოს აბონენტს შეუძლია მისი გაგება ავტომატურ რეჟიმში ქოლ ცენტრის ნომერზე გადარეკვით. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორის გ. ჩიკვაიძის განცხადებით, კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მოთხოვნიდან მეორე დღესვე შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ სატელეფონო ზარით იქნა მოწოდებული ინფორმაცია ,,ა“ ნომრის შესახებ. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორის გ. ჩიკვაიძის განმარტებით, მისი კომპანია ახორციელებს უცხოეთიდან მიღებული ტექსტური შეტყობინების საფუძველზე გამავალი ზარების გენერირებას, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება. შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ დირექტორი გ. ჩიკვაიძე არ დაეთანხმა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მის 2015 წლის 11 დეკემბრის წერილში მოყვანილ მონაცემებს შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში ზარების 2015 წლის სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელების თაობაზე. გ. ჩიკვაიძის განმარტებით, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ სერვისი განაახლა კომისიასთან მონიტორინგის პირობების შეთანხმებისა და ონლაინ რეჟიმში წვდომის მიცემის შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 10 ოქტომბრიდან, რასაც მისი განცხადებით, ადასტურებს შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლებთან მიმოწერა სერვისის განახლების შესახებ. გ. ჩიკვაიძემ ასევე მოითხოვა კომისიის მხრიდან რეაგირება შპს ,,მაგთიკომის“ მიერ 2015 წლის 28 დეკემბრიდან შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრიდან ზარების შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში შესვლაზე შეზღუდვის ფაქტზე.
შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორის გ. ჩიკვაიძის განმარტებით, მისი კომპანიის მიერ განხორციელებული ზარები არის გამავალი ადგილობრივი და გამავალი საერთაშორისო ზარები, რის გამოც მათზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N353 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგულაციები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ გადაიდო 2016 წლის 14 იანვრისთვის, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზევე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 14 იანვრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წარმომადგენელი ზ. გოგიჩაიშვილი, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები დ. ძიძიგური და ი. შარაბიძე.
კომისიის 2016 წლის 14 იანვრის სხდომაზე ზ. გოგიჩაიშვილმა დაადასტურა შპს ,,გ.სი ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის მეშვეობით კომისიის აპარატის თანამშრომლის ნომრის 577737XXX და სატელეფონო ნომრის - 491624048XXX დაკავშირების ფაქტი, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია 491624048XXX ნომრით გერმანიიდან განხორციელდა ზარი თუ სხვა ქვეყნიდან.
კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ ეს ზარი განხორციელდა გერმანიიდან, რასაც ადასტურებს ის, რომ ამ ნომერს აქვს გერმანიის კოდი, ნომერი იწყება ინდექსით - 49. მისი განმარტებით, გერმანიიდან კომისიაში დასაქმებულთან რამდენიმე ზარი განხორციელდა და ამ რამდენიმე ზარიდან 2–ჯერ დაფიქსირდა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2160162 ნომერი. დანარჩენ შემთხვევაში ყველგან დაფიქსირდა ფაქტიური ნომერი, საიდანაც რეკავდა აბონენტი. ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი შეუკვეთავდა ზარს, გააგზავნიდა ტექსტურ შეტყობინებას შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ და მოითხოვდა დაკავშირებას კონკრეტულ ნომერთან საქართველოში, ის ტექსტურ შეტყობინებაში მიუთითებდა თავის ნომერს, რომ საქართველოდან გამავალი ზარი განხორციელებულიყო იმ ნომერზე და არა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ თურქეთში მყოფი პარტნიორის ნომერზე. აბონენტს შეკვეთის დროს არ ეცოდინებოდა, რომ ეს ზარი შემოვიდოდა საქართველოში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორის გავლით თურქეთიდან. ამიტომ, თვითონ რომ გაეკეთებინა შეკვეთა, ვერ მიუთითებდა 9085 XXX ნომერს. ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, განხორციელდა 2 ზარი, ერთი – საქართველოში მდებარე მობილურ ტელეფონზე და მეორე ზარი განხორციელდა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორის ნომერზე. ყველა ზარი, რომელიც ხორციელდება შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“, ირეკება მხოლოდ თურქეთში და არა სხვა ქვეყანაში, მითითებულია ერთი და იგივე ნომერი, რომლის ბოლო ციფრები იცვლება მხოლოდ. ზარი მიიღო გერმანიიდან შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტნიორმა, მან ზარი გარდაქმნა ტექსტურ ფორმატში, გამოუგზავნა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“, რომელმაც განახორციელა 2 გამავალი ზარი – ერთი საქართველოში მდებარე მობილურ ტელეფონზე, მეორე – თურქეთში მყოფ თავის პარტნიორთან, რომელმაც შემდეგ განახორციელა ზარი გერმანიაში, საქართველოში დაკავშირების მსურველ აბონენტთან. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ კომისიას, მონიტორინგის ჩასატარებლად მისცა წვდომა ტესტურ რეჟიმში თავის სერვერთან, რომელზეც ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდა ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტები და ყველა ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც შემოდის დასაკავშირებლად, მითითებულია საქართველოს ნომერი და თურქეთის ნომერი, რომელიც არის ერთი და იგივე ფორმატის, სიგრძის და მხოლოდ ბოლო ციფრები იცვლება. ც. უჯმაჯურიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წერილზე, რომლის მიხედვით, კომპანია გეგმავდა შემდეგი აღწერილობის მომსახურების გაწევას: „სერვისის არსი მდგომარეობს შემდგომში: შემოსული შეკვეთის საფუძველზე, სადაც ტექსტის სახით მითითებულია ზარის შემკვეთი აბონენტის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომრები, დაკავშირების სასურველი დრო. ჩვენი ქოლ ცენტრიდან განხორციელდება გამავალი ზარი შემკვეთის და დასაკავშირებელი აბონენტების ნომრებზე, რის შემდეგაც განხორციელდება ამ ზარების შეერთება“. ც. უჯმაჯურიძის განცხადებით, ზარის წამომწყები აბონენტი არ შეიძლება იყოს შემკვეთი აბონენტი, ვინაიდან, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება განმარტებულია როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოძახების წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება. მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გამოძახების წამომწყები აბონენტი იყო გერმანიაში მყოფი აბონენტი, რომელსაც სურდა დაკავშირება საქართველოში მყოფ აბონენტთან, მან წამოიწყო ზარი და არ მიუცია შეკვეთა საქართველოში. ც. უჯმაჯურიძის განცხადებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მონიტორინგი დაიწყო 2015 წლის დაახლოებით 20 ნოემბრიდან და დასრულდა 2015 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში. მისი განცხადებით, სატესტო ზარების განხორციელების პერიოდში არ გამოვლენილა „ქოლ ბექის“ მომსახურების იმ აბონენტისთვის მიწოდების ფაქტი, რომელსაც სურდა დაკავშირება საქართველოში. ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა „ქოლ ბექის“ მომსახურება შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტნიორთან, ხოლო შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტნიორისთვის გერმანიაში მყოფ აბონენტს სატელეფონო ზარის განხორციელება არ შეუკვეთავს, მან ჩვეულებრივად საქართველოში დარეკა, აკრიფა 00995 და შემდეგ ნომერი.
კომისიის სხდომაზე ზ. გოგიჩაიშვილმა დამატებით აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო თუ რა სქემით მუშაობდა შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ პარტნიორი. მან დაადასტურა, რომ კომპანია შპს ,,VI TRADE“-მა შეწყვიტა მათთან თანამშრომლობა და კომპანიას ჰყავდა ახალი პარტნიორი. მისი განმარტებით, შეუძლებელია გამავალი ზარის დაკავშირება შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიიდან“ მოხდეს, ვინაიდან შეკვეთა კომპანიასთან მოდის ოპერატორისგან და არა აბონენტისგან. მან ასევე, აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ არ ახორციელებს შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულებას, შეუძლებელია გაატაროს გამომძახებლის ნომერი. შესაბამისად, მისი განმარტებით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ ახორციელებს ადგილობრივ ზარს ქოლ ცენტრიდან, სადაც გამჭვირვალედ ატარებს საკუთარი ქოლ ცენტრის ნომერს.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის დ. ძიძიგურის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში „ქოლ ბექს“ არ აქვს ადგილი და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ განხორციელებულია საერთაშორისო ზარი, ვინაიდან, როდესაც აბონენტი რეკავს, ის არ უკვეთავს ზარს და არ იცის, რომ ზარი შემოდის პარტნიორის მეშვეობით საქართველოში. შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ ითხოვს კომისიამ დართოს ნება შეწყვიტოს ურთიერთჩართვა, ვიდრე არ იქნება შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ სრულად დაფარული დარიცხული დავალიანება, რომელიც 2016 წლის 11 იანვრის მდგომარეობით შპს „მაგთიკომის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებისთვის შეადგენს 27,024,64 აშშ დოლარს, დაავალდებულოს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“, რომ შპს „მაგთიკომთან“ გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ახალი ოფერტით შეთავაზებული პირობებით, რომელშიც განისაზღვრება, რომ საერთაშორისო ზარის განხორციელების შემთხვევაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“, ისევე როგორც სხვა კომპანიები, ვალდებული იქნება დეპოზიტზე განათავსოს თანხა ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ურთიერთჩართვა გაითიშება.
შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ საკითხზე კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 21 იანვარი, 15:00 საათი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2016 წლის 14 იანვრის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 იანვარს შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ კომისიაში წარმოადგინა შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნილი წერილის ასლი, რომლის თანახმად, 2016 წლის 11 იანვრის 14:13:00 საათიდან შეჩერებული იყო შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ სერვისის ნომრიდან 2160162 შპს „მაგთიკომის“ ქსელში ზარების განხორციელება, რაც კომპანიის განცხადებით, გრძელდებოდა 2016 წლის 15 იანვრის მდგომარეობითაც. ამავე წერილში შპს „გ.ს.ი ტექნოლოგია“ ითხოვდა შპს „მაგთიკომისგან“ კომისიის ნებართვის დამადასტურებელ დოკუმენტს ზემოაღნიშნული შეზღუდვის დაწესებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 18 იანვარს კომისიაში შემოვიდა შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/403/16; 18.01.2016), რომლითაც შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ მისი 2016 წლის 15 იანვრის წერილის პასუხად განემარტა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ განაცხადა წერილობითი აქცეპტი შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტით გათვალისწინებულ პირობებზე, რომლის 11.7 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკის (fraud) (ზარის წამომწყები ნომრის შეცვლის/გადაკეთების ან სხვა შემთხვევაში, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს თაღლითური ქმედების (fraud) არსებობაზე) აღმოჩენის შემთხვევაში, მაგთიკომი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ზარების მიღება კონკრეტული მიმართულებებიდან. შპს ,,მაგთიკომის“ მოქმედმა Fraud სისტემამ საეჭვო ტრაფიკის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლოა ავტომატურად დაბლოკოს ნომერი, საიდანაც ადგილი აქვს ასეთ ტრაფიკს. მოცემულ შემთხვევაშიც, შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, სისტემამ ავტომატურად დაბლოკა შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ სარგებლობაში არსებული ნომერი 2160162, კერძოდ, შეაჩერა კონკრეტული ნომრიდან ზარების მიღება.
შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიამ“ 2016 წლის 21 იანვარს კომისიაში წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომისთვის“ გაგზავნილი წერილის ასლი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/580-16), რომელშიც სადაოდ ხდის შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ ქოლცენტრის ნომრის დაბლოკვას და ურთიერთჩართვის შეზღუდვას Fraud სიტემის მიერ და მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომს“ ურთიერთჩართვა უნდა შეეწყვიტა მხოლოდ კომისიის თანხმობის საფუძველზე. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ თავის წერილში ასევე მიუთითა იმაზე, რომ შპს ,,მაგთიკომს“ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისთვის“ ოპერატიულად არ უცნობებია ზარების მიღების შეჩერების თაობაზე და აღნიშნულის შესახებ მას ეცნობა 2016 წლის 18 იანვარს ელექტრონული ფოსტით, ხოლო 2016 წლის 20 იანვარს წერილობით. ამავე წერილის მიხედვით, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომს“ ეცნობა, რომ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიაზე“ არ უნდა გავრცელებულიყო შპს ,,მაგთიკომის“ ოფერტის 2.3.6-2.3.7, 2.12 და 2.38 და 2.13 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები გარანტიის წარმოდგენის და ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ არ წარმოადგენდა ახალი ურთიერთჩართვის მომთხოვნ პირს, არ აწარმოებდა საერთაშორისო ზარების ტრანზიტულ ტერმინაციას საქართველოში და არ მოხვედრილა შპს ,,მაგთიკომის“ არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა სიაში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 იანვარს კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (Nშ-6/426-16; 20.01.2016), რომელშიც მოცემული განმარტების თანახმად, შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა მის ქსელში დასრულებული საერთაშორისო ზარების დეტალური ამონაბეჭდი 2016 წლის 11 იანვრის მდგომარეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 21 იანვარს ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები დ. ძიძიგური და ი. შარაბიძე და შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წარმომადგენელი ზ. გოგიჩაიშვილი. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე და კომისიის წევრები: ე. ასანიძე. გ. ფრუიძე და კ. ბექაური. კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ვ. აბაშიძემ განაცხადა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო მას უწევდა სხდომის დატოვება, ხოლო კომისიის წევრი მ. ქათამაძე ავად ყოფნის გამო ვერ დაესწრებოდა სხდომას. აღნიშნულისა და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიის წევრი კ. ბექაური არ ღებულობდა მონაწილეობას საკითხის განხილვაში, კენჭისყრაში მონაწილე კომისიის წევრების ქვორუმის არ არსებობის გამო, კომისია ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას წინამდებარე დავაზე. კომისიის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დამატებით შემოსული იყო შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ წერილები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ საკითხის განხილვის დღედ განსაზღვრა 2016 წლის 28 იანვარი, 15:00 საათი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები დ. ძიძიგური და ი.შარაბიძე და ასევე, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წარმომადგენელი დ. გოგიჩაიშვილი.
კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომს“ არ დაურღვევია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–3 პუნქტი როგორც ამას მიუთითებს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“. მისი აზრით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ არ უარყოფს, რომ შპს „მაგთიკომთან“ ფიზიკური და ლოგიკური კავშირი შეწყვეტილი არ არის და აბონენტები უკავშირდებიან ერთმანეთს. საქმე ეხება ერთი კონკრეტული ნომრის შეზღუდვას, რომელიც ავტომატურად დაბლოკა კომპანიის „ფროდის“ სისტემამ, მაგრამ შემდეგ შპს ,,მაგთიკომმა“ ეს კონკრეტული ნომერი აღარ გახსნა. დ. ძიძიგურმა დაადასტურა, რომ მხარეთა შორის ურთიერთჩართვა შეწყვეტილი არ არის. მან დაამატა, რომ შპს „მაგთიკომი“ ამ კონკრეტულ ნომერზე განხორციელებულ ზარებს მიიჩნევს საერთაშორისო ზარებად და ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა კომისიის სხდომებზე. აქედან გამომდინარე, ეს ცნობილი იყო მხარისათვის. დ. ძიძიგურის განცხადებით, ვინაიდან არსებობს კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების დასკვნა, რომ ადგილი ჰქოდა „ა“ ნომრის ცვლილებას, ხოლო სხდომაზე მხარემ ვერ წარმოადგინა ამ დასკვნის გამაბათილებელი არგუმენტაცია, შპს „მაგთიკომმა“ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ არ მოეხსნა ბლოკი აღნიშნული ნომრისთვის, რათა 2016 წლის 11 იანვრისთვის არსებულ 27276 წუთს არ დამატებოდა სადავო ტრაფიკი. დ. ძიძიგურის განმარტებით, თუ დადასტურდება, რომ ეს იყო საერთაშორისო ზარი, შპს „მაგთიკომმა“ უნდა გადაიხადოს ამ ზარებისთვის შესაბამისი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში. მისივე განცხადებით, ერთი კონკრეტული ნომრის დაბლოკვა არ არის ურთიერთჩართვის შეწყვეტა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა. დ. ძიძიგურის განმარტებით, თუ ერთი ნომრის გათიშვა წარმოადგენს ურთიერთჩართვის შეწყვეტას, მაშინ სიმ–ბოქსებში მოხვედრილ ნომრებს, რაც ყოველდღიურად ხდება, შპს „მაგთიკომი“ ვერ დაბლოკავს კომისიაში მიმართვისა და გადაწყვეტილების მიღების გარეშე.
შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ წარმომადგენლის ზ. გოგიჩაიშვილის განმარტებით, კომპანიას ჰყავს სულ 5 აბონენტი, რომელთაგან ერთი არის დაბლოკილი. მისი აზრით, სწორედ ურთიერთჩართვის შეწყვეტას აქვს ადგილი. მისი განცხადებით, თუ ნომერი დასაბლოკი იყო, იბადება კითხვა აქამდე 10 თვის განმავლობაში რატომ არ დაბლოკა ფროდის სისტემამ აღნიშნული ნომერი. დ. გოგიჩაიშვილის განმარტებით, შპს „მაგთიკომმა“ თავისი გადაწყვეტილება, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისათვის“ შეეზღუდა ურთიერთჩართვა დაეყრდნო არა კომისიის გადაწყვეტილებას, არამედ კომისიის აპარატში დასაქმებულთა სამსახურებრივ ბარათს, რაც მისი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 აპრილის საჩივარი №შ-6/2443-15 თანდართული დოკუმენტაციით (2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 და 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 წერილები, შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის მარტის თვის შედარების აქტი მის მობილურ ქსელში დასრულებულ ზარებთან დაკავშირებით, კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 6 მარტის ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი და შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ საბილინგო მონაცემები მიმდინარე წლის მარტის თვეში განხორციელებული ზარების შესახებ);
- შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 5 მაისის საჩივარი №შ-6/2705-15, რომელსაც თან ერთვის შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 6 მარტის №15/040-5 განცხადება, შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 25 თებერვლის №1/02-15 და 2015 წლის 22 აპრილის №07/04-15 წერილები და კომისიის 2015 წლის 6 თებერვლის №01/174-15 წერილი;
- შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის №02/05-15 წერილი;
- შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის პირველი მაისის №შ-6/2868-15 განცხადება;
- შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 18 მაისის Nშ-6/2998-15 წერილი;
- შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 28 მაისის Nშ-6/3427-15 წერილი;
- შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 11 დეკემბრის №შ-6/972-15 განხადება;
- კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დ. გოგიჩაიშვილის 2015 წლის 22 მაისის №შ-10/3307-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 9 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2015 წლის 21 დეკემბრის №შ-10/10062-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
- შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ 2016 წლის 15 იანვრის Nშ-6/330-16 წერილი;
- შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 18 იანვრის Nშ-6/403-16 წერილი;
- შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 18 იანვრის Nშ-6/426-16 წერილი;
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2016 წლის 21 იანვრის Nშ-6/580-16 წერილი;
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიისა“ და შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომისიაში დაცული მონაცემები ავტორიზებული პირების ქსელში ან ქსელიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ (წარმოდგენილი CDR-ბის მიხედვით);
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ დირექტორისა და დამფუძნებლის ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის სხდომებზე;
- შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის სხდომებზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „მაგთიკომი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 18.07.2005; ხელახალი ავტორიზაციის თარიღი: 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (მათ შორის, ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება), მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (ტექსტური შეტყობინების მომსახურება, მულტიმედიური მომსახურება), ინტერნეტ მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვ.;
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №42/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს ნუმერაციის რესურს ინდექსით 160XXX -161XXX (2000 სააბონენტო ნომერი) ქ. თბილისში ფიქსირებული სკაომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად და კომისიის 2008 წლის 17 ივლისის №413/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფლობს ნუმერაციის რესურს 8-0-4-4 საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გასაწევად;
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „VI TRADE“ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ 2015 წლის 26 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურება მოიცავს შემდეგს: შპს „VI TRADE“-დან შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიაში“ შესული შეკვეთის (რომელშიც ტექსტის ფორმატში მითითებულია ზარის შემკვეთის ნომერი, დასაკავშირებელი აბონენტის ნომერი და კავშირის განხორციელების სასურველი დრო) საფუძველზე შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის: კონტაქტ ცენტრიდან ხორციელდება გამავალი საერთაშორისო ზარები შპს „VI TRADE“-ის მომსახურების შემკვეთის მიმართულებით. ასევე, შეკვეთაში მითითებული დასაკავშირებელი აბონენტის მიმართულებით, რის შემდეგ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ კონტაქტ ცენტრის ბაზაზე ხორციელდება აღნიშნული ზარების შეერთება. შეკვეთების შეგროვებას და ტექსტური ფაილების გადაცემას შპს „გ.ს.ი“ ტექნოლოგიისთვის“ უზრუნველყოფს შპს „VI TRADE”;
- შპს „მაგთიკომის“ 2014 წლის 29 ოქტომბრის წერილით შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ გაეგზავნა ახალი მოწვევის ოფერტა ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ 2015 წლის 11 მაისის N02/05-15 წერილით. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სადავოდ მიჩნეული მომსახურების ფარგლებში ზარების განხორციელება შპს „მაგთიკომის“ ქსელში დაიწყო 2015 წლის 2 მარტს. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ ოფერტაზე აქცეპტის განხორციელების ფაქტი დაადასტურა 2015 წლის 11 მაისის წერილში, რომელიც გაეგზავნა როგორც შპს ,,მაგთიკომს“, ისე კომისიას და ასევე განმეორებით დაადასტურა კომისიის 2015 წლის 4 ივნისის სხდომაზე. შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ თავის 2015 წლის 22 აპრილის წერილში შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბებისას ხელმძღვანელობდა შპს „მაგთიკომის“ ოფერტის პირობებით;
- შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის 2.3 პუნქტისა და 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენა აუცილებელია იმ ავტორიზებული პირებისათვის, რომელთაც: 1. მაგთიკომთან არ ჰქონიათ სამართლებრივი ურთიერთობა წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებულ მომსახურების მიღებაზე ან 2. წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ადრინდელი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მსურველი პირი არ ან არაჯეროვნად ასრულდებდა მაგთიკომის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და 3. ურთიერთჩართული პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებით. ოფერტის 2.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მაგთიკომთან ურთიერთჩართული ოპერატორი, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაარღვევს ანგარიშსწორების ვალებულებას, მაგთიკომი იტოვებს უფლებას, მოსთხოვოს ამ ოპერარატორს 2.3.6 – 2.3.7 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენა და ეს უკანასკნელი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს მოთხოვნილი გარანტია. ოფერტის 2.12 პუნქტის თანახმად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც უკვე სარგებლობს საერთაშორისო ზარის მაგთიკომის ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებულია მიმართოს მაგთიკომს წერილობითი განაცხადით, სადაც მითითებული იქნება ერთი თვის განმავლობაში მაგთიკომის ქსელში საერთაშორისო და ადგილობრივი ტრაფიკის სავარაუდო მოცულობები და არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა წინამდებარე ოფერტის 2.3.6-2.3.8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო ოფერტის 2.13 პუნქტის შესაბამისად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს საერთაშორისო ზარის მაგთიკომის ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებულია 2014 წლის 1 ნოემბრამდე გააფორმოს ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წინამდებარე ოფერტის პირობების გათვალისწინებით. ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის და 2.12 პუნქტით გათვალისწინებული პირების მხრიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის არ წარმოდგენის შემთხვევაში, ჩაითვლება უარად წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე და წერილობითი გაფრთხილების შემთხვევაში, მაგთიკომი აღარ გაუწევს წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებულ მომსახურებას. ოფერტის 11.7 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკის (fraud) (ზარის წამომწყები ნომრის შეცვლის/გადაკეთების ან სხვა შემთხვევაში, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს თაღლითური ქმედების (fraud) არსებობაზე) აღმოჩენის შემთხვევაში, მაგთიკომი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ზარების მიღება კონკრეტული მიმართულებებიდან. ამავე ოფერტის 11.8 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ზარი, რომელსაც არ ექნება ეროვნული ფორმატი (იგულისხმება ზარის წამომწყები ა ნომერი), ჩაითვლება საერთაშორისო ზარად და დაერიცხება შესაბამისი საფასური;
- შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის 4.1.2 პუნქტის თანახმად, მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყების/დასრულების) ტარიფია 2015 წლის პირველი იანვრიდან - 3.5 თეთრი, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით, ხოლო 4.4 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ზარი მობილურ ქსელში შეესაბამება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) დადგენილ საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის ტარიფებს, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის 0.20 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სხვა ავტორიზებული პირებისთვის - 0.16 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. ოფერტის 4.5 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ფიქსირებულ ქსელში შეესაბამება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) დადგენილ საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის ტარიფებს, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის 0.12 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სხვა ავტორიზებული პირებისთვის - 0.09 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში;
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ კომისიის აპარატის უფლებამოსილ თანამშრომლებს (დ. ქუთათელაძე და ც. უჯმაჯურიძე) მისცა დაშვება მის მფლობელობაში არსებულ პროგრამულ კომუტატორებზე და სერვერებზე არსებულ ინფორმაციასთან, საიდანაც რეალურ დროში შეიძლებოდა ზარების დეტალური ჩანაწერების მიხედვით გაკეთებულიყო განხორციელებული ზარების მონიტორინგი. მონიტორინგი დაიწყო 2015 წლის ნოემბრის თვეში და დასრულდა 2015 წლის დეკემბერში. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ იღებს ტექსტურ შეტყობინებას პარტნიორი კომპანიიდან, შეტყობინება შეიცავს გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს საქართველოში და თურქეთის რესპუბლიკაში შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ე.წ. ქოლ ცენტრის ნომრებს (ინდექსი: 9085073009XX). განხორციელებული ზარების ამსახველ ჩანაწერში არ ჩანს საზღვარგარეთიდან დაკავშირების მსურველი (პირობითად „ა“ ნომრის მფლობელი) აბონენტის ნომერი;
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ ზარის განხორციელების სქემის თანახმად, შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი ოპერატორი იღებს საერთაშორისო ზარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ახდენს ზარების ტრანსფორმაციას ტექსტურ ფორმატში და შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგია“ მიღებული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკურად ერთდროულად ახორციელებს 2 გამავალ ზარს. 2015 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის თანამშრომლის სატელეფონო ნომერზე 577737XXX, გერმანიიდან განხორციელდა ზარი 19:28 საათზე შეკვეთის გარეშე („ა“ ნომრით 491624048XXX.). დეტალური ინფორმაციის მიხედვით, კომისიის თანამშრომელთან სატელეფონო ზარი განხორციელდა „ა“ ნომრით 322160162. ამავე დროს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიიდან“ გამავალი საერთაშორისო ზარი დაფიქსირდა არა გერმანიის 491624048XXX ნომერზე, არამედ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ პარტნიორი კომპანიის ნომერზე (90850730009XX);
- მონიტორინგის შედეგების, ასევე, მხარეთა და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, დადასტურებულ ფაქტად უნდა იქნეს მიჩნეული შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2015 წლის 9 დეკემბრის Nშ-10/9688-15 მოხსენებითი ბარათში აღწერილი სქემით, 2015 წლის 7 დეკემბერს შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში საერთაშორისო ზარის განხორციელების ფაქტი;
- მხარეებმა კომისიის სხდომაზე დაადასტურეს, რომ სადავოდ არ ხდიან შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ (ქოლ ცენტრის ნომრების: 322160160; 320160161; 322160162 მეშვეობით) შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში განხორციელებული ზარების წუთების ოდენობას. მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი განხორციელებული სატელეფონო ზარების ამსახველი CDR-ბის მიხედვით, შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში - 2015 წლის მარტში განხორციელდა 34,405 წუთის ხანგრძლივობის ზარი; 2015 წლის სექტემბერში - 2,277 წუთის ხანგრძლივობის ზარი; 2015 წლის ოქტომბერში 22,985 წუთის ხანგრძლივობის ზარი; 2015 წლის ნოემბერში - 33,685 წუთის ხანგრძლივობის ზარი; 2015 წლის დეკემბერში - 56,862 წუთის ხანგრძლივობის ზარი. ჯამურად შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ ქსელში დასრულდა 150,214 წუთის ხანგრძლივობის ზარი;
- 2015 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში დაასრულა საერთაშორისო ზარი გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე;
- კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებით დადგინდა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები. კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაციისთვის დადგინდა 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სხვა ავტორიზებული პირების მიერ სხვა მოძრავი ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგინდა 0,16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი. ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტის პირობები განსაზღვრულია კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
- მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე დადგინდა სქემა, რომლის მიხედვით შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგია“ ახორციელებდა სატელეფონო ზარებს შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში 2015 წლის 2 მარტიდან (იხილეთ ფაქტობრივი გარემოებების პუნქტი 10 და პუნქტი 11, ასევე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2016 წლის 14 იანვრის ახსნა-განმარტებები);
- მონიტორინგის შედეგების, ასევე, მხარეთა და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, ზემოაღნიშნული სქემით ზარის განხორციელების პროცესში დადგინდა, რომ სატელეფონო ნომერი, საიდანაც შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მომსახურების მეშვეობით განხორციელდა სატელეფონო ზარი შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში, წარმოადგენდა უცხო ქვეყნის ოპერატორის ნომერს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი სქემით განხორციელებული ზარები მიჩნეულ უნდა იქნეს საერთაშორისო ზარებად და აღნიშნული ზარების საქართველოში ავტორიზებული პირების მოძრავ და ფიქსირებულ ქსელებში ტერმინაციისთვის ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილების შესაბამისად.
- ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე შპს ,,მაგთიკომის“ 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტის 2.13 პუნქტის შესაბამისად, ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს საერთაშორისო ზარის მაგთიკომის ქსელში დასრულების/ტერმინაციის მომსახურებით, ვალდებულია 2014 წლის 1 ნოემბრამდე გააფორმოს ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება წინამდებარე ოფერტის პირობების გათვალისწინებით. ამავე ოფერტის 4.4 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ზარი მობილურ ქსელში შეესაბამება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ) დადგენილ საერთაშორისო ზარების დასრულების/ტერმინაციის ტარიფებს, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის 0.20 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სხვა ავტორიზებული პირებისთვის - 0.16 აშშ დოლარი ექვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მოდავე მხარეებმა 20 სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი შედარების აქტის გაფორმება შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ შპს „მაგთიკომის“ ქსელში 2015 წლის განმავლობაში დასრულებული ზარების თაობაზე და ანგარიშსწორება ზემოაღნიშნული ოფერტით განსაზღვრული პირობებით და ამასთან, მოდავე მხარეებს უნდა დაევალოთ ამავე ოფერტის პირობების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმება;
- კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი. ამავე დებულების მე-2 მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება განმარტებულია როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოძახების წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ უნდა უზრუნველყოს მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული „A” სატელეფონო ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ განცხადება შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესაბამისად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
2015 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიამ“ შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გამომძახებელი აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების გარეშე საერთაშორისო ზარის დასრულებით დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიას“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების არცერთი სახე, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ)29 ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა განმატრებულია როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ მას შეუწყვიტა ურთიერთჩართვა 2016 წლის 11 იანვრიდან, ვინაიდან, როგორც ირკვევა მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან, შპს ,,მაგთიკომმა“ შეზღუდა შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ერთი ნომრიდან სატელეფონო ზარების მიღება თავის ქსელში, რაც არ ზღუდავს შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიას“ ისარგებლოს მის მფლობელობაში არსებული სხვა სატელეფონო ნომრებით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომს“ არ შეუწყვიტავს ურთიერთჩართვა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიისთვის“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ ოფერტის 11.7 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკის (fraud) (ზარის წამომწყები ნომრის შეცვლის/გადაკეთების ან სხვა შემთხვევაში, რომელიც ქმნის საფუძვლიან ეჭვს თაღლითური ქმედების (fraud) არსებობაზე) აღმოჩენის შემთხვევაში, მაგთიკომი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ზარების მიღება კონკრეტული მიმართულებებიდან, რის შესახებაც ოპერატიულად აცნობებს ურთიერთჩართულ პირს, კომისიას და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი საეჭვო ტრაფიკი ჩაითვლება საერთაშორისო ტრაფიკად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. ზემოაღნიშნული უფლების თაობაზე შპს ,,მაგთიკომმა“ შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ მიუთითა 2015 წლის 5 მაისის Nშ-6/2704-15 წერილში, რომელშიც სადავოდ ხდიდა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ საერთაშორისო ზარის ლოკალური ნომრით დასრულებას და ამავე წერილით აცნობებდა შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“, რომ მიმართავდა კომისიას ურთიერთჩართვის შეწყვეტის მოთხოვნით. გარდა ამისა, როდესაც შპს ,,მაგთიკომმა“ უშუალოდ განახორციელა შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ ქოლ ცენტრის ერთი ნომრის - 2160162 შეზღუდვა, აღნიშნულის თაობაზე შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიას“, მისივე განმარტებით, ეცნობა 2016 წლის 18 იანვარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე: კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, კომისიის წევრი გ. ფრუიძე, წინააღმდეგი: კომისიის წევრი მ. ქათამაძე)
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ განცხადება შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შემდეგი პირობებით:
1) წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი სატელეფონო ზარის განხორციელების სქემით შპს ,,გ.ს.ი ტექნოლოგიის“ მიერ სატელეფონო ზარის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში დასრულება წარმოადგენს საერთაშორისო ზარის დასრულებას;
2) უზრუნველყოს შპს ,,მაგთიკომმა“ მის ქსელში მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული „A“ სატელეფონო ნომრით განხორციელებული ზარების დაშვება;
3) უზრუნველყონ მხარეებმა 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი შედარების აქტის გაფორმება შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიის“ მიერ შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში 2015 წლის განმავლობაში დასრულებული ზარების თაობაზე და ანგარიშსწორება შპს ,,მაგთიკომის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტით განსაზღვრული პირობებით;
4) დაევალოს შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებამდე შპს ,,მაგთიკომის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების თაობაზე 2014 წლის პირველი ნოემბრის მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შპს ,,მაგთიკომთან“ ხელშეკრულების გაფორმება;
2. შპს ,,გ.ს.ი. ტექნოლოგიას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტების დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამეტს (ე. ჭახრაკია) შპს „გ.ს.ი ტექნოლოგიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
