შპს „ქართული-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2016 12:25
მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2016
შპს „ქართული-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I.საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (11.08.16 Nშ-10/8281-16) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქართული-ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისია, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 08 ივნისიდან. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ რიგი საერთო მაუწყებლები, მათ შორის შპს „ქართული-ტვ“, თავიანთ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ ახალი ამბების პროგრამას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის პირველი სექტემბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე, შპს „ქართული-ტვ“-ს გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის პირველი სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ქართული-ტვ“-ს წარმომადგენელი რ. კილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის სამაუწყებლო ბადეში 2016 წლის პირველი აგვისტოდან განთავსებულია ახალი ამბების პროგრამა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (11.08.16 Nშ-10/8281-16);
- შპს „ქართული-ტვ“-ს ავტორიზაციის დეკლარაცია (2012 წლის 12 ნოემბერი);
- შპს „ქართული-ტვ“-ს წარმომადგენლის რ. კილაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის პირველი სექტემბრის კომისიის სხდომაზე;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის პირველი სექტემბრის კომისიის სხდომაზე;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ქართული-ტვ“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2012 წლის 12 ნოემბრიდან;
- შპს „ქართული-ტვ“ 2016 წლის 8 ივნისიდან პირველ აგვისტომდე, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა ახალი ამბების თემატიკის გადაცემებს, რაც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას წარმოადგენს;
- შპს „ქართული-ტვ“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
II.კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „ქართული-ტვ“-ს მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუქნტის მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამას, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქართული-ტვ“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;
III.სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ქართული-ტვ”-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 -ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ქართული-ტვ”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ქართული-ტვ”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ქართული-ტვ”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
