სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2016 17:48
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2016
სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა სს „სილქნეტმა“ (№შ-6/748-16; 25.01.2016) და მოითხოვა შპს „SK Communication“-თან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში სს „სილქნეტის“ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სს „სილქნეტის“ საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) განახლებული ვერსია, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის პირველი ნოემბრიდან.
სს „სილქნეტის“ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ოფერტის პირობათა თანახმად (პუნქტი 11.4.), ყველა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი, რომელიც წინამდებარე ოფერტის გამოქვეყნების დღისათვის უკვე სარგებლობს ოფერტით გათვალისწინებული მომსახურებით, ოფერტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იყო, 2014 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველყო წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული პირობების შესრულება (საავანსო თანხის და საგარანტიო თანხის წარმოდგენა, ასევე არხების დაყოფა და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაზუსტება). აღნიშნულთან დაკავშირებით სს „სილქნეტმა“ დამატებით უზრუნველყო ყველა შესაბამის ავტორიზებულ პირთან წერილობითი შეტყობინების საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე დაგზავნა, თუმცა მიუხედავად ამისა, შპს „SK Communication“-ის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი საავანსო თანხა და ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ასევე როგორც 2014 წლის პირველი ნოემბრის ოფერტის გამოქვეყნების მომენტისთვის, ისე დღეის მდგომარეობითაც, აღნიშნულ კომპანიას სს „სილქნეტის“ მიმართ ურთიერთჩართვის მომსახურებაზე (საერთაშორისო ტრაფიკის გატარება/ტერმინაცია) დავალიანების სახით ერიცხება 10,067.16 (ათი ათას სამოცდაშვიდი ლარი და თექვსმეტი თეთრი).
მოთხოვნა:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, შპს „SK Communication“-თან საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში სს „სილქნეტის“ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2016 წლის 25 იანვარს კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/748-16;20.01.2016) თან ერთვის: 1. სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება - 3 ფურც.; 2. სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2012 წლის მოწვევის ოფერტა) - 17 ფურც.; 3. სს „სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N^/1864-13;11.04.2013) მოწვევის ოფერტში ცვლილების თაობაზე; სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის 2013 წლის 1 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დანართი N2-5 ფურც.; 4. საოქმო გადაწყვეტილებები -25 ფურც.; 5. საგადასახადო დავალებები -3 ფურც.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2016 წლის 4 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (№03/359-16; 01.02.2016; №03/360-16; 01.02.2016) ეცნობათ სს „სილქნეტს“ და შპს „SK Communication“-ს. სს „სილქნეტს“ და შპს „SK Communication“-ს ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 4 თებერვლის, კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მ. ქოქიაშვილი და იურისტი თ. გომართელი.
კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „SK Communication“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელი სდომის თაობაზე შპს „SK Communication“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 2 თებერვლის N03/360-16 შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა 2016 წლის 2 თებერვალს (გზავნილის კოდი: 070000105632; ჩაბარების თარიღი: 02.02.2016; ჩაიბარა: გიორგი წამალაშვილმა). შპს „SK Communication“-ს კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელი სხდომის თაობაზე ასევე ეცნობა 2016 წლის 2 თებერვალს კომისიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (post@gncc.ge) მეშვეობით. კომისიის 2016 წლის 2 თებერვლის N03/360-16 შეტყობინება შპს „SK Communication“-ს გადაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე (vtumanishvili@yahoo.com), რომელიც ფიქსირდება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. შპს „SK Communication“-მა დაადასტურა 2016 წლის 2 თებერვალს გაგზავნილი შეტყობინების მიღების ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „SK Communication“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, მას კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.
2016 წლის 4 თებერვლის კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის’ წარმომადგენელმა დაადასტურა მათ მიერ კომისიაში წარდგენილი საჩივრის და განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები.
სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადება და მტკიცებულებების, ასვევე კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სს „სილქნეტი“ და შპს „SK Communication“-ი წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის არსებული დავის განხილვა.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2016 წლის 18 თებერვალი, 15:00 საათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- სს „სილქნეტსა“ და შპს „SK Communication“-ს შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებით არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2016 წლის 18 თებერვალს, 15:00 საათზე;
- დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ სს „სილქნეტი“ გაფრთხილდა 2016 წლის 4 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს „SK Communication“-ს აცნობოს დავის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
