შპს „მაქსლინკის“ (ს/კ 404958499) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „მაქსლინკის“ (ს/კ 404958499) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2016 16:44
მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2016
შპს „მაქსლინკის“ (ს/კ 404958499) წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“(ს/კ 400013748) და შპს „მაქსლინკის“(ს/კ 404958499) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 5 აგვისტოს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „სქაიტელმა“ და შპს „მაქსლინკმა“(კომისიაში რეგისტრაციის №6/8022-16. 05.08.2016), შპს „მაქსლინკის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „სქაიტელისა“ და შპს „მაქსლინკის“ შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სქაიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაქსლინკი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
შპს „სქაიტელის“ და შპს „მაქსლინკის“ მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/8022-16. 05.08.2016) კომისიაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
- შპს „სქაიტელის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს „მაქსლინკის“ საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს „სქაიტელის“ შემოსავლების შესახებ;
- შპს „მაქსლინკის“ შემოსავლების შესახებ;
- შპს „სქაიტელის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- შპს „მაქსლინკის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- წილის შეძენის მსურველი ავტორიზებული პირის - შპს „სქაიტელის“ აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.
შპს „მაქსლინკის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი დავით ხვედელიძე - წილის 5%-ის მფლობელი; ფიზიკური პირი ლეილა ნოზაძე - წილის 95%-ის მფლობელი;
შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბესიკი მოსაშვილი. შპს „სქაიტელის“ დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი.
შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ თბილისში. შპს „სქაიტელის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდში შეადგინა: 315,016 ლარი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,18%). აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 1058 აბონენტი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,33%).
შპს „მაქსლინკი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ თბილისში და დუშეთის მუნიციპალიტეტში. შპს „მაქსლინკის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდში შეადგინა: ქალაქ თბილისში 18,803 ლარი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,01%), დუშეთის მუნიციპალიტეტში - 72,448 ლარი (შესაბამისი ხვედრითი წილი 10,08%). ამასთან ერთად, შპს „მაქსლინკის“ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა: ქალაქ თბილისში 47 აბონენტი (შესაბამისი ხვედრითი წილი 0,01%), დუშეთის მუნიციპალიტეტში 215 აბონენტი (შესაბამისი ხვედრითი წილი 11,77%).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სქაიტელის“, შპს „სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირის - ბესიკი მოსაშვილის, ასევე შპს „მაქსლინკის“ აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. რაც შეეხება შპს „სქაიტელის“ დირექტორს არჩილ ხოჯაშვილის, იგი ასევე არის ავტორიზებული პირების შპს „YOURNET“-ის და შპს „NIKNET“-ის დირექტორი. შპს „YOURNET“ და შპს „NIKNET“ ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.
შპს „YOURNET“ მომსახურებას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 238 აბონენტი, ხვედრითი წილი 4,8%), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 214 აბონენტი, ხვედრითი წილი 28,5%), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 519 აბონენტი, ხვედრითი წილი 14,9%).
შპს „NIKNET“ მომსახურებას ახორციელებს თბილისში (აბონენტების რაოდენობა 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 472 აბონენტი, ხვედრითი წილი 0,15%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 39 აბონენტი, ხვედრითი წილი 0,8%), ხაშურის მუნიციპალიტეტში (აბონენტების რაოდენობა 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 408 აბონენტი, ხვედრითი წილი 6,1%).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაქსლინკის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „მაქსლინკის“ შერწყმის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მაქსლინკის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „მაქსლინკის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „მაქსლინკს“ და შპს „სქაიტელს“, შპს „მაქსლინკის“ წილის 100%-ის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „მაქსლინკის“ შერწყმაზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისა“ და შპს „მაქსლინკისათვის“ ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „სქაიტელისა“ და შპს „მაქსლინკისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. განემარტოთ შპს „სქაიტელსა“ და შპს „მაქსლინკს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „სქაიტელის“ და შპს „მაქსლინკის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“ და შპს „მაქსლინკი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
5. შპს „სქაიტელის“ და შპს „მაქსლინკის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „სქაიტელმა“ და შპს „მაქსლინკმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
