წვდომის მენიუ

შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვისა და შპს ,,პალიტრა TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 619 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2016 10:43

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2016

შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვისა და შპს ,,პალიტრა TV“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

მხარე:

()იპ ,,მედიის განვითარების ფონდი

წარმომადგენლები: . ბოჩიკაშვილი და . პატარიძე

მოწინააღმდეგე მხარე:

შპსპალიტრა TV“

წარმომადგენელი:

. სამსონია

დავის საგანი: მაუწყებლის მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვის დროს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული წესების დაუცველობა

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარი (№შ-6/7471-16; 22.07.2016), რომლითაც ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ ასაჩივრებს შპს „პალიტრა TV“-ის მიერ, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს. ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ განცხადებით, მან რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2016 წლის 7 აპრილს საჩივრით მიმართა კომისიას შპს ,,პალიტრა TV”-ის აღნიშნულ ორგანიზაციათა საჩივრის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დარღვევით განხილვის გამო. ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ კომისიამ მიმდინარე წლის 18 აპრილს განსახილველად არ მიიღო ზემოთ მითითებულ ორგნიზაციათა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ  თვითრეგულირების  სააპელაციო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიის მიერ მაუწყებლის ქცევის კანონიერებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა, საფრთხეს უქმნის მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ განცხადებით, შპს ,,პალიტრა TV“-ის თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო კომისიამ სადავო საკითხი განიხილა 2016 წლის 27 აპრილს, თუმცა, მხარეებისთვის გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების ვადის გაზრდის თაობაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ უცნობებია.

ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ თავის საჩივარში უთითებს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო ორგანო  ვალდებულია უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა სააპელაციო ორგანო  ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება  ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.

მოთხოვნა:

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,პალიტრა TV“-ის მიერ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროცედურული წესების დარღვევის საკითხის კომისიის მიერ შესწავლა, როგორც აპელაციის ეტაპზე, ასევე თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის საწყის ეტაპზე განხილვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, 2016 წლის 4 აგვისტოს, კომისიამ მიიღო გადაწვეტილება  (N541/23; 04.08.2016)  „შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის პირველ სექტემბერს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „პალიტრა TV“-ის წერილი (Nშ-6/9166-16; 31.08.2016), რომლითაც კომისიაში წარმოდგენილი იქნა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. შპს ,,პალიტრა TV“-ის წერილი N99 2016 წლის 28 თებერვალს გასულ გადაცემასთან დაკავშირებით; 2. შპს ,,პალიტრა TV“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება (საქმე N/2016); 3. შპს ,,პალიტრა TV“-ის 2016 წლის 25 ივლისის წერილი N166 ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდს“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „პალიტრა TV“-ის წერილი (Nშ-6/9167-16; 31.08.2016), რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაცემა „ფალავანდიშვილთან“, რომლის თაობაზე მაუწყებელს მიმართეს საჩივრით, მაუწყებლის ეთერში გადიოდა შპს ,,პალიტრა TV“-სა და შპს ,,ფალავანდიშვილთან“ შორის 2016 წლის 13 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ბოლოჯერ მაუწყებლის ეთერში გავიდა მიმდინარე წლის 17 ივლისს, რის შემდეგ ხსენებული გადაცემა შპს ,,პალიტრა TV”-ის საეთერო ბადეში არ არის გათვალისწინებული.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის პირველ სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,პალიტრა TV”-ის წერილი (Nშ-6/9203-16; 01.09.2016), რომლითაც წარმოდგენილია შემდეგი დოკუმენტაცია: ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „საფარის“, ა(ა)იპ „იდენტობის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ საჩივარი შპს ,,პალიტრა TV”-ის თვითრეგულირების ორგანოს; 2. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „კავშირის“, ა(ა)იპ „საფარის“, ა(ა)იპ „იდენტობის“, ა(ა)იპ „დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ საჩივარი შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანოს; 3. შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება.

კომისიის 2016 წლის პირველი სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები გ. ბოჩიკაშვილი და მ. პატარიძე, ასევე, შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელი ა. სამსონია.

კომისიის 2016 წლის პირველ სექტემბრის სხდომაზე ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა მ. პატარიძემ აღნიშნა, რომ მათ შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანოს მიმართეს 2016 წლის 7 აპრილს, ხოლო სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს, საჩივრის შეტანიდან 4-5 თვის შემდეგ. მან დამატებით აღნიშნა, რომ 2016 წლის 25 ივლისს, მას შემდეგ, რაც მათ მიმართეს კომისიას, შპს ,,პალიტრა TV”-სგან მიიღეს წერილი სააპელაციო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის მიზეზების თაობაზე. მისი განმარტებით, მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, რომელიც მიუთითებს თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმზე, რომლის ერთ-ერთი კრიტერიუმია სწორედ ვადების დაცვით ინფორმაციის მიწოდება მომჩივანისთვის.

ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანოს მიერ მათი საჩივარი არ იყო სრულად განხილული, კერძოდ, თვითრეგულირების ორგანოს პირველ ინსტანციაში  პროცედურული დარღევევებით საკითხის განხილვის ნაწილში.

შპს ,,პალიტრა TV”-ის წარმომადგენელმა ა. სამსონიამ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს ,,პალიტრა TV”-იმ უზრუნველყო თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექნის თაობაზე კანონისმიერი მოთხოვნის დაცვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მაუწყებლის სააპელაციო ორგანომ გააუქმა თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ამასთან, მისი განმარტებით, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, სააპელაციო ორგანოა ვალდებული მხარეთა მონაწილეობით მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მაუწყებლის მიერ შესრულდა. მან ასევე, დაადასტურა, რომ სააპელაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომჩივან მხარეს და კომისიას ჩაბარდათ 2016 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თავად მაუწყებელს 31 აგვისტოს. შპს ,,პალიტრა TV”-ის წარმომადგენლის განცხადებით, მაუწყებელს არ აქვს თვითრეგულირების მექანიზმის ორგანოებზე გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების იძულების ბერკეტები. გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში მიღების საკითხთან დაკავშირებით, შპს ,,პალიტრა TV“-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, თუ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის თაობაზე ყველა დაინტერესებულ მხარეს, რაც, მისი განცხადებით, მაუწყებელმა უზრუნველყო. მისი განმარტებით, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ არ ავალდებულებს მაუწყებელს საჩივრის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეატყობინოს მომჩივანს გადაწყვეტილების მიღების ვადის გაზრდის თაობაზე. შესაბამისად, მისი აზრით, შპს ,,პალიტრა TV”-ს  მომჩივანი მხარისთვის  გადაწყვეტილების მიღების ვადის გაზრდის თაობაზე წერილის საჩივრის მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ გაგზავნით ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი წესები არ დაურღვევია.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდა 2016 წლის 8 სექტემბერს. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები გ. ბოჩიკაშვილი და მ. პატარიძე, ასევე, შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელი ა. სამსონია.

II. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (შენიშვნასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N1/3/421,422) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი  პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით);
  6. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელს უფლება აქვს აირჩიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ამ კოდექსის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
  7. კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება  მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი;
  8. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის სააპელაციო ორგანო  ვალდებულია უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა სააპელაციო ორგანო  ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება  ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს;
  9. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და ზემოაღნიშნული კანონისმიერი დანაწესების გათვალისწინებით, აღნიშნავს შემდეგს:

  1. 2016 წლის 9 მარტს ა(ა)იპ „საფარმა“, ა(ა)იპ „იდენტობამ“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ საჩივრით მიმართეს შპს ,,პალიტრა TV”-ს, 2016 წლის 28 თებერვლის 20:00 საათზე ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემის „ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება“-ს თაობაზე.  2016 წლის 25 მარტს, შპს ,,პალიტრა TV”-ის თვითრეგულირების ორგანომ არ მოიწვია დაინტერესებული პირები და საჩივრის განხილვაში მათი მონაწილეობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. წინამდებარე გადაწყვეტილებით, შპს ,,პალიტრა TV”-ის თვითრეგულირების ორგანომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაცემა არ არღვევდა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს.
  2. 2016 წლის 7 აპრილს ა(ა)იპ „საფარმა“, ა(ა)იპ „იდენტობამ“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ გაასაჩივრეს შპს ,,პალიტრა TV”-ის თვირეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანოში,  მოითხოვეს მისი გაუქმება გადაწყვეტილების დაინტერესებული პირის მოწვევის გარეშე მიღების საფუძვლით და საჩივრის განხილვა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.
  3. 2016 წლის 27 აპრილს, შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანომ ზემოაღნიშნული საჩივარი განიხილა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 2016 წლის 25 ივლისს, შპს ,,პალიტრა TV”-ის მიერ დაინტერესებულ პირებს წერილობით ეცნობათ, რომ მაუწყებლის სააპელაციო ორგანო აგრძელებდა მუშაობას საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და ასევე, განემარტათ, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა საერთაშორო პრაქტიკის, სამართლებრივი აქტებისა და რეკომენდაციების შესწავლას, რაც მოითხოვდა დიდ დროს. ამავე წერილით დაინტერესებულ მხარეს განემარტა, რომ გადაწყვეტილების მიუღებლობა განპირობებული იყო სააპელაციო ორგანოს წევრების დატვირთული სამუშაო რეჟიმით.
  4. 2016 წლის პირველ სექტემბერს ა(ა)იპ მედიის განვითარების ფონდს“ ჩაბარდა შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება (შენიშვნა: გადაწყვეტილება არ შეიცავს გადაწყვეტილების მიღების თარიღს), რომლის შესაბამისად, სააპელაციო ორგანომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 თებერვლის 20:00 საათზე ტელეკომპანიის ეთერში  გადაცემის „ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადობა“ გაშვებით დაირღვა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო ორგანოს არ უმსჯელია შპს ,,პალიტრა TV”-ის თვითრეგულირების ორგანოში საჩივრის პროცედურული დარღვევით, კერძოდ, დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის გარეშე განხილვის საკითხზე, რაც წარმოადგენდა თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

,,შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვისა და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 4 ივნისის N298/18 გადაწყვეტილებაში კომისიამ აღნიშნა შემდეგი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის არსებობის მიზანს,  ერთი მხრივ, წარმოადგენს მაუწყებლისთვის, ამავე კანონით გათვალისწინებულ, რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, რაც გამოიხატება თავად მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვაში და, მეორე მხრივ,  მაუწყებლის, როგორც საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაუწყებელში წარდგენილი საჩივრის განხილვა უზრუნველყოფილ იქნას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. სწორედ დაინტერესებული მხარის მონაწილეობით საკითხის განხილვა და მისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალების მიცემა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,პალიტრა TV”-ის თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში დაინტერესებული პირების დასწრების უზრუნველყოფის გარეშე საჩივრის განხილვით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მაუწყებლის სააპელაციო ორგანომ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და არ დაადგინა კანონისმიერი მოთხოვნის დარღვევის ფაქტი, შპს ,,პალიტრა TV“-ის მიერ დაირღვა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი და მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს შპს ,,პალიტრა TV”-ის თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,პალიტრა TV“-ის წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ მაუწყებელს ავალდებულებს საჩივრის განხილვისას დაინტერესებული პირის დასწრების უზრუნველყოფას მხოლოდ სააპელაციო წესით საჩივრის განხილვის დროს. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება  მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ცალსახად განსაზღვრულია, რომ საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება. აღნიშნულ დანაწესში ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი პირის ამგვარი დაზუსტება მიზნად ისახავს იმის მკაფიოდ რეგლამენტაციას, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება არა მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში, არამედ ასევე, სააპელაციო ორგანოში საჩივრის განხილვის დროს. ამ კონტექსტში მხედველობაში მისაღებია, რომ თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში საჩივრის განხილვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კერძოდ, საჩივრის განხილვაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა შესაძლებელია გამხდარიყო თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების განმპირობებელი ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო ორგანოსადმი მიმართვის საჭიროება არ დადგებოდა, რაც ხაზს უსვამს თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში პროცედურული წესების, მათ შორის, საჩივრის განხილვის დროს დაინტერესებული პირების დასწრების უზრუნველყოფის მოთხოვნის დაცვის მნიშვნელობას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო ორგანოს მიერ საჩივრის მიღებიდან 30 დღიანი ვადის დაცვის გარეშე გადაწყვეტილების მიღებით, შპს ,,პალიტრა TV”-ის მიერ დაირღვა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი. იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,პალიტრა TV”-ის სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროებოდა 30 დღეზე მეტი ვადა, მას ვადის გაზრდის თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა დაინტერესებული პირებისთვის საჩივრის მიღებიდან 30 დღის ვადაში. შპს ,,პალიტრა TV“-ის 2016 წლის 25 ივლისის წერილით კი უტყუარად დასტურდება ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა. მაუწყებლის სააპელაციო ორგანოსთვის 30 დღიანი ვადის დაუცველად გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადის გაზრდის თაობაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული პირისთვის მიწოდების უფლების მინიჭება გამოიწვევდა იმას, რომ მაუწყებლის სააპელაციო ორგანო შეუზღუდავი იქნებოდა საჩივრის მიღებიდან ნებისმიერ დროს, მათ შორის,  თუნდაც 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადის გაზრდის თაობაზე და ეცნობებინა დაინტერესებული პირისთვის, რაც შეუძლებელს გახდიდა საჩივრებზე დროული რეაგირების უზრუნველმყოფი თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,პალიტრა TV“-იმ საჩივრის განხილვის ზემოთ მითითებული პროცედურული წესების დაუცველობით დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,პალიტრა TV”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე. შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს წერილობითი გაფრთხილება.

III.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად (გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევის გამო შპს ,,პალიტრა TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა ერთხმად; გადაწყვეტილების პირველი პუნქტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო შპს ,,პალიტრა TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, კომისიის წევრები: ე. ასანიძე, გ. ფრუიძე; წინააღმდეგი კომისიის წევრები: კ. ბექაური და მ. ქათამაძე)

გადაწყვიტა:

  1. შპს ,,პალიტრა TV”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე) შპს ,,პალიტრა TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-2 და მე-6 პუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).

კომისიის წევრების კ. ბექაურისა და მ. ქათამაძის განსხვავებული აზრი:

კომისიის წევრმა კ. ბექაურმა განაცხადა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არის მითითებული, რომ თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში საკითხის განხილვისას მოწვეულ უნდა იყოს დაინტერესებული პირი. აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებულია თვითრეგულირების მექანიზმის მეორე ინსტანციაში საკითხის განხილვის დროს. კ. ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა არ არის განხილვაში მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა. მისი აზრით, აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით - ეთერში გაშუქებით, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით და ა. შ. კ. ბექაურის აზრით, შპს ,,პალიტრა TV“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საჩივრის განხილვის პროცედურული წესებით განსაზღვრული ვადების დარღვევის გამო. კომისიის წევრმა მ. ქათამაძემ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტები და აღნიშნა, რომ შპს ,,პალიტრა TV”-სთვის გაფრთხილების მიცემას თვითრეგულირების მექანიზმის პირველ ინსტანციაში დაინტერესებული პირის მოუწვევლობის გამო არ უჭერდა მხარს და მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა მხოლოდ საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო.

კომისიის თავმჯდომარე                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                         კახი ბექაური

კომისიის წევრი                                         გიორგი ფრუიძე

კომიის წევრი                                             მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები