წვდომის მენიუ

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ვიდეო რგოლთან დაკავშირებით პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 639 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2016 18:59

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016

შპსჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ  ვიდეო რგოლთან დაკავშირებით /ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანცხადების განხილვის შესახებ

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისა“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (Nშ-8918-16; 25.08.2016) განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნიდან დღიდან სატელევიზიო მაუწყებლების მიერ გადასახადის გადამხდელების ფულით მიმდინარეობს პარტია „ქართული ოცნების“ რეკლამირება ინფრასტრუქტურის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საარჩევნო კამპანიას, რაც დაუშვებელია. გაცხადებაში აღნიშნულია, რომ ხსენებული რეკლამა მიზნად ისახავს პ/გ ,,ქართული ოცნების“ მიმართ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც საბოლოო ჯამში განიხილება წინასაარჩევნო აგიტაციად. განმცხადებლის აზრით, მომზადებული სატელევიზიო კლიპი ვერ იქნება განხილული სოციალურ რეკლამად და მასში ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული სამთავრობო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სამუშაოების დემონსტრირება, რაც არ თავსდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის ჩარჩოებში და ღებულობს პ/გ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი წინასაარჩევნო სააგიტაციო რეკლამის სახეს. შესაბამისად, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს კომისიამ მოახდინოს რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში. პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას თან ერთვის ვიდეოჩანაწერი (CDR).

მაუწყებლების ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარეკლამო რგოლის განთავსების მართლზომიერების შესწავლის მიზნით კომისიამ მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (წერილი N04/3264-16; 29.08.2016) და გამოითხოვა სხვადასხვა მაუწყებელთა ეთერში რეკლამის განთავსების მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებები. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (წერილი Nშ-4/9222-16; 02.09.2016) კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული სარეკლამო რგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ  ხელშეკრულების ასლი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 29 აგვისტოს N04/3265-16 წერილით შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მოეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის ეთერში განთავსებული რგოლის სტატუსის თაობაზე და წარმოედგინა აღნიშნული რგოლის სამაუწყებლო ბადეში განთავსების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ასეთი რგოლის განთავსების შემთხვევაში.

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2016 წლის 5 სექტემბრის №შ-6/9298-16 წერილის თანახმად, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სა და შპს ,,ტელეიმედს“ შორის 2016 წლის 14 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს კომერციული დროის გადანაწილებას ახორციელებს შპს ,,ტელეიმედი“.

შპს ,,ტელეიმედის“ 2016 წლის 8 სექტემბრის წერილიდან (შ-6/9442-16) ირკვევა, რომ სარეკლამო რგოლი (თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მოძრაობის ორმხრივად გახსნის თაობაზე) შპს ,,ტელეიმედის“, შპს ,,სტუდია მაესტროსა“ და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ეთერში თავსდება შპს ,,ტელეიმედსა“ და შპს ,,თბს ტვ მედიას“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამავე წერილით კომპანიამ წარმოადგინა აღნიშნული ხელშეკრულების ასლი.

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ ვიდეო რგოლთან დაკავშირებით პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების განხილვა დაინიშნა 2016 წლის 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც წერილობითი შეტყობინებით (№03/3488-16; 21.09.2016) ეცნობა შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს და განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიაში მტკიცებულებების, აგრეთვე  საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით შუამდგომლობების წარდგენის,  ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლების მოთხოვნის უფლებების შესახებ. 

მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების მიზნით ასევე მოწვეულ იქნა  პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წარმომადგენლები მ. ფარადაშვილი და ა. გელაშვილი.

2016 წლის 23 სექტემბრის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლში მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ქ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმცხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე. კერძოდ, ახალი ესტაკადის გახსნის შესახებ და მიმდებარე ქუჩების განტვირთვის თაობაზე. მისი განმარტებით, მაუწყებლის ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი. შესაბამისად, არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა, რის გამოც დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლი წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნებს არ შეიცავს.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

1. პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება (Nშ-8918-16; 25.08.2016) თანდართული ვოდეოჩანაწერით (CDR);

2.  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/9634-16; 13.09.2016) თანდართული დოკუმენტაციით;

3.  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი (Nშ-4/9222-16; 02.09.2016) თანდართული დოკუმენტაციით;

4. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს წერილი (№შ-6/9298-16; 05.09.2016);

5. შპს ,,ტელეიმედის“ წერილი (შ-6/9442-16, 08.09.2016) თანდართული ხელშეკრულებით (სარეკლამო მომსახურების შესახებ);

6. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

კომისია აღნიშნავს, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერუნდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხების გადაწვეტის სასარგებლოდ ან საწინააღდეგოდ.

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ახსნა-განმარტებისა და ზემოაღნიშნული კანონისმიერი დანაწესების გათვალისწინებით, აღნიშნავს შემდეგს:

შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს სამაუწყებლო ეთერში გავიდა შემდეგი შინაარსის ვიდეო რგოლი: „თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი გახდა, წლობით არსებული პრობლემის მოგვარებას ახალი ესტაკადა უზრუნველყოფს, განიტვირთება თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები, რუსთაველის გამზირი და მტკვრის მარჯვენა სანაპირო, თბილისის მერია“. 

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოთ ხსენებული ვიდეო რგოლი არ შეიცავს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მახასიათებელ ნიშნებს. კერძოდ, ვიდეო რგოლში არ არის ნაჩვენები არცერთი საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი. მოცემულ ვიდეო რგოლში არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არ შეიცავს ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნებსაც, მათ შორის, ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ვიდეო რგოლი ასევე არ შეიცავს მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხების გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, კომისიის აზრით, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ეთერში განთავსებული ვიდეო რგოლი არ წარმოადგენს წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნული გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ)  ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ)  ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვიდეო რგოლი, რომელიც განთავსდა შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ეთერში, არ წარმოადგენს წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) დაინტერესებული მხარეებისთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები