წვდომის მენიუ

შპს „ჯეო ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

ნომერი: 64 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 17, 2016 11:31

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2016

შპს „ჯეო ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2015 წლის 18 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/10021-15, 18.12.2015) თანდართული მასალით (შპს ,,ჯეო ნეტის“ თაობაზე ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;  კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის №05/2202-15 წერილის შპს ,,ჯეო ნეტისათვის“  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი) საიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,ჯეო ნეტი“   არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, კერძოდ: 2015 წლის მარტიდან ფორმას  N1.1 (შემოსავლები), ფორმას N4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 2014 წლის დეკემბრიდან ფორმას N5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა), 2013-2014 წლების პერიოდის ფორმა N1.2 (თანამშრომლები), ასევე ფორმა N1.3 (ინვესტიციები), 2014 წლის ივლისიდან კვარტალურ ფორმას N4.2 (აბონენტები კვარტალში), ამასთან, მიუხედავად კომისიის წერილობითი მოთხოვნისა  (წერილი №05/2202-15; 6.10.2015), რომელიც შპს „ჯეო ნეტს“ 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაბარდა,  კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

2016 წლის 8 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 8 იანვრის №შ-10/114-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/124-16, 8.01.2016) ეცნობა, რომ შპს ,,ჯეო ნეტს“ 2012 წლის ნოემბრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის N10/10021-15-15 და საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 8 იანვრის სამსახურებრივი ბარათის N10/124-16 საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016  წლის 11 იანვარს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეო ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 28 იანვარს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ჯეო ნეტს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/80-16), რომელიც მას 2016 წლის  14  იანვარს ჩაბარდა და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

2016 წლის 28 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 28 იანვრის №შ-10/852-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციულ - ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/872-16, 28.01.2016) დამატებით ეცნობა, რომ 2016 წლის 28 იანვრის მდგომარეობით  შპს ,,ჯეო ნეტს“  სრულად წარმოდგენილი აქვს კომისიაში საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 28 იანვრის  სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „ჯეო ნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას გაეგზვნა  კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე.  კომპანიას  შეტყობინება ჩაბარდა 2016 წლის 14 იანვარს, რაც კომპანიის დირექტორის მირზა ტუსიაშვილის ხელმოწერით დასტურდება. შესაბამისად, კომისიის მიერ დაცული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ 28 იანვრის სხდომაზე საკითხის განხილვა გადადო 2016  წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ჯეო ნეტს“  ეცნობა შეტყობინებით (N03/355-16; 01.02.2016).

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 3 თებერვალს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 3 თებერვლის N10/1082-16 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ შპს „ჯეო ნეტმა“  ა/წლის 3 თებერვალს კომისიაში წარმოადგინა 2012 წლის აპრილიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (2015 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრის თვის ჩათვლით ნულოვანი გაანგარიშებები) და მოახდინა შესაბამისი რეგულირების საფასურის გადახდა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ჯეო ნეტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/1065-16; 3.02.1016), რომლის შესაბამისადაც, შპს „ჯეო ნეტი“ ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ჯეო ნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (№03/355-16, 01.02.2016) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2016 წლის 2 თებერვალს (გზავნილის კოდი 070000105629). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს „ჯეო ნეტს“ (№03/355-16, 01.02.2016)  და აღნიშნული შეტყობინება 2016 წლის 2 თებერვალს ჩაბარდა მერი ტუსიაშვილს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 070000105629). აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ჯეო ნეტის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის  აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/10021-15, 18.12.2015);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/124-16, 8.01.2016);
  3. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის №05/2202-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,ჯეო ნეტისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030118913; ჩაბარების თარიღი: 8.10.2015);
  4. კომისიის აპარატის ინფორმაციულ -ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 28 იანვრის N10/872-16 დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათი შპს „ჯეო ნეტის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე;
  5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 3 თებერვლის N10/1082-16 სამსახურებრივი ბარათი შპს „ჯეო ნეტის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენის თაობაზე;
  6. შპს „ჯეო ნეტის“ 2016 წლის 3 თებერვლის განცხადება ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;
  7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯეო ნეტის“  შესახებ მონაცემები;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  „ჯეო ნეტი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 05.04.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და B.F.2 ინტერნეტ მომსახურება);

2.  შპს  „ჯეო ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  2015 წლის 6 ოქტომბერს   შპს  „ჯეო ნეტს“  გაეგზავნა წერილი (№05/2202-15), რომლითაც მოეთხოვა  10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი მას ჩაბარდა 2015 წლის 8 ოქტომბერს;

5.    შპს    „ჯეო ნეტს“,   ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (11.01.2016),  შესავსები და კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა შემდეგი  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2015 წლის მარტიდან ფორმა  N1.1 (შემოსავლები), ფორმა N4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 2014 წლის დეკემბრიდან ფორმა N5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა), 2013-2014 წლების პერიოდის ფორმა N1.2 (თანამშრომლები), ასევე ფორმა N1.3 (ინვესტიციები), 2014 წლის ივლისიდან კვარტალურ ფორმა N4.2 (აბონენტები კვარტალში);

6. შპს „ჯეო ნეტმა“ 2016 წლის 28 იანვარს სრულად წარმოადგინა კომისიაში საერთო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

7. შპს  „ჯეო ნეტს“, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის,  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2012 წლის ნოემბრის თვიდან რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;

8. შპს „ჯეო ნეტმა“ 2016 წლის 3 თებერვალს სრულად წარმოადგინა კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები;

9. შპს „ჯეო ნეტმა“ 2016 წლის 3 თებერვალს კომისიაში წარმოადგინა განცხადება, რომლის შესაბამისადაც კომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას;

9. შპს ,,ჯეო ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაცია გაუქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების, კომისიის მიერ  ამისათვის განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობით  შპს ,,ჯეო ნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიის მიერ ამისათვის განსაზღვრულ ვადებში წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის ვადების დარღვევით გადახდით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდის რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, რომელთა მიხედვით, კომპანიას აღნიშნულ პერიოდში არ მიუღია შემოსავალი. ამასთან,  შპს „ჯეონეტი“ 2016 წლის 3 თებერვლის განცხადებით ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას.  კომისიის მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული შპს „ჯეო ნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის  ფაქტი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შპს „ჯეო ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. სამართალდარღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების დანიშნულება და მიზანი არის სამართალდარღვევის გამოსწორება, სამართალდარღვევის მომავალში ჩადენის თავიდან აცილება და საჯარო წესრიგის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯეონეტის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა კანონისმიერი ვალდებულებები, ამასთან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ კომპანია არ ეწევა ავტორიზებულ საქმიანობას და კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე მისი ავტორიზაციის გაუქმების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, შპს „ჯეონეტის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება აზრს მოკლებულია და არ ემსახურება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ობიექტურ მიზანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია კომისიის უფლებამოსილება ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღევის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახე, კომისიას, მოქმედებს რა აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში:

ა) შპს „ჯეო ნეტს“ უნდა დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის  ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ შესრულებულია ყველა კანონისმიერ ვალდებულება და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ბ) შპს „ჯეო ნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ჯეო ნეტს“ დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას, კომისიის წინაშე შესრულებული აქვს კანონისმიერ ვალდებულებები და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო ნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. შპს „ჯეო ნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) შპს „ჯეო ნეტისათვის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეო ნეტისათვის“   გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეო ნეტისათვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები