შპს „ჯეონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2016 17:47
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016
შპს „ჯეონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (08.08.2016 Nშ-10/8109-16) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2016 წლის 5 სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ დღიდან ავტორიზაციისა, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ჯეონეტს“ 2016 წლის 9 ივნისს გაეგზავნა კომისიის გამაფრთხილებელი წერილი (N05/1759-16) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოსადგენად, განესაზღვრა დამატებით 10 (სამუშაო) დღე. აღნიშნული წერილი კომპანიის დირექტორს ნიკა კოკოჭურს ჩაბარდა 2016 წლის 14 ივლისს.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 12.09.16 Nშ-10/9579-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ჯეონეტს“ 2015 წლის მარტის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები ( 2015 წლის თებერვალი და მარტი წარმოადგინა ნულოვანი), ამასთანავე რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.
კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 8 სექტემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ჯეონეტს“, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ მისამართზე და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
2016 წლის 8 სექტემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ჯეონეტის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ, შპს „ჯეონეტი“ ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე ერთობლივად: არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას, არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას, არ იხდის რეგულირების საფასურს, შპს „ჯეონეტს“ უნდა შეუჩერდეს ავტორიზაცია. საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 15 სექტემბრისათვის.
შპს „ჯეონეტს“ გაეგზავნა შეტყობინება 2016 წლის 15 სექტემბრის სხდომასთან დაკავშირებით და ეცნობა, რომ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეონეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ჯეონეტს“ აღნიშნული გზავნილი არ ჩაბარდა და კომისიის სხდომა გადაიდო 2016 წლის 23 სექტემბრისათვის.
შპს „ჯეონეტს“, კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომის თაობაზე, კვლავ გაეგზავნა შეტყობინება, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ მისამართზე. შპს „ჯეონეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება, ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ვებგვერდზე - www.gncc.ge. შეტყობინება კვლავ ვერ ჩაბარდა შპს „ჯეონეტს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ. ვინაიდან, შპს „ჯეონეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ჯეონეტის“ დაუსწრებლად.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (08.08.2016 Nშ-10/8109-16) სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის (12.09.16 Nშ-10/9579-16) სამსახურებრივი ბარათი;
- შპს „ჯეონეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები (05.09.2016 N03/3330-16, 12.09.2016 N03/3395-16, 19.09.2016 N03/3450-16) და უკუგზავნილები, ასევე კომისიის ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებული შეტყობინება;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ჯეონეტის“ ამონაწერი და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯეონეტის“ შესახებ მონაცემები;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ჯეონეტი“ წარმოადგენს ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 13 თებერვლიდან;
- შპს „ჯეონეტს“ დღიდან ავტორიზაციისა (2015 წლის 13 თებერვლიდან) არ შეუვსია კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
- შპს „ჯეონეტმა“ 2015 წლის 13 თებერვლის შემდეგ, კომისიას მხოლოდ ორჯერ წარუდგინა რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, 2015 წლის თებერვალში და მარტში, ხოლო 2015 წლის მარტიდან, გადაწყვეტილების მიღების დღემდე, კომისიისთვის არ წარუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, არ იხდის რეგულირების საფასურს;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, შპს „ჯეონეტი“ არ ფიქსირდება კონტრაჰენტად არცერთ ავტორიზებულ პირთან, რაც რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობასთან და სტატისტიკური ფორმების შეუვსებლობასთან ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანია არ საქმიანობს.
- შპს „ჯეონეტს“ უკანასკნელი ერთი წლის მაძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- .„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,ჯეონეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეონეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ამდენად, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ვინაიდან, შპს „ჯეონეტს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ შეუვსია კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე კომისიას არ წარუდგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, არ იხდის რეგულირების საფასურს, ამასთანავე, არცერთ ოპერატორთან არ ფიქსირდება კონტრაჰენტ მხარედ, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ საქმიანობს და სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც კომისია უფლებამოსილია შპს „ჯეონეტს“ შეუჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს წერილობითი გაფრთხილება შპს „ჯეონეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ჯეონეტს“, კომისიის ინიციატივით, შეუჩერდეს ავტორიზაცია;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ჯეონეტის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;
ბ) შპს „ჯეონეტისთვის“ გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
გ) შპს „ჯეონეტის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებგვერდზე - www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
