შპს „მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2016 11:31
მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016
შპს „მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2016 წლის 2 აგვისტოს, შპს ,,მობიტელის“ დილერისაგან - ინდმეწარმე თამარ მელუავა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, შეძენილ იქნა შპს ,,მობიტელის” სიმბარათი სააბონენტო ნომრით 571069975, რაშიც გადახდილ იქნა 3 ლარი. აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე სატელეფონო ნომრიდან - 577488878 2016 წლის 4, 5, 7 და 10 აგვისტოს განხორციელდა სატელეფონო ზარები. შესაბამისად, შპს ,,მობიტელის“ სააბონენტო ნომრის გაცემა განხორციელდა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების დადების გარეშე, რაც წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 1 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, რომელიც გადაიდო და ჩატარდა 2016 წლის 23 სექტემბერს, რის შესახებ შპს ,,მობიტელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 23 სექტემბერის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს ,,მობიტელი“ , სიმ ბარათის რეალიზაციისას სამართალდარღვევის აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით, კომპანია გადადის სიმბარათების რეალიზაციის ახალ, სიმბარათების აპარატებით (სიმ ვენდინგ) რეალიზაციის მოდელზე, რისთვისაც შესყიდული აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რაც მთლიანად აღმოფხვრის დილერების მიერ სიმბარათების რეალიზაციისას სამართალდარღვევის შემთხვევებს. კომპანიამ სსიპ „სერვისების განვითარების სააგენტოსთან“ მიაღწია შეთანხმებას და კომპანიის ოფისებში სიმბარათების რეალიზაციის დროს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ სიმბარათის შემსყიდველი პირის იდენტიფიცირება, თუმცა ამის გაკეთების შესაძლებლობა არა აქვთ დილერების მეშვეობით სიმბარათების რეალიზაციისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კომპანიის მხრიდან გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა, პრობლემის სრულად აღმოფხვრისათვის საჭიროა კომპანიის ოფისის გარეთ სიმბარათების შეძენისას აბონენტთან ხელშეკრულების დადების წესის მოძველებული მიდგომის შეცვლა. ამიტომაც მიმართა კომისიას თხოვნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც შეიმუშავებდა და განახორციელებდა იმ ღონისძიებებს, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომელიც უზრუნველყოფდა სიმბარათების გაყიდვის დროს კომპანიების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების 2016 წლის 10 აგვისტოს №შ-10/8188-16 მოხსენებითი ბარათი;
2. შპს ,,მობიტელის“ სიმ ბარათი სააბონენტო ნომრით 599435036;
3. ინდმეწარმე თამარ მელუავას მიერ გაცემული გადახდის ქვითარი;
4. შპს ,,მობიტელის“ მიერ, მისი დილერის მეშვეობით დადებული მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ 2016 წლის 2 აგვისტოს ხელშეკრულება;
5. დეტალური ამონაწერი სატელეფონო ნომრიდან - 577488878 განხორციელებული ზარების თაობაზე;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
7. კომისიის სხდომაზე შპს ,,მობიტელის” წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
8. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის №582/18 გადაწყვეტილება შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,მობიტელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება);
2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2016 წლის 2 აგვისტოს, შპს ,,მობიტელის“ დილერისაგან - ინდმეწარმე თამარ მელუავა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების დადების გარეშე, შეძენილ იქნა შპს ,,მობიტელის“ სიმბარათი ნომრით 571069975, რაშიც გადახდილ იქნა 3 ლარი. აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე სატელეფონო ნომრიდან - 577488878 2016 წლის 4, 5, 7 და 10 აგვისტოს განხორციელდა სატელეფონო ზარები;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების 2016 წლის 10 აგვისტოს Nშ-10/8188-16 მოხსენებითი ბარათი
3. კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის №582/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,მობიტელს” დაეკისრა ჯარიმა 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
მტკიცებულება: კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის №582/18 გადაწყვეტილება
4. შპს ,,მობიტელი“, სიმბარათის რეალიზაციისას სამართალდარღვევის აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით, მიმართავს სხვადასხვა ღონისძიებებს, კერძოდ: კომპანია გადადის სიმბარათების რეალიზაციის ახალ, სიმ ბარათების აპარატებით (სიმვენდინგ) რეალიზაციის მოდელზე, რისთვისაც შესყიდული აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რაც მთლიანად აღმოფხვრის დილერების მიერ სიმბარათების რეალიზაციისას სამართალდარღვევის შემთხვევებს. კომპანიამ სსიპ „სერვისების განვითარების სააგენტოსთან“ მიაღწია შეთანხმებას და კომპანიის ოფისებში სიმბარათების რეალიზაციის დროს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ სიმ ბარათის შემსყიდველი პირის იდენტიფიცირება, თუმცა ამის გაკეთების შესაძლებლობა არა აქვთ დილერების მეშვეობით სიმბარათების რეალიზაციისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კომპანიის მხრიდან გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებებისა, პრობლემის სრულად აღმოფხვრისათვის საჭიროა კომპანიის ოფისის გარეთ სიმბარათების შეძენისას აბონენტთან ხელშეკრულების დადების წესის მოძველებული მიდგომის შეცვლა. ამიტომაც მიმართა კომისიას თხოვნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც შეიმუშავებდა და განახორციელებდა იმ ღონისძიებებს, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომელიც უზრუნველყოფდა სიმბარათების გაყიდვის დროს კომპანიების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
კომისიაში შექმნილ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ შეხვედრას, მობილური ოპერატორების წარმომადგენლებთან და კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ სსიპ „სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და „პერსონალურ მონაცემთა დავის ინსპექტორის აპარატის“ წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა კომპანიების მიერ სიმ ბარათის რეალიზაციისას სამართალდარღვევის აცილებისა და აღმოფხვრის გზები და წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (ქ.რეხვიაშვილი) ახსნა-განმარტება; შპს ,,მობიტელის“ ახსნა-განმარტება
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას;
5. კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,მობიტელი“, დილერების მეშვეობით სიმბარათის რეალიზაციისას სამართალდარღვევის აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით, მიმართავს სხვადასხვა ღონისძიებებს, კერძოდ: კომპანია გადადის სიმბარათების რეალიზაციის ახალ, სიმბარათების აპარატებით (სიმვენდინგ) რეალიზაციის მოდელზე, რისთვისაც შესყიდული აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რაც მთლიანად აღმოფხვრის დილერების მიერ სიმბარათების რეალიზაციისას სამართალდარღვევის შემთხვევებს; კომპანიამ სსიპ „სერვისების განვითარების სააგენტოსთან“ მიაღწია შეთანხმებას, და კომპანიის ოფისებში სიმბარათების რეალიზაციის დროს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ სიმბარათის შემსყიდველი პირის იდენტიფიცირება; კომპანიამ თხოვნით მიმართა კომისიას სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც შეიმუშავებდა და განახორციელებდა იმ ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფდა დილერების მეშვეობით სიმბარათების გაყიდვის დროს კომპანიების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, კომისიას, მისი დისკრეციის ფარგლებში, მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,მობიტელი“ გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შეწყდეს შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
კომისიის წევრმა ქალბატონმა ე.ასანიძემ დააფიქსირა განსხვავებული აზრი. მან აღნიშნა, რომ შპს ,,მობიტელის“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი, რაც შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. სიმბარათის რეალიზაციისას სამართალდარღვევის აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,მობიტელის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები არ წარმოადგენს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 46-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-17 პუნქტებისა და კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობით (ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ. კომისიის წევრმა ე. ასანიძემ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მობიტელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
