წვდომის მენიუ

„სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 651 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2016 13:55

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016

„სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 27 აპრილის საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.018103; 13.05.2016; www.matsne.gov.ge)  მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა მიიღოს დადგენილება სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე.  ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდა ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე, 2016 წლის 13 მაისს.

ზემოაღნიშნული კანონით,  საერთო ეროვნული ტელემაუწყებლობის ენად განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელ  ტელემაუწყებელს,  მიუხედავად მაუწყებლობის ენისა, განესაზღვრა ვალდებულება სამაუწყებლო ბადეში, მათ შორის, საუკეთესო დროს, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზედაც განათავსოს.

„სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის დადგენილების მიღების მიზანს წარმოადგენს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე პროგრამების განთავსების წესის განსაზღვრა. წინამდებარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება კომისიამ უნდა უზრუნველყოს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2016 წლის 27 აპრილის საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით.

ზემოხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 27 აპრილის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

  1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
  2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
  6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.

კომისიის თავმჯდომარე                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                           მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები