წვდომის მენიუ

შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შპს “მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 665 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2016 10:55

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2016

შპსდელტა კომმისწილის 100%-ის შპსმაგთიკომისმიერ შეძენის  თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9927-16 20.09.2016) მიმართეს შპს „მაგთიკომმა“ და შპს „დელტა კომმა“, შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის გაცემის მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) თუ შერწყმის ან შეძენის შემდეგ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

ბ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

გ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწყმა ხდება იმ ეკონომიკურ აგენტთან ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტისგან, რომელიც აღმავალი (დაღმავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომი“ და შპს „დელტა კომმი“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს:

- მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და  ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის გადაწყვეტილება №240/9 21.05.2010);

- ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე (კომისიის გადაწყვეტილება №26/9 25.01.2011);

- ფიქსირებულ უსადენო საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის გადაწყვეტილება №428/9 17.09.2010);

- ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე (კომისიის გადაწყვეტილება №620/19 08.09.2016);

- საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის გადაწყვეტილება №620/19 08.09.2016).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შეძენის განზრახვისა და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100%-ის შეძენის განზრახვიდან გამომდინარე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 4 ნოემბერს, 15.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შედის მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                 კახი ბექაური          

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები