საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 13:02
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №810/23 გადაწყვეტილებით, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ცვლილებების პროექტი ეხებოდა კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებას“, კერძოდ დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტს, საკონკურსო საბჭოს სტრუქტურას და საკონკურსო საბჭოს შემადგენლობას. ცვლილებების პროექტი ითვალისწინებდა საკონკურსო საბჭოს შემადგენლობაში კომისიის თანამშრომლების ჩანაცვლებას ავტორიზებული პირების წარმომადგენლებით. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, 2016 წლის 25 იანვარს, კომისიას წერილით (№შ-6/749-16) მიმართა შპს „მაგთიკომმა“, რომელშიც კომპანია განმარტავს, რომ მისი აზრით საკონკურსო საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ იმ ავტორიზებული პირების წარმომადგენლები, რომლებიც რეალურად დაინტერესებულნი არიან პორტაბელურობის ადმინისტრატორის შერჩევაში და წარმოადგენენ პორტირების ადმინისტრირების საფასურის უდიდესი ნაწილის გადამხდელებს და რომელთა მონაწილეობაც არ იქნება მხოლოდ ფორმალური ხასიათის. ამავე წერილში შპს „მაგთიკომი“ სთავაზობდა კომისიას საკონკურსო საბჭოს შემადგენლობის 7 წევრამდე შემცირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა დაიწყო შესაბამისი მოკვლევა, მიმართა შპს „მედიაპორ ჯორჯიას“ და გამოითხოვა ინფორმაცია პორტირების სისტემაში ჩართული ოპერატორების რიგითობის შესახებ, პორტირების ადმინისტრირების წლიურ საფასურში გადახდილი წილის (კონტრიბუციის) შესაბამისად. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნაწილი ამ პირებისა საკონკურსო საბჭოში შემავალ ავტორიზებულ პირებთან აფილირებული პირია, ან კონკურსის ჩატარების დროისთვის შესაძლოა გახდეს ასეთი, რიგით მომდევნო ოპერატორები კი პორტირების მომსახურების საფასურის გადახდაში მათი მონაწილეობის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე არ არიან დაინტერესებული საკონკურსო საბჭოში მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე განხილულ წინადადებასთან დაკავშირებით კომისიის სამართლებრივმა დეპარტმანეტმა წარმოადგინ შენიშვნა, რომლის თანახმად, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების“ შესახებ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №819/10 გადაწყეტილების საკონკურსო პირობებით, საბჭოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება 9 წევრი მაინც. ხოლო, ქვორუმის შეცვლის უფლება კომისიას არ აქვს, რადგან იგი საკონკურსო პირობების შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, თუ კომისია 9 წევრამდე შეამცირებს საკონკურსო საბჭოს წევრების რაოდენობას, აღნიშნული წარმოქმნის იმგვარ რისკს, რომ ერთი წევრის გამოუცხადებლობაც კი დააბრკოლებს გადაწყვეტილების მიღებას.
საკითხის შესწავლის პროცესში გამოკვეთილი რისკ ფაქტორებიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საკონკურსო საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა უმჯობესია დარჩეს არსებული სახით. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ.ძიძიგურმა კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღნიშნა, რომ ეთანხმება ამგვარ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და „ მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს კომისიის 2016 წლის 24 დეკემბრის №810/23 გადაწყვეტილებით, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
- გადაწყვეტილება ძალაშია მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
