წვდომის მენიუ

სს „საქართველოს რკინიგზის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 670 / 12

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2016 12:08

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2016

სს „საქართველოს რკინიგზის” განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს რკინიგზამ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/9194-16, 01.09.16) საქართველოს ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის  მინიჭების თაობაზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია  აღნიშნავს, რომ  სს „საქართველოს რკინიგზის”  მიერ კომისიაში   წარმოდგენილ   განცხადებას  (№ 7/9194-16, 01.09.16) თანდართული არ ჰქონდა  ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან  და   სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციისა და  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის  500  ლარის   (500  ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი 06/3365-16, 07.09.16წ., რომელიც ჩაბარდა სს „საქართველოს რკინიგზას” 2016 წლის 7 სექტემბერს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტები  არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. განუხილველად დარჩეს სს „საქართველოს რკინიგზის” განცხადება №7/9194-16, 01.09.16წ.  სიხშირის მინიჭების თაობაზე;
  2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს რკინიგზისთვის”  ჩაბარებისთანავე;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6)
    სს „საქართველოს რკინიგზისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები