წვდომის მენიუ

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 68 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:05

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2016

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №730/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 93,1მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №730/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 31 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 2 თებერვალი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 5 თებერვალი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2015 წლის 5 ნოემბრის №730/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “ტვ-სტილმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/10399-15, 28.12.2015წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც  კომპანიის დირექტორი გოგა სამუშია ესწრებოდა. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №730/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს. კერძოდ: შპს ”ტვ-სტილის” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული - მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა. საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და არასწორად იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (კერძოდ ცნობაში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ  დეკლარაციის ფორმაში მითითებულ ინფორმაციას).

კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №821/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „ტვ-სტილს“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2016 წლის 11 იანვრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2016 წლის 6 იანვარს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/93-16).

ზეპირი მოსმენა ქ. თბილისში (სიხშირეზე 93,1მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს “ტვ-სტილის” დირექტორი გოგა სამუშია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/379-16, 18.01.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “ტვ-სტილის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო  კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია. სამაუწყებლო კონცეფციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს ”ტვ-სტილის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები.

შპს “ტვ-სტილის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, რადიო ,,კომერსანტის“ საინფორმაციო სამსახური მსმენელს შესთავაზებს პოლიტიკის, ბიზნესის და ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს საათში სამჯერ, ყოველ 20 წუთში:

      მთავარი საინფორმაციო გამოშვება - ყოველ სრულ საათზე.  მოკლე საინფორმაციო გამოშვებები - საათის 20  და 40 წუთებზე.

საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე  პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიზნეს ამბები გახდება კომერსანტის საინფორმაციო გამოშვების თემა და მასალა. საზოგადოებისთვის მუდმივად აქტუალური თემების უწყვეტი მონიტორინგი, აგრეთვე ჟურნალისტების ჩართვები პირდაპირ ეთერში მოვლენის ადგილიდან და საზოგადოების ყველა სფეროს ჩართულობა ინტერაქტივით, მთლიანად უზრუნველვყოფს საინფორმაციო გამოშვების თემატურ მრავალფეროვნებას.

კომერსანტში  ჩამოყალიბებულია პროფესიონალი ჟურნალისტებით, ანალიტიკოსებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული სარედაქციო ჯგუფი, რომლებიც წლებია წარმატებით აწვდის მსმენელს კვალიფიციურ, პრაქტიკულ  ინფორმაციას და ანალიზს  ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში, რომელიც ადვილად აღსაქმელია და გასაგებია ყველა ტიპის მსმენელისთვის. საინფორმაციო გამოშვების ყოველ 20 წუთში ერთხელ - დინამიკა,  მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის  ინფორმაციას.

რადიოს საინფორმაციო ჯგუფი მაქსიმალური ყურადღებით შეისწავლის და შეამოწმებს ყველა მოვლენას თუ ფაქტს რესპოდენტთა ჩართულობით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო თუ ადმინისტრაციულ სტრუქტურების მონაწილეობით.

,,დღის ბოლოს”  დღის მთავარი თოქშოუ   ყოველ საღამოს, 19:10 საათზე  გავა დღის შემაჯამებელი გამოშვება, სადაც სარედაქციო ჯგუფის მიერ შერჩეული დღის ყველაზე აქტუალური თემები განიხილება მოწვეულ სტუმრებთან; სახელმწიფოს, ბიზნესის და ეკონომიკის სექტორების იმ წარმომადგენლებთან, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული მოვლენა თუ თემა.

საათის თემა“ დღეში 6–ჯერ- ქრონომეტრაჟი 10 წუთი . საათის და დღის ყველაზე აქტუალური თემა, რომელზეც იმუშავებს  საინფორმაციოს გუნდი. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ეცდება მოიპოვოს მხარეებისგან მიმდინარე საკითხზე პასუხები. ან ზოგადად დღის განმავლობაში გამოკვეთილი საინტერესო საკითხი განავრცოს და მსმენელს  გააცნოს ყველა მხარის პოზიცია.

„კომერსანტის ახალი ამბები “- ინგლისურ ენაზე.   დღეში 4-ჯერ ქრონომეტრაჟი 5 წუთი ამბები ინგლისურ ენაზე, რომლის საშუალებითაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ხელმისაწვდომი გახდება თბილისში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

გადაცემები და რუბრიკები:

გადაცემა „პროფესიონალები“ – ეთერშია ყოველ დღე 16:10 საათზე.

 გადაცემის წამყვანები იქნებიან ბიზნესის და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების პროფესიონალები, რომლებიც მათივე სფეროში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ ამავე დარგის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებთან. ქრონომეტრაჟი 45 წუთი. 

გადაცემა „პროფესიონალების“ წამყვანები და თემატიკა:

„ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი

ამ გადაცემაში განიხილება საწვავის ქართულ და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, საწვავის და ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის მექნიზმები.  საავტომობილო ბაზარზე  არსებული სიტუაცია.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მაკალათია. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილება საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკაში არსებული სიახლეები, მაკრო და მიკრო ეკონომიკის პრობლემები და გამოწვევები.

 „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტი შოთა გულბანი. გადაცემაში საუბარი იქნება საბანკო და საფინანსო სექტორის შესახებ, ბიზნესის ურთიერთობაზე ბანკებთან და ამ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე. თემებს განიხილავენ მოწვეული ექსპერტები, ბანკირები, ფინანსისტები და ამ მიმართულების მარეგულირებელი და სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები.

სადაზღვევო ექსპერტი ლაშა ნიკოლაძე – გადაცემის საშუალებით მსმენელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას სადაზღვევო ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ. გადაცემის წამყვანი სადაზღვევო კომპანიების და ამ დარგის ექსპერტების მონაწილეობით განიხილავს სადაზღვევო ბაზარის ახალ პროდუქტებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას.

„ილიაუნის ბიზნესის“ სკოლის წარმომადგენელი თამთა გველესიანი – ამ გადაცემაში რადიო ,,კომერსანტი“ მსმენელს შესთავაზებს კვლევებს ეკონომიკის და ბიზნესის კონკრეტული მიმართულებების შესახებ. ამ კვლევის შედეგებს განვიხილავთ ექსპერტებთან ან კვლევაში მონაწილე კომპანიებთან ერთად.

,,საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის“ დირექტორი ნუგზარ ბერიძე – სემეკის წარმომადგენელი თავის გადაცემებში დარგის სპეციალისტებთან და ენერგეტიკული კომპანიების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრებს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარებაზე.

 „ექიმთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გია ლობჟანიძე – ამ გადაცემაში სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენლები, ჯანდაცვის ექსპერტები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ისაუბრებენ კონკრეტული დაავადებების და მათი მკურნალობის შესახებ, ასევე გაუწევენ რეკომენდაციებს მოსახლეობას ჯანმრთელობის საკითხებზე და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე. აგრეთვე გადაცემა შეეხება ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებს.

„ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელი დირექტორი ლილი ბიბილაშვილი – გადაცემის წამყვანი სხვადასხვა კომპანიის ეიჩარ სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ისაუბრებს კონკრეტული კომპანიის ეიჩარ–პოლიტიკაზე და დასაქმების ბაზარზე, სფეროში არსებულ პრობლემებზე და ტენდენციებზე.

 გადაცემა ,,დეველოპერის დრო“ეთერში გავა ყოველ ხუთშაბათს 19:10 საათზე. გადაცემა მომზადდება რადიოს სპეციალური პროექტების საპროდიუსერო ჯგუფის მიერ. გადაცემის წამყვანი უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენელებთან ერთად ამ დარგში არსებულ ტენდენციებზე და პრობლემებზე ისაუბრებს. მათ შორისაა მშენებლობის ხარისხი, მშენებლობის ევროპული სტანდარტები,  უსაფრთხოების ნორმები, ამ სფეროში არსებული ფინანსური პრობლემები. ახალი პროექტების განხილვა, შიდა და გარე დიზაინის ახალი მიმართულებები, ქართველი არქიტექტორების აღმოჩენა და პოპულარიზაცია.

 გადაცემა სოციალური პოლიტიკა ვახო სანაიასთან ერთად– ეთერში გავა ყოველ ორშაბათს და პარასკევს 12:10 საათზე.

გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად ისაუბრებს საზოგადოებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორისაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მომსახურების ხარისხი, პენსიები, საკანონმდებლო ცვლილებები ამ კუთხით და სხვა აქტუალური საკითხები.

,,პოლიტკომერსანტი ‘’  ყოველკვირეული შოუ რადიო "კომერსანტის" ეთერში. ავტორი - ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი. დრო - ოთხშაბათი 12:10. ხანგრძლივობა - 40 წთ. გადაცემის ფორმატი - საუბარი ბიზნესმენთან სოციალურ, პოლიტიკურ და ფინანსურ თემებზე. პროექტში სტუმრები ისაუბრებენ პირად გამოცდილებაზე, საკუთარ ხედვებზე, ასევე, გააკეთებენ ისეთი მიმდინარე საკითხების ანალიზს, რაც შესაძლოა მათ უშუალო საქმინობასთან არ იყოს კავშირში და ეხებოდეს ნებისმიერ თემას. გადაცემის ფრაგმენტები ვიდეოს და ინტერვიუს ფორმით აიტვირთება საიტებზე "კომერსანტი" და "პოლიტკომერსანტი"

გადაცემა „ბიზნესმენიუგადაცემა ეთერში გავა ყოველ შაბათს 15:10 საათზე. გადაცემის წამყვანი სარესტორნო–სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ამ დარგში არსებულ ვითარებას განიხილავს. დარგის პროფესიონალები ისაუბრებენ კვების ობიექტებზე, მდებარეობაზე, გარემოზე, მენიუზე, მომსახურების სტანდარტებზე, საკვების ხარისხსა და ფასთან შესაბამისობაზე.      

გადაცემა მაირესტჯიგადაცემა ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს, 09:25–ზე მსმენელს შევთავაზებთ ინფორმაციას რესტორნების და სხვა კვების ობიექტების სიახლეებზე. მისცემენ საინტერესო რჩევებს იმის შესახებ როგორ დაგეგმონ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ თავისუფალი დრო.

"მსოფლიო ეკონომიკა და ბიზნესი", რომლის ავტორი და წამყვანი იქნება  საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი.  ყოველდღე დღეში 2 ჯერ - ქრონომეტრაჟი 5-7 წუთი.  წამყვანი მოახდენს გლობალური ეკონომიკის და ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების კომპეტენტურ ანალიზს. ავტორი მსმენელს შესთავაზებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების სტატიების მიმოხილვას. რუბრიკის მსმენელები ყოველთვის საქმის კურსში იქნებიან იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებიც წამყვანის მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდება.

„კომერასნტის ბირჟა  ყოველდღიური გადაცემა - ქრონომეტრაჟი 5-7 წუთი.  პროექტიგანხორციელდება საერთაშორისო ტრეიდერი კომპანიის ,,ადმირალ მარკეტტსთან“ ერთად. გადაცემაში აღნიშნული კომპანის ტრეიდერ ანალიტიკოსები გააკეთებენ მსოფლიო სავალუტო და სასაქონლო ბირჟების ანალიზს. მსმენელს მიაწვდიან მონაცემებს წამყვანი ბირჟების დღის სავალუტო ვაჭრობის შედეგებზე და მოსალოდნელ  ფასთა კვოტირების პროგნოზებს.

რადიოკომერსანტისრუბრიკები:

-          1. „შენი ექიმი“,  სადაც ქვეყნის წამყვანი კლინიკების ექიმები აძლევენ მსმენელს რჩევებს  ჯანსღი ცხოვრების წესის შესახებ თავის მოვლის, პროფილაქტიკურ და პრევენციულ სამედიცინო რეკომენდაციებს.

-          2. ,,ტექნო წიკი“, ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს და ამ რუბრიკის საშუალებით მსმენელი გაეცნობა მსოფლიოს და საქართველოს ტექნოლოგიურ სიახლეებს და არსებულ ტენდენციებს, ინოვაციებს.

-         3. „თბილისის გზები“ – რადიო „კომერსანტის“ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთობლივი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მსმენელს მიაწვდიან ინფორმაციას დედაქალაქის მასშტაბით გზებზე არსებულ სიტუაციას.

-          4. „დილის აფიშა“ –კინოთეატრების ყოველდღიური აფიშა.

-     5. „დილის განსხვავებული ბიზნეს ამბები“ – ამ რუბრიკაში რადიო კომერსანტი მსმენელს შესთავაზებს განსხვავებულ, ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს და ინოვაციებს მსოფლიო ბიზნესში.

-         6. რუბრიკა „მაირესტ–ჯი“ – ყოველდღიური რუბრიკები სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის და აფიშის შესახებ.

-         7. „ბიზნეს–ფსიქოლოგია“ – მსოფლიოში ცნობილი ბიზნესფსიქოლოგების რჩევები.

-         8. „მილიარდერები“ – ცნობილი მილიარდერების ისტორიები , მათი ბიოგრაფიული და ბიზნეს ისტორიები.

-        9. „ტურ–ინფო“ – ეთერში ყოველ სამუშაო დღეს. ამ რუბრიკის საშუალებით რადიო კომერსანტი მსმენელს მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების, დასვენებისა და ტრანსპორტირების ფასების, სავიზო საკითხების შესახებ. ტურისტული კომპანიების შეთავაზებს.

-         10. ვალუტის კურსი – ყოველდღიური ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ.

-         11. საწვავის ფასები –ყოველდღიური ინფორმაცია საწვავის ბაზარზე არსებული ფასების შესახებ.

-      12. ამინდის პროგნოზი – ამინდის პროგნოზი ყოველდღიური. პროგნოზი კურორტებიდან და ეკონომიკურად აქტიური რეგიონებიდან – სადაც შესაძლებელია ბიზნესის კეთება.

-        13. პოეზიის 365 დღე – უნიკალური ლიტერატურული პროექტი კომერსანტზე, ყოველ დღე  ქართველი  პოეტების  ლექსები , რომლებსაც ახალგაზრდა ქართველი მსახიობები წაიკითხავენ.

-       14. სპორტის დრო კომერსანტზე– ყოველდღიური რუბრიკა. საქართველოს და მსოფლიოს სპორტის მოვლენები. სპორტში განხორციელებული ინვესტიციები და ქართულ სპორტში მიმდინარე რეფორმები.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში დაგეგმილი  პროექტები:

-      გადაცემა „აწარმოე ქართული“ -  საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის  ქართული წარმოების მხარდაჭერის ინფორმაციული მხარდაჭერა. გადაცემის არსი მდგომარეობს ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების და ზოგადად ქართული წარმოების კონკრეტული ქეისების განხილვა ეთერში მწარმოებლებთან და პროექტის სხვა მხარეებთან ერთად.

-       „ქართული ხარისხი“ -  გადაცემა გაკეთდება ფონდი  ,,ქართული ხარისხის“ მხარდაჭერით და შეეხება ხარისხის ნიშნის მქონე ქართული კომპანიების საქმიანობას, ხარისხის შემოწმების და დანერგვის სისტემას , მათ პრობლემებს და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თემებს. საუბარი იქნება  მსოფლიო ბრენდებზე , რომლებმაც დროს გაუძლეს და დღემდე ინარჩუნებენ ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს..

-      „ევროპული არჩევანი“ -  რას და როგორ  აპირებს ბიზნესი, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების გამოყენებით, საკუთარი ბაზრების დივერსიფიკაციას და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, რა პრობლემები აქვს ამ პროცესში. რა კონკრეტული მოთხოვნები  უნდა დააკმაყოფილოს ქართულმა პროდუქტმა, რომ შეძლოს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრება. გადაცემის ფორმატით მოხდება ყოველ კონკრეტულ სფეროში არსებული ევროპული სტანდარტების განხილვა შესაბამისი დარგის ქართველ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად. სადაც მოხდება  შედარება ჩვენს რეალობასთან და გამოჩნდება  ნაკლოვანებები  და  საჭიროება.

-       „ღვინის დრო“ - გადაცემა ქართული ღვინის წარმოებაზე. ადგილწარმოშობის მიხედვით ბრენდირებული ქართული ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ქართული ღვინის  ექსპორტისთვის ახალი ბაზრების  მოძიება  და მევენახეობის როგორც ტრადიციული ქართული დარგის განვითარების მიმართულებები. ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის პერსპექტივა მსოფლიო ბაზრებზე, როგორც უნიკალური მოვლენა მეღვინეობაში.

-      „ცხელი ხაზი“ – გადაცემის არსი მდგომარეობს, გადამოწმდეს პირდაპირ ეთერში ყველა ის საკომუნიკაციო არხი, სახელმწიფო, მუნიციპალურ თუ კერძო სტრუქტურებში რომლებიც ვალდებულნი არიან კომპეტენტური ინფორმაციით უზრუნველყონ მომხმარებელი. კომპანიაში დარეკავენ რადიოეთერიდან, ზარი არ იქნება წინასწარ შეთანხმებული და შესაბამისად არადამაკმაყოფილებელი მომსახურების მიღების შემდგომ  შევეცდებით გავარკვიოთ თუ როგორ რეაგირებენ ზემდგომი ორგანოები აღნიშნულზე. ეს იქნება სახალხო მონიტორინგი ყველა ,,ცხელი ხაზის“ რომელიც აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაფერი პირდაპირ ეთერში რეალურ დროში გადაიცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. თბილისში (სიხშირეზე 93,1მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “ტვ-სტილის” დირექტორი გოგა სამუშია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “ტვ-სტილის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/379-16, 18.01.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტვ-სტილის” დირექტორმა გოგა სამუშიამ სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №730/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “ტვ-სტილი”;

2.  უზრუნველყოს შპს “ტვ-სტილმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 2,138.40 (ორი ათას ასოცდათვრამეტი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 7,484.40 (შვიდი ათას ოთხასოთხმოცდაოთხი და 40) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “ტვ-სტილისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ტვ-სტილისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                       მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები