წვდომის მენიუ

პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 680 / 12

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2016 18:15

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2016

პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ

მხარეები:

საჩივრის ავტორი: პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“

დავის საგანი: მაუწყებლის ეთერში განთავსებული ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგების სისწორე

I.დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (Nშ-10368-16) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. განცხადების (საჩივრის) თანახმად, გადაცემა „არჩევანში“, რომელიც ეთერში გავიდა 2016 წლის 19 სექტემბერს, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატების გამოსვლის დროს, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ინტერაქტივი, რომელშიც სატელეფონო ზარების მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია - თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს იზიარებენ. განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაცემის მსვლელობისას, ეკრანზე ასახულ ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგებში პროცენტული უპირატესობა ჰქონდა პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, რის შემდეგაც საეჭვოდ გაითიშა ინტერაქტივი, რაზედაც გადაცემის წამყვანმა განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რასაც არ ეთანხმება განცხადების ავტორი და მომართა კომისიას საკითხის შესასწავლად.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ყველა ინტერაქტივში ქართული ოცნების მხარდამჭერთა ზარების პროცენტული მაჩვენებელი არის დაბალი, რაც  წარმოადგენს მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს:

  1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტი, მე-15 პუნქტი, 82-ე მუხლისა და 93 მუხლი მე-2 ნაწილი.
  2. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-7 თავით დადგენილი წესები;

ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომისიისგან შესაბამის რეაგირებას.

პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადების (29.09.2016  Nშ-6/10368-16) საფუძველზე, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადების კომისიის მიერ განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2016 წლის 7 ოქტომბერს. სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ, როგორც პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, ისე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგები ფიქსირდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „ახტელის“ მფლობელობაში, შემდგომ შპს „ახალ ქსელებში“ დაპორტირებულ  სატელეფონო ნომრებზე,  კომისიამ კომპანიას მიმართა და გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში 2016 წლის 19 სექტემბრის გადაცემა „არჩევანში“ ინტერაქტიული გამოკითხვის გათიშვის მიზეზი; 2. 2016 წლის 19 სექტემბრიდან 2016 წლის 03 ოქტომბრამდე გასულ გადაცემა „არჩევანში“ ინტერაქტივის თითოეულ ნომერზე დაფიქსირებული ზარების რაოდენობა; 3. შპს „ახტელი“ ახორციელებდა თუ არა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ინტერაქტივში დაფიქსირებული ზარების დათვლას.

შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიას წერილობით  (06.10.2016 N2/2/483, 06.10.2016 N2/2/484) აცნობა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 19 სექტემბრის 18:00 საათის მდგომარეობით გამოყოფილი ჰქონდა 6 ცალი E1 სატელეფონო არხი და ამ E1 არხიდან თითოეულ სატელეფონო ნომერზე განსაზღვრული იყო 1x E1. შემოსული ზარების პიკური დატვირთვა დაფიქსირდა 2016 წლის 19 სექტემბრის 22:23 საათზე, რაც შეადგენდა - 2000 ერთდროულ ზარს, რაც ბევრად აღემატებოდა ერთ E1-ში ერთდროული ზარის გატარების შესაძლებლობას, რამაც განაპირობა ხარვეზი ზარის მიღებაზე. შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიას ასევე წარმოუდგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2016 წლის 19 სექტემბრის, 20 სექტემბრის, 26 სექტემბრის, 27 სექტემბრის და 3 აგვისტოს გადაცემა „არჩევანის“ ინტერაქტივის ნომრებზე განხორციელებული ზარების თაობაზე ინფორმაცია. შპს „ახალმა ქსელებმა“ ასევე განუმარტა კომისიას, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ ხდებოდა 2016 წლის 19, 20 და 26 სექტემბრის გადაცემის დროს შემოსული ზარების ავტომატური დათვლა და გადაცემა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სერვერზე, რის შემდეგაც ტელეკომპანია თავად ახორციელებდა გადაცემა „არჩევანში“ გამოქვეყნებულ ინტერქტივში მონაცემების ასახვას; ხოლო 2016 წლის 27 სექტემბერს და 03 ოქტომბერს შპს „ახალი ქსელების“ მიერ მოხდა შემოსული ზარების დასრულება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სერვერზე, საიდანაც კომპანიის მიერ მოხდა ინფორმაციის ასახვა გადაცემის მსვლელობის დროს მიმდინარე ინტერაქტივში.

2016 წლის 7 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები ი. კურდღელია, თ. მურადაშვილი და დ. საძაგლიშვილი. არ გამოცხადდა პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა ი. კურდღელიამ განმარტა, რომ  ინტერაქტივის დროს წარმოიქმნა ტექნიკური პრობლემა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სადგურმა, გადაცემის მსვლელობის განმავლობაში, არაერთხელ, მიიღო დაახლოებით 10-ჯერ მეტი დატვირთვა - ზარების რაოდენობა,  ვიდრე იყო მოთხოვნილი ხელშეკრულებით.  შედეგად ვერ მოხერხდა ყველა ზარის გატარება. ვინაიდან,  შპს „ახალი ქსელები“ ყველა კორპორატიულ კლიენტს ემსახურება მათი მოთხოვნის შესაბამისად, მხარეებს, შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს შორის მოხდა ახალი პირობების შეთანხმება, რის შედეგადაც გაიზარდა გამოყოფილი სატელეფონო რესურსი, რამაც უზრუნველყო მომდევნო გადაცემებში ზარების გამტარუნარიანობის გაზრდა და აღმოიფხვრა კიდეც  აღნიშნული პრობლემა.   შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა თ. მურადაშვილმა აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლები, არის ცალსახად მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განსახილველი საჩივარი, ხოლო, რადგან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მეშვეობით მიმდინარეობდა ზარების გატარება, შესაძლოა აღნიშნული საკითხი იყოს  კომისიის რეგულირების სფერო.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან, მისი საჩივარი შეეხება  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში 2016 წლის 19 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე განთავსებულ გადაცემა „არჩევანში“ ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების საკითხს. აღნიშნული ინტერაქტიული გამოკითხვა წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის  პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესახებ აზრის გამოკითხვას.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლის პროგრამაში განთავსებული ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგების სიზუსტესთან დაკავშირებით, მაუწყებელს შეიძლება მოეთხოვოს ფაქტების დადასტურება ან შესწორება, რაც წარმოადგენს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განსახილველ საკითხს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად.  აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, გარდა ამავე კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59 მუხლებით გათვალისწინებული  დარღვევებისა.  ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის 52-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში, დავა უნდა განიხილოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანომ, ხოლო კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განსახილველი დავა.

ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ მხრიდან ტექნიკური შეფერხების მიზეზის შესასწავლად, შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის საკმარისი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი მოკვლევის განხორციელება შესაძლებელია ფიქსირებული და მობილური ქსელის ყველა ოპერატორის მიერ 2016 წლის სექტემბრის თვის ტრაფიკის თაობაზე ინფორმაციის (CDR-ები) კომისიაში სრულყოფილად წარმოდგენისა და შესწავლის შემდგომ.

კომისიის წევრმა კ. ბექაურმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი. მან აღნიშნა, რომ პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარში, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის დარღვევისა, მითითებულია, მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევაზე. მისი მოსაზრებით,  საჩივრის მიღებაზე უარის თქმა კომისიის მხრიდან, არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან საკითხი არ არის შესწავლილი. შესაძლოა შესწავლის შედეგად გამოვლინდეს, რომ საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნები არ არის დარღვეული, რასაც კომისია ვერ განიხილავს, მაგრამ საკითხი არ არის ისე გამოკვლეული, რომ დღეს პასუხი გაეცეს მომჩივანს ან/და სხვა ორგანომ იმსჯელოს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევა/არდარღვევის შესახებ. მოკვლევის შედეგად, შესაძლოა გამოვლინდეს, რომ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევას ავტორიზებული პირის მიერ. ასეთის შემთხვევაში, კომისიამ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ავტორიზებული  პირის სანქცირების თაობაზე.  კომისიის წევრმა კ.ბექაურმა, ასევე განაცხადა, რომ  ვიდრე არ არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტექნიკური დასკვნა, რომელიც საშუალებას მისცემს კომისიას შეაფასოს, აქვს თუ არა დარღვევას ადგილი და არის თუ არა საკითხი  კომისიის განსახილველი, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  საჩივრის განხილვაზე უარის თქმის წინააღმდეგია.

III.სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის,  მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 591 მუხლის პირველი პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ. კომისიის წევრმა კ. ბექაურმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

  1. პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება (საჩივარი)  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გამოქვეყნებული ინტერაქტიული გამოკითხვის ჯეროვან სიზუსტესთან მიმართებაში არ იქნას მიღებული განსახილველად;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაცემა „არჩევანში“ ინტერაქტიული გამოკითხვის შეწყვეტის  მიზეზის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეთათვის  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ,  №6) მხარეთათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                      მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები