შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2016 12:52
მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2016
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/9421-16; 07.09.2016) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტიკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ 2016 წლის 3, 4 და 5 სექტემბერს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, ანთავსებდა რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს: „Mackenna’s Gold”, „Mission Impossible II”, „John Q”, „Arthur et les Minimoys” და „Mission Impossible”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/9421-16; 07.09.2016) თანახმად, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოვიზუალური პროდუქციის ჩვენების ფარგლებში, კომისიაში 2016 წლის 31 აგვისტოს წარმოდგენილი აქვს „Interfox Commercial Limited“-თან 2016 წლის 01 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (კომისიაში რეგისტრაციის: N6/9184-16, 31.08.2016). სხვა ნებართვები ან ხელშეკრულებები კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის.
შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ დირექტორი ნინო ყიფიანი, რომელმაც მოითხოვა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადება ორი სამუშაო დღით, კომპანიის იურისტის მივლინებაში ყოფნის გამო. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ შუამდგომლობა და საკითხის განხილვის დღედ განსაზღვრა 2016 წლის 11 ოქტომბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც კომპანიის დირექტორი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
კომისიის 2016 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ დირექტორი ნინო ყიფიანი და კომპანიის იურისტი ლიანა ამაშუკელი, რომლებმაც განმარტეს, რომ კომპანიის მხიდან ადგილი ჰქონდა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტიკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას, რაც დღეის მდგომარეობით გამოსწორებულია. ლიანა ამაშუკელის განმარტებით, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დარღვეული არ ყოფილა და კომპანიის მიერ მართლზომიერად ხორციელდებოდა დასახელებული მხატრული ფილმების გავრცელება. აღნიშნულის დასადასტურებლად ლიანა ამაშუკელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ და „Interfox Commercial Limited“-თან 2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოვიზუალური პროდუქციის, მათ შორის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების სამსახურებრივი ბარათში მითითებული მხატრული ფილების („Mackenna’s Gold”, „Mission Impossible II”, „John Q”, „Arthur et les Minimoys” და „Mission Impossible”), მართლზომიერად გავრცელების თაობაზე.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 7 სექტემბრის №10/9421 -16 სამსახურებრივი ბარათი;
2. სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;
3. კომისიის 2016 წლის 16 აგვისტოს №04/3138 – 16 წერილი, მისი შპს „ევრიკა ტელერადიკომპანიისათვის“ გაგზავნისა და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ 2016 წლის 31 აგვისტოს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/9184-16; 31.08.2016) შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ და „Interfox Commercial Limited“-ს შორის 2016 წლის 1 ივნისს დადებულ ხელშეკრულებასთან ერთად;
5. შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
6. 2016 წლის 3 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება და წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმება - შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ და „Interfox Commercial Limited“-თან 2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოვიზუალური პროდუქციის, მართლზომიერად გავრცელების თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანია“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-236; ავტორიზაციის თარიღი: 15/07/2015; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა; თემატიკა: გასართობი; მაუწყებლობის ხანგძლივობა: 12 საათი; გავრცელების ტექნოლოგია: ციფრული (თბილისის მულტიპლექსი), სხვა ტექნოლოგია (საქართველო);
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 3, 4 და 5 სექტემბერს განხორციელებული შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წლის 3, 4 და 5 სექტემბრის მდგომარეობით შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს: „Mackenna’s Gold”, „Mission Impossible II”, „John Q”, „Arthur et les Minimoys” და „Mission Impossible”;
3. კომისიამ 2016 წლის 16 აგვისტოს №04/3138-16 წერილით შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ მოსთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა „Interfox Commercial Limited“-ს და ტელეკომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ასევე „Interfox Commercial Limited“-ის, როგორც შუამავლობის/დისტრიბუციის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის (3.10.2016) კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მხატვრული ფილმების: „Mackenna’s Gold”, „Mission Impossible II”, „John Q”, „Arthur et les Minimoys” და „Mission Impossible” საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);
5. შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“ 2016 წლის 11 ოქტომბერს, კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ და „Interfox Commercial Limited“-ს შორის 2016 წლის 1 ივნისს დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 სექტემბერს მხარეებს შორის დადებული დამატებითი შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოვიზუალური პროდუქციის, მათ შორის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების სამსახურებრივი ბარათში მითითებული მხატრული ფილების („Mackenna’s Gold”, „Mission Impossible II”, „John Q”, „Arthur et les Minimoys” და „Mission Impossible”), მართლზომიერად გავრცელების თაობაზე;
6. შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიას“, ავტორიზაციის გავლისას (15/07/2015) განემარტა, რომ იგი, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
7. შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი;
4. კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“ პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფზახეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა; „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით, კერძოდ, დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი, ვალდებულია, მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატრული ფილმები, მის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატრული ფილმების არანაკლებ 10% ოდენობით. თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არაუმეტეს 10 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატრული ფილმი მაინც;
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
13. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ მიერ, რუსულ ენაზე დუბლირებული, დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების: „Mackenna’s Gold”, „Mission Impossible II”, „John Q”, „Arthur et les Minimoys” და „Mission Impossible” განთავსებით შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 511 მუხლის პირველი პუნქტი და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ მიერ უშუალოდ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი „Interfox Commercial Limited“-თან 2016 წლის 1 სექტემბერს დადებული დამატებითი შეთანხმება, რომლითაც, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ წარმომადგენლების განცხადებით, დასტურდება, რომ შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმები: „Mackenna’s Gold”, „Mission Impossible II”, „John Q”, „Arthur et les Minimoys” და „Mission Impossible” განთავსებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, საჭიროებს დამატებით მოკვლევასა და შესწავლას, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიას შესაძლებლობა ექნება მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიასა“ და „Interfox Commercial Limited“-ს შორის 2016 წლის 1 სექტემბერს დადებული დამატებითი შეთანხმების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიის 2016 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტის - შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ და „Interfox Commercial Limited“-ს შორის 2016 წლის 1 სექტემბერს დადებული დამატებითი შეთანხმების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2016 წლის 10 ნოემბრამდე, ხოლო, აღნიშნული დასკვნის წარმოდგენამდე უნდა შეჩერდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნქტი, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 511 მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“ პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტნს (ი. მახარაძე) შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიის 2016 წლის 11 ოქტომბრის ზეპირ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტის - შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ და „Interfox Commercial Limited“-ს შორის 2016 წლის 1 სექტემბერს დადებული დამატებითი შეთანხმების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2016 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო აღნიშნული დასკვნის წარმოდგენამდე შეჩერდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
