წვდომის მენიუ

შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 690 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 28, 2016 12:54

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2016

შპსარგოსთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათის (N10/8996-16, 26.08.2016) და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N10/10605-16, 5.10.2016) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2016 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „არგოსთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ  ავტორიზებული პირი შპს „არგო“ არ წარმოადგენს კომისიაში  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, კერძოდ: 2015 წლის ივლისის თვიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები). ზემოხსენებული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „არგო“ 2016 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „გრინეტი Ltd Greenet”-ის მიერ მოხსენებულია კონტრაჰენტ ოპერატორად.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამეტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „არგოს“ 2015 წლის ნოემბრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშებები, ხოლო წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხება დავალიანება - 166.63 ლარის ოდენობით.

შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე.  აღნიშნული შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page). შეტყობინებით, შპს „არგო“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. ამის მიუხედავად, კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის  სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „არგოს“  წარმომადგენელი.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების შპს „არგოსთვის“ მის იურიდიულ მისამართზე გაგზავნით და კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით   კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „არგოს“   დაუსწრებლად.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს  Nშ-10/8996-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 5 ოქტომბრის Nშ-10/10605-16 სამსახურებრივი ბარათი;
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „არგოს“ შესახებ მონაცემები;
  4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი შპს „არგოს“  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5%-ის თაობაზე (N10/10894-16, 13.10.2016);
  5. კომისიის 2016 წლის 2 ივნისის N347/18 გადაწყვეტილება „შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „არგო“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 05.08.2014; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );

2. შპს „არგოს“ 2016 წლის 13 ოქტომბრის  მდგომარეობით, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით კომისიაში წარმოსადგენი აქვს: 2015 წლის ივლისის თვის ფორმა N1.1 (შემოსავლები); 2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები);

3. შპს „არგოს“, მის მიერ 2015 წლის ნოემბრამდე წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, კომისიის მიმართ ერიცხება დავალიანება - 166.63 ლარი;

4. შპს „არგოს“  კომისიაში 2015 წლის ნოემბრის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება;

5.  შპს „არგოს“  2016 წლის 2 ივნისის  N347/18 გადაწყვეტილებით, მსგავსი დარღვევისათვის, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო მიეცა გაფრთხილება.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე/მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

7.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

 კომისიას მიაჩნია, რომ შპს „არგოს“ მიერ, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით, ასევე რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტები, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2016 წლის 2 ივნისის  N347/18 გადაწყვეტილებით - „შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ შპს „არგოს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება იდენტური დარღვევისათვის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „არგოს“ უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები)) შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე, კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების -166.63 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა და 2015 წლის ნოემბრის თვიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა და მათ შესაბამისად კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 13 ოქტომბრის N10/10894-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „არგოს“  ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5% შეადგენს 183,09 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  შპს „არგოს“  მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.

 V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის N347/18 გადაწყვეტილების - „შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

გადაწყვიტა:

1.  შპს „არგოს“ დაეკისროს 3000 ლარიანი ჯარიმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის N347/18 გადაწყვეტილების „შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „არგომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის:

ა) გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: 

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; 

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300693251;

ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში  წარმოდგენა;

3. უზრუნველყოს შპს „არგომ“ 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების 166.63 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა, ასევე 2015 წლის ნოემბრის თვიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;

4. უზრუნველყოს შპს „არგომ“ 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2015 წლის ივლისის თვიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) ფორმების  შევსება და კომისიაში წარმოდგენა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)  გადაწყვეტილების შპს „არგოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული ასლის შპს „არგოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი  გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო  დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი), ხოლო  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე  კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე         

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები