წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

ნომერი: 694 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2016 17:58

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2016

შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ  ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე

მხარეები:

საჩივრის ავტორი: ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“

წარმომადგენელი: ნ.ძველიშვილი

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „სტუდია მაესტრო“

წარმომადგენელი: ვ.მამულია

დავის საგანი: შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივრის მიღებაზე უარის თქმა

I.დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ (შემდგომში „ქარტია“) კომისიას მიმართა განცხადებით (საჩივრით) (Nშ-6/10262-16) და მოითხოვა შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებების პროცედურული კუთხით კანონიერების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ქარტიამ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართა მის ერთ-ერთ გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. სიუჟეტში საუბარია, რომ ბავშვებს და მოზრდილებს, რომლებსაც აქვთ უმძიმესი დიაგნოზი, ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდათ უფასო კონსულტაციები და ასევე ნაჩვენები იყო ახლო ხედით ექიმთან კონსულტაციაზე მყოფი ან რიგში მდგომი არასრულწლოვნები, ისე, რომ მათი იდენტიფიცირება სრულად იყო შესაძლებელი.

შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანომ ქარტიის საჩივარი არ მიიღო განსახილველად „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის 10 დღიანი ვადის გაშვების გამო, რაც ძალაში დატოვა შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ.

ქარტიას მიაჩნია, რომ 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს ისეთ შემთხვევებზე, როცა მაუწყებლის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევა ხდება არასწორი ფაქტის/ინფორმაციის გავრცელებით. გარდა სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებისა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ სხვა ვალდებულებებსაც უწესებს მაუწყებელს, მათ შორის 44-ე მუხლით განსაზღვრულს: “მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“, რომელსაც ეფუძნებოდა ქარტიის განცხადება. ქარტიის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში მაუწყებლის ქმედების გასაჩივრების 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს.

ქარტიის მოთხოვნა:

იმსჯელოს კომისიამ შპს „სტუდია მაესტრომ“ დაარღვია თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულება და მიიღოს კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ქარტიის საჩივრის (29.09.2016  Nშ-6/10262-16) კომისიის მიერ განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით, კომისიამ იმსჯელა 2016 წლის 4 და 20 ოქტომბრის კომისიის სხდომებზე. სხდომის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ, როგორც ქარტიას, ისე შპს „სტუდია მაესტროს“ და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2016 წლის 20 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ქარტიის წარმომადგენელი ნატა ძველიშვილი და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ვლადიმერ მამულია.

ქარტიის წარმომადგენელმა ნ. ძველიშვილმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საჩივარს და განაცხადა, რომ შპს „სტუდია მაესტრო“ ვალდებული იყო განეხილა ქარტიის საჩივარი. მან ასევე აღნიშნა, რომ ქარტიისა და „UNICEF“-ის ინიციატივით 2015 წელს ტელეკომპანიებთან, მათ შორის შპს „სტუდია მაესტროსთან“ გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, ტელეკომპანიებმა აიღეს ვალდებულება განეხილათ ბავშვთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული იმ პირთა მიერ წარდგენილი საჩივრები, რომლებიც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად, არ წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს.       ნ.ძველიშვილის განმარტებით,  პრაქტიკის თვალსაზრისით, სასარგებლო იქნება კომისიის განმარტება 10 დღიან გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით.

შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ვ. მამულიამ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ  საჩივარში დაიგნორებულია შპს „მაესტროს“ მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული მეორე მუხლი, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო ორგანო. ეს არის საჩივრის განმხილველი კომისიის შიდა დებულება, რომელიც  წარდგენილია კომისიაში. ასევე, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ეს დოკუმენტი გამოქვეყნებულია ვებ გვერდზეც. გადაწყვეტილებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია თვითრეგულირების  შიდა განმხილველი ორგანოს  დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია იგივე 10 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაში განიხილავს შპს „სტუდია მაესტრო“ დაინტერესებული პირის საჩივარს. კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივართან დაკავშირებით, გარდა ვადისა, სხვა პრობლემური საკითხებიც იყო. არ დგინდებოდა დაინტერესებული პირის სტატუსი.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-7 მუხლის თანახმად, თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრების წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე ქცევის კოდექსი გასაჩივრების უფლებას დაინტერესებულ პირს ანიჭებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის  თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.

შპს „სტუდია მაესტროს“  ხელი აქვს მოწერილი მაუწყებელთა მიერ 2015 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც შეეხება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის დარღვევით გადაცემულ სიუჟეტებთან დაკავშირებით,  ბავშვთა საკითხებზე ან მედიის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა დაინტერესებულ პირად აღიარებას.

ზემოაღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერით, შპს „სტუდია მაესტრომ“, როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, იკისრა ვალდებულება ბავშვთა და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ, თვითრეგულირების ორგანოში შეტანილი საჩივრები მიიღოს განსახილველად. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტრო“ ვალდებული იყო განეხილა აღნიშნული საკითხი. ამასთან, კომისია ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს  „დაინტერესებული პირის“  საკითხი საერთოდ  არ გაუხდია მსჯელობის  საგნად და ქარტიის საჩივარი განუხილველად დატოვა არა იმის გამო, რომ ქარტია არ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, არამედ იმიტომ, რომ ქარტიამ გაუშვა თვითრეგულირების ორგანოსათვის საჩივრით მიმართვის ხანდაზმულობის ვადა, რითაც თავად ცნო დაინტერესებულ პირად ქარტია.

III.სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების,  591 მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადება (29.09.2016  Nშ-6/10262-16), შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნას განსახილველად;
  2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 17 ნოემბერს 15:00 სთ-ზე;
  3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ გაგზავნა; (ნ. ჯავახიძე);
  4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                              მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები