შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 13:49
მიღების თარიღი თებერვალი 08, 2016
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 28 იანვარს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის: 28.01.2016; Nშ–6/860-16) მიმართა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, შპს „ტელეიმედისათვის“ სოციალური რეკლამის სახით წარდგენილი კლიპის, ამ უკანასკნელის მიერ სამაუწყებლო ეთერში არ განთავსების თაობაზე და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ.
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2015 წლის ნოემბრის თვეში, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს „ტელეიმედს“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათებით სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე. საჩივრის თანახმად, მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
2015 წლის 20 ნოემბრის შპს „ტელეიმედის“ მიერ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ შპს „ტელეიმედი“ უარს აცხადებს სოციალური რეკლამის სტატუსით განათავსოს მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა, რადგან აღნიშნულ ვიდეო რგოლში აშკარად ხდება მომსახურების რეკლამირება (იურიდიული დახმარება), რომელსაც ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირი და ის არ აკმაყოფილებს „სოციალური რეკლამის“ კრიტერიუმებს, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი. შპს „ტელეიმედი“ გამოთქვამს მზადყოფნას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად და სრულად შესრულებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიაწოდებს კანონმდებლობასთან შესაბამის აუდიო-ვიზუალურ მასალას.
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედში“ წარდგენილ იქნა სახეცვლილი ვიდეო რგოლი, სადაც გათვალისწინებული იყო მოთხოვნილი ცვლილებები, თუმცა, მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, 2016 წლის 21 იანვარს ტელეკომპანიამ უარი განაცხადა წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედისათვის“ წარდგენილი სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენაა მიმართული, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არ ახორციელებს მომსახურების რეკლამირებას, აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი სიკეთის მიღებისკენაა მიმართული და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელსაც ა(ა)იპ „ადამიანთა უფლებების ცენტრმა“ მიმართა რეკლამა უსასყიდლოდ განათავსა. მათ შორის იყვნენ: შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი I“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი II“, შპს „რუსთავი 2“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, შპს „რადიო პალიტრა“, შპს „ქართული რადიო“ (რადიო „მაესტრო“) და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1“.
მოთხოვნა:
1. შესწავლილ იქნას შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
2. დაევალოს შპს „ტელეიმედს“ ეთერში გაუშვან ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა;
კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2016 წლის 8 თებერვალს სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით (N03/392-16; 04.02.2016; N03/391-16; 04.02.2016), ეცნობათ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ და შპს „ტელეიმედს“. შპს „ტელეიმედს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 8 თებერვლის კომისიის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ნესტან ლონდარიძე. შპს „ტელეიმედის“ უფლებამოსილი წარმომადგენლელი არ ესწრებოდა კომისიის სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება 2016 წლის 4 თებერვალს ჩაბარდა, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის წარმომადგენელი თეა სებისკვერაძე (გზავნილის კოდი:01000229102). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საქმის განხილვის, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ეცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
6. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;
8. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შპს „ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე უარის თქმის საკითხს, „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს წარმოებაში ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი და შესაბამისად დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარის (28.01.2016 Nშ–6/860-16) განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 18 თებერვალს 15.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისათვის“ და ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
