შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 04, 2016 18:10
მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2016
შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/11139-16, 19.10.2016) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 08 ივნისიდან. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ რიგი საერთო მაუწყებლები, მათ შორის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“, თავიანთ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 27 ოქტომბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის დირექტორი ვიქტორ მეძმარიაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განაცხადა, რომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსებას.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/11139-16, 19.10.2016);
- შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ავტორიზაციის დეკლარაცია (2014 წლის 6 ოქტომბერი);
- შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს წარმომადგენლის ვიქტორ მეძმარიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2014 წლის 6 ოქტომბრიდან;
- შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ 2016 წლის 8 ივნისიდან 19 ოქტომბრამდე, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას წარმოადგენს;
- შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუქნტის მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1.მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24”-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 -ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის გამო;
2.დაევალოს შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
