შპს ,,ორდუნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2016 18:00
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2016
შპს ,,ორდუნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების შეწყვეტის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/11420-16, 24.10.2016) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ორდუნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარატამენტის თანამშრობლების ზ. გუძუაძის და კ. მამისეიშვილის მიერ 2016 წლის 18 -21 ოქტომბერს განხორციელდა WiFi ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირების საქმიანობის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „ორდუნეტი“, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში WiFi ტექნოლოგიით აბონენტების მომსახურების პროცესში იყენებს 5100 მჰც რადიოსიხშირეს, რაზეც შპს „ორდუნეტს“ არ გააჩნია ლიცენზია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შემოწმების საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000230.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიაში იწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000230, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2016 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო კომისიას წარედგინა 2016 წლის 24 ოქტომბერს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 31ოქტომბერი 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს „ორდუნეტს“. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ორდუნეტს“ შეტყობინებით განემარტა, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
შპს „ორდუნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 24 ოქტომბრის №10/11420-16 მოხსენებითი ბარათი;
2. შპს „ორდუნეტის“ მიმართ 2016 წლის 19 ოქტომბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი № 000230;
3. შპს „ორდუნეტის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს ,,ორდუნეტის“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 17.01.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.1 ინტერნეტ მომსახურება);
- კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარატმენტის თანამშრობლების ზ. გუძუაძის და კ. მამისეიშვილის მიერ 2016 წლის 19 ოქტომბერს განხორციელდა შპს „ორდუნეტის“ მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „ორდუნეტი“, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში WiFi ტექნოლოგიით აბონენტების მომსახურების პროცესში იყენებდა 5100 მჰც რადიოსიხშირეს, რაზეც შპს „ორდუნეტს“ არ გააჩნია ლიცენზია. აღნიშნულის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000230;
- წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000230 არ არის შედგენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული მისი შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, ასევე ოქმს ხელს არ აწერს შემმოწმებელი პირი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი ზ.გუძუაძე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში;
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;
6. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443-1445 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე კომისიის მიერ დადგენილი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს: ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ბ) მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; დ) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; ე) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; ზ) ნებისმიერი ცნობა ან მითითება ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქმის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს; თ) ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა; ი) სამართალდამრღვევის უფლებებისა და მოვალეობების ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: "პირს, რომელსაც წარედგინა წინამდებარე ოქმი, უფლება აქვს: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“; კ) ოქმის შემდგენლისა და სამართალდამრღვევის (ან მისი წარმომადგენლის) ხელმოწერები, ხოლო მოწმეთა და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ხელმოწერები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, შემდგენელმა ოქმში სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები;
7. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გადაცემის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას წყვეტს შემდეგ საკითხებს: ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და საქმის სხვა მასალები, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას, მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი რომელთაც მნიშნველობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტაში;
8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; ამავე წესების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ორდუნეტის“ მიმართ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას გამოვლინდა, რომ 2016 წლის 19 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000230 არ არის შედგენილი სწორად, კერძოდ, მისი შედგენისას დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები - ოქმში არ არის ასახული შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი და ხელმოწერა, შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ამგვარი მოთხოვნების დარღვევით შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 240-ე მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე და 260-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე, 38-ე და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „ორდუნეტისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ორდუნეტისთვის“ გაგზავნა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ორდუნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) შპს „ორდუნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
