წვდომის მენიუ

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 714 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2016 17:54

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2016

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის პირველი ნოემბრის 19:00 საათამდე; მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 4 ნოემბრის 13:00 საათი; ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად 2016 წლის 5 დეკემბრის 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად 2016 წლის 8 დეკემბრის 13:00 საათი; ლიცენზიის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“.

კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 4 ნოემბერს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში, კერძოდ საკონკურსო წინადადების ტიპიურ ფორმაში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ შემოთავაზებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მაქსიმალურ საფასურად მითითებული იყო 100 ლარი, მაშინ როცა კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების შესაბამისად იგი განისაზღვრა 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

მოსამზადებელ სხდომაზე ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უჩა სეთურმა განაცხადა, რომ საკონკურსო წინადადების ტიპიურ ფორმაში, მითითებულია თანხა, რომელსაც კომპანია გადაიხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მინიმალური ოდენობის 1000.00 ლარის გარდა დამატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის მიერ შემოთავაზებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის მაქსიმალურ საფასური არის 1100.00 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს;

ბ) პოლიტიკურ პარტიას;

გ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ თავმჯდომარის/გამგეობის წევრის ნათია კუპრაშვილის (პ/ნ 60001006837) და აღმასრულებელი დირექტორის/გამგეობის წევრის უჩა სეთურის (პ/ნ 01012006210) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ მოისმინა ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის განმარტება ხარვეზით წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვროს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადა დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 501-ე და 521-ე მუხლების და კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ 2016 წლის 11 ნოემბრის 19:00 საათამდე კომისიის 2016 წლის 29 სექტემბრის N662/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის განახლებული საკონკურსო წინადადების ტიპიური ფორმის წარმოდგენა;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                            მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები