წვდომის მენიუ

შპს „FlyLink“-ის ადმინისტაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 717 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2016 18:04

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2016

შპს FlyLink“-ის ადმინისტაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების თაობაზე

1. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 24 ოქტომბრის Nშ-10/11420-16 მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარდა WiFi ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირების საქმიანობის მონიტორინგი, რომლის შესაბამისად, გამოვლინდა, რომ ქ. ტყიბულში ავტორიზებული პირი შპს „FlyLink“-ი ოპერირებდა 5180 მჰც რადიოსიხშირეებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „FlyLink“-ის მიმართ 2016 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N000200. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ შპს „FlyLink“-ის მიერ ხორციელდება ინტერნეტ მომსახურება ლიცენზირებადი რადიოსიხშირეების 5180 მჰც მეშვეობით, აღნიშნულ სიხშირეზე შპს „FlyLink“-ს არ გააჩნია საქმიანობის ნებართვა, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. შპს „FlyLink“-ის დირექტორის გიორგი უკლებას განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, რომ აღნიშნული სიხშირის გამოყენება არ შეიძლებოდა.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2016 წლის 18 ოქტომბერს, რომელიც კომისიას წარედგინა 2016 წლის 24 ოქტომბერს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 31 ოქტომბერი, 15:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს „FlyLink“-ს (24.10.2016 N03/3783-16). შპს „FlyLink“-ს გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე შპს „FlyLink“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხვის განხილვის გადადება და შპს „FlyLink“-ისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 4 ნოემბერი, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „FlyLink“-ს ეცნობა კომისიის 2016 წლის პირველი ნოემბრის N 03/3878-16  შეტყობინებით.

კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „FlyLink“-ის დირექტორი გ. უკლება, რომელმაც განაცხადა, რომ აღიარებს სამართალდარღვევის ფაქტს, და აღნიშნა, რომ ტექნიკური პერსონალის არყოფნის პერიოდში შეცვალა სიხშირე, თუმცა ვინაიდან არ არის ამ საკითხში კომპეტენტური, არ იცოდა რომ აღნიშნული სიხშირის გამოყენება არ შეიძლებოდა. გ.უკლება ინანიებს აღნიშნულ ქმედებას და ითხოვს პატიებას. გ. უკლებამ ასევე აღნიშნა, რომ დარღვევის გამოვლენისთანავე შეწყვიტა ლიცენზირებადი სიხშირის არამართლზომიერი გამოყენება.

კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ს. შავგულიძემ დაადასტურა, რომ შემოწმების მომენტში შპს „FlyLink“-ის მიერ 5180 მჰც სიხშირის გამოყენება ხელშეშლებს არ უქმნიდა სხვა პირებს, ვინაიდან კომისიის მიერ ზემოაღნიშნული სიხშირე  გაცემული არ არის.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/11420-16, 24.10.2016);
  2. 2016 წლის 18 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000200;
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „FlyLink“-ის შესახებ მონაცემები;
  4. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის ს. შავგულიძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე;
  5. შპს „FlyLink“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „FlyLink“-ი 2013 წლის 3 იანვრიდან  არის ავტორიზებული პირი  (ავტორიზაციის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi);

2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2016 წლის 18 ოქტომბერს ჩატარდა WiFi ტექნოლოგიით ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული პირების მონიტორინგი, რომლის შესაბამისად, გამოვლინდა, რომ ქ. ტყიბულში შპს „FlyLink“-ი ოპერირებდა ლიცენზირებად რადიოსიხშირეზე - 5180 მჰც, რომელზეც კომპანიას არ გააჩნია საქმიანობის ნებართვა;

3. შპს „FlyLink“-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000200  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ზ. გუძუაძე და კ. მამისეიშვილი და შპს „FlyLink“-ის დირექტორი გ. უკლება, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი. ამასთან, შპს „FlyLink“-ს ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან;

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას;

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსით, საქართველოს რესპუბლიკის სხვა ნორმატიული (04.07.2002 N1625) აქტებით და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით;

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 7 დღის ვადაში; ხოლო, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე 7 დღის ვადაში;

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის;

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას;

10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: ბრალეულის გულწრფელი მონანიება;

11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს, ქ. ტყიბულში, შპს „FlyLink“-ი  არამართლზომიერად,  ლიცენზიის ნებართვია ან მინიჭების გარეშე, საქმიანობისთვის იყენებდა - 5180 მჰც რადიოსიხშირეს, რაც დასტურდება კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2016  წლის  18 ოქტომბერს შედგენილი №000200 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით; ოქმში ასახული შპს „FlyLink“-ის დირექტორის ახსნა-განმარტებითა და კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე შპს „FlyLink“-ი დირექტორის ახსნა-განმარტებით, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება იმ გარემოებას, ექვემდებარება თუ არა შპს „FlyLink“-ი  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას,  კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს მის მიერ ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელიც საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მხრიდან მიჩნეული იქნება მცირემნიშვნელოვნად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ განმარტავს მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნებას და არც სხვა უფრო მნიშვნელოვანი სამართალდარღვევებიდან მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევათა გამიჯვნის კრიტერიუმებს ადგენს. კანონმდებელი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართალდარღვევის ხასიათის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასა და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებასთან დაკავშირებით დისკრეციულ უფლებამოსილებას საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირს) ანიჭებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული ისეთი ქმედება, რომელიც მართალია, შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი ან/და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი  წესის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის განხილვისას კომისიამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, მცირე მნიშვნელობა, ზიანის არ არსებობა (კომისიის მიერ 5180 მჰც სიხშირე არ არის გაცემული, შესაბამისად,  კომპანიის მიერ ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე გამოყენებულ სიხშირეზე 5180 მჰც სხვა პირისათვის ხელშეშლებს ადგილი არ ჰქონია), დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, შპს „FlyLink“-ის დირექტორის გ. უკლებას მიერ კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე მიცემული გულწრფელი განმარტება, მის მიერ ჩადენილი ქმედების მონანიება და პატიების თხოვნა, ასევე ის, რომ ანალოგიური სამართალდარღვევისათვის სახდელდადებული არ ყოფილა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა ქმნის იმის წინაპირობას, როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის ნორმა, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს მას სიტყვიერი შენიშვნა. 

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ თავად სამართალდამრღვევი აღიარებს მომხდარს და მისი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ არის კრიტიკული ანუ მიზანი, რასაც ემსახურება სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციები (მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის) მოცემულ შემთხვევაში მიღწეულია.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე, 290-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის  მე-13, მე-14 პუნქტების, 37-ე, 38-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „FlyLink“-ი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით საქმიანობისათვის და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა;

2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) დაევალოს  შპს „FlyLink“-ისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „FlyLink“-ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                 მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები