წვდომის მენიუ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის №ბს-545-538 (2კ-15) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ,,შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 729 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2016 17:50

მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის №ბს-545-538 (2კ-15) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ,,შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 4 ივნისს შპს ,,მობიტელმა“ განცხადებით (04.06.13N7/223-13) მიმართა კომისიას და მოითხოვა რადიოსიხშირული სპქტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება. კომისიამ 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებით შპს ,,მობიტელს“ გაუგრძელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 23 ივლისიდან 10 წლით-2023 წლის 23 ივლისამდე, ხოლო შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა -16,177,427.70  (თექვსმეტი მილიონ ასსამოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასოცდაშვიდი  და 70) ლარით. თანხის დაანგარიშება მოხდა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულით.

კომისია აღნიშნავს, რომ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, მაგრამ აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშების მათემატიკურ წესს.

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის  12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის №6 დადგენილებით „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშების მათემატიკური წესი. სწორედ ამ ახალი წესის შესაბამისად დაანგარიშდა ,,შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასური.

შპს ,,მობიტელმა“ სასამართლო წესით გაასაჩივრა ,,შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შპს ,,მობიტელის“ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის საფასურის გამოთვლის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,მობიტელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის №ბს-545-538 (2კ-15) გადაწყვეტილებით შპს ,,მობიტელის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. შპს ,,მობიტელის“ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შპს ,,მობიტელის“ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამოთვლის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, კომისიას შპს ,,მობიტელის“ სასარგებლოდ დაეკისრა სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 550 ლარის მესამედის - 183,3 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინება უცვლელად დატოვა.

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მობიტელმა“ კომისიას ლიცენზიის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 4 ივნისს, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 და მე-15 მუხლების საფუძველზე, კომისიას აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2013 წლის 16 ივლისს, სადავო ინდივიდუალური აქტი კი 2013 წლის 22 ივლისს გამოსცა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შპს ,,მობიტელის“ მიმართ ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული რომ ყოფილიყო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საფასურის დაანგარიშება არ მოხდებოდა 2013 წლის 17 ივლისს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, 2013 წლის 7 ივნისს კომისიის 2005 წლის  12 დეკემბრის №13 დადგენილებაში დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც უპირობოდ არ ადასტურებს, რომ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება უკვე დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებულ წესს გაითვალისწინებდა. გარდა ამისა, თუნდაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჩამოყალიბებული ჰქონოდა მოსაზრება  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის წესთან დაკავშირებით, ნორმატიული აქტი 2017 წლის 17 ივლისს იქნა მიღებული. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ნორმის დროში მოქმედების არცერთი პრინციპი არ მიიჩნევს დასაშვებად ჯერ მიუღებელი, თუნდაც პროექტის დონეზე არსებული ნორმის გავრცელებას მის მიღებამდე განსახილველ განცხადებაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,მობიტელის“ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში განხილვის შემთხვევაში, კომისიას უნდა გამოეყენებინა სადავო დამატების მიღებამდე არსებული წესი, მიუხედავად იმისა, ეს წესი ნორმატიულად იყო განსაზღვრული, თუ პრაქტიკით დადგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,   საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის №ბს-545-538 (2კ-15) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში. კერძოდ, წინამდებარე გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით შპს ,,მობიტელისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური უნდა განისაზღვროს 2013 წლის 17 ივლისამდე კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით  განსაზღვრული დაანგარიშების მეთოდით.

კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N10/841-13 18.07.13) თანახმად, ვინაიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ბოლო ორი წლის, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად  დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად (ანუ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად) არ გამართულა არც ერთი  აუქციონი, შპს “მობიტელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით და ამავე მუხლის  ვ) ქვეპუნქტით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 22 ივლისის მდგომარეობით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად   დანაწილებულ რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო  ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩატარებული ბოლო სამი აუქციონის შედეგები შემდეგნაირია:

კომისიის 2006 წლის 23 მაისის N210/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 35 მჰც სიხშირულ ზოლზე (1950მჰც÷1965მჰც; 2140მჰც÷2155მჰც; 2010მჰც÷2015მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა  შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 18,681,072 (თვრამეტი მილიონ ექვსასოთხმოცდაერთი ათას სამოცდათორმეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა  35მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 18,681,072/35 = 533,744.91 (ხუთასოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი და 91) ლარი.

· კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N533/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10 მჰც სიხშირულ ზოლზე (1740,4მჰც÷1741,2მჰც; 1835,4მჰც÷1836,2მჰც; 1780,6მჰც÷1784,8მჰც; 1875,6მჰც÷1879,8მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯეოკომ ინვესტი“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური- 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაასრვა ათას ხუთასთვრამეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა 10მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 17,808,518/10 = 1,780,851.80 (ერთი მილიონ შვიდასოთხმოცი ათას რვაასორმოცდათერთმეტი და 80) ლარი.

კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N795/8 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10.98 მჰც სიხშირულ ზოლზე (880.335მჰც÷883.365; 887.055მჰც÷889.515მჰც; 925.335მჰც÷928.365მჰც; 932.055მჰც÷934.515მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მობიტელი“, აღნიშნულ აუცქიონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 27,874,175.00 (ოცდაშვიდი მილიონ რვაასსამოცდათოთხმეტი ათას ასსამოცდათხუთმეტი და 00) ლარი, შესაბამისად  1 მჰც სიხშირის საფასურმა 10.98მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 27,874,175/10.98 = 2,538,631.60 (ორი მილიონ ხუთასოცდათვრამეტი ათას ექვსასოცდათერთმეტი  და 60) ლარი.

კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილების მიხედვით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5  ლიცენზია ითვალისწინებს 10მჰც (1775.2მჰც÷1780.2მჰც; 1870.2მჰც÷1875.2მჰც) სიხშირული ზოლით  სარგებლობის უფლებას. 2013 წლის 17 ივლისამდე  კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით განსაზღვრული საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშების მეთოდის მიხედვით,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგნაირად: 10x((18,681,072+17,808,518+27,874,175)/(35+10+10.98))=11,497,635.76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შპს “მობიტელის“ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2013 წლის 16 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 11,497,635.76 (თერთმეტი მილიონ ოთხასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასოცდათხუთმეტი და 76) ლარს. შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში  უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური უნდა განისაზღვროს 11,497,635.76 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის №ბს-545-538 (2კ-15) გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება ,,შპს ,,მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს -11,497,635.76 (თერთმეტი მილიონ ოთხასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასოცდათხუთმეტი ლარი და 76 თეთრი) ლარით;“;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისთვის“ გაგზავნა;

3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                            მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები