შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2016 18:04
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2016
შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/10133-16, 22.09.2016) მიმართა შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ (ყოფილი შპს „სილქ ლტი“) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დღიდან არ უსარგებლია აღნიშნული ლიცენზიით და არც სამომავლოდ აპირებს სარგებლობას. შესაბამისად ითხოვს ზემოაღნიშნული ლიცენზიის გაუქმებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის №646/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების მიზნით; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 27 ოქტომბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე განისაზღვრა;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2026 წლის 5 მაისამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2026;
გ) უზრუნველყოს შპს „სილქ ლტი“-მ 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 207, 690. 80 (ორას შვიდი ათას ექვსას ოთხმოცდაათი და 80) ლარის ოდენობით. კომპანიას თანხა უნდა გადაეხადა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
29 670.80 ლარი - 2016 წლის 15 ივნისამდე;
29 670.00 ლარი 2016 წლის 15 ივლისამდე;
29 670.00 ლარი2016 წლის 15 აგვისტომდე;
29 670.00 ლარი 2016 წლის 15 სექტემბრამდე;
29 670.00 ლარი2016 წლის 15 ოქტომბრამდე;
29 670.00 ლარი2016 წლის 15 ნოემბრამდე;
29 670.00 ლარი2016 წლის 15 დეკემბრამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ მიერ არ განხორციელებულა 2016 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გადასახდელი თანხის (148 350.80 ლარი) ჩარიცხვა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. ამავე დროს კომპანიის მიერ მოთხოვნილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
2016 წლის 27 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე. ზეპირიო მოსმენის სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2016 წლის 10 ნოემბრის 15:00 საათი.
კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2016 წლის 4 მაისის №279/6 გადაწყვეტილება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვაიმაქს ჯორჯიასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
