წვდომის მენიუ

შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 737 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2016 14:25

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2016

შპს  „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/11139-16, 19.10.2016) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის N03/06/02 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2016 წლის 8 ოქტომბერს შესაბამისად,  წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 08 ივნისიდან. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“, საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებს  წინასაარჩევნო დებატებს.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 4 ნოემბერს 15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე, შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს გაეგზავნა  შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2016 წლის 4 ნოებერს, საკითხის განხილვის დღეს, კომისიაში შემოვიდა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და საკითხის განხივლვა გადატანილ იქნა 2016 წლის 10 ნოემბერს, რის თაობაზეც „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს  გაეგზავნა შეტყობინება.

კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის  სხდომაზე არ გამოცხადდა მაუწყებლის  უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა,  რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2016 წლის 7 ნოემბერს (N03/3954-16, 07.11.2016), რასაც შეტყობინებაზე სოფიო კამლაძის (კომპანიის წარმომადგენელი) ხელმოწერა ადასტურებს.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს   დაუსწრებლად.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/11139-16, 19.10.2016);
  2. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს  ავტორიზაციის დეკლარაცია (2015 წლის 11 თებერვალი);
  3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  უფროსის ივანე მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის კომისიის სხდომაზე;

IV. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 11 თებერვლიდან;
  2. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“  2016 წლის 8 ივნისიდან 19 ოქტომბრამდე, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა  წინასაარჩევნო დებატებს;
  3. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.

V. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;                     

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა; 

5.  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს   მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის  მოთხოვნები,  კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  წინასაარჩებნო დებატებს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს   მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის  მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

VI. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის   პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს გაფრთხილება  შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს   კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის     დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის     ჩაბარების დღიდან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის     ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                           

მოვალეობის შემსრულებელი                                     მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                    კახი ბექაური

                                                                                                                           

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები