წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია I სტერეოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 739 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2016 14:31

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2016

შპს „ტელეკომპანია I სტერეოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/11139-16, 19.10.2016) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის N03/06/02 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2016 წლის 8 ოქტომბერს, შესაბამისად,  წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 08 ივნისიდან. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“, საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას და წინასაარჩევნო დებატებს.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა, ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 27 ოქტომბერს 15:00 საათზე, რის შესახებ  შპს „ტელეკომპანია  I სტერეოს“  გაეგზავნა  შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის, 4 და 10 ნოემბრის სხდომებზე არ გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“  წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებები (N03/3772-16 24.10.2016; N03/3831-16 31.10.2016; N03/3951-16 07.11.2016) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარებული აქვს.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“   დაუსწრებლად.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/11139-16, 19.10.2016);
  2. შპს „ტელეკომპანია  I სტერეოს“  ავტორიზაციის დეკლარაცია (2015 წლის 15 ივლისი);
  3. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შპს „ტელეკომპანია I სტერეოსათვის“ შეტყობინებების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (N03/3772-16 24.10.2016; N03/3831-16 31.10.2016; N03/3951-16 07.11.2016);
  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  უფროსის ივანე მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის კომისიის სხდომაზე.

IV. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ტელეკომპანია  I სტერეო“   წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 15 ივლისიდან;
  2. შპს „ტელეკომპანია  I სტერეო“   2016 წლის 8 ივნისიდან 19 ოქტომბრამდე, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს და წინასაარჩევნო დებატებს;
  3. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“   უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.

V. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა; 

5.  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

6.   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;                      

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

გამომდინარე იქედან, რომ შპს  „ტელეკომპანია I სტერეოს“  მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუქნტი, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას და წინასაარჩებნო დებატებს. კომისიას მიაჩნია, რომ შპს  „ტელეკომპანია I სტერეოს“  მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის  მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

VI. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს გაფრთხილება  შპს  „ტელეკომპანია I სტერეოს“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს   კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის  პირობების შეუსრულებლობის გამო;

2.  დაევალოს შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“   გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს  „ტელეკომპანია  I სტერეოს“  -სთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ -სთვის  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ -სთვის  ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                           

მოვალეობის შემსრულებელი                                          მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                           კახი ბექაური

 

 

                                                                                                                           

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები