წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 747 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2016 17:56

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2016

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/12009-16, 11.11.16) მომართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2016 წლის 15-18 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლის მოადგილის ვიზიტთან დაკავშირებით, რადიოკავშირისთვის  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს კომისია ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისთვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ 15 ნოემბრიდან  18 ნოემბრის  ჩათვლით,  საქართველოში  ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლის მოადგილის ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ორი დღის ვადით.

კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის   და  გამოყენებულ   უნდა   იქნას  მხოლოდ  საგარეო  საქმეთა   სამინისტროს  მიერ ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლის მოადგილის პირადი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ  უნდა  გადაეცეს  სხვა პირს.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებდივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 1428  და მიენიჭოს 139.1375 მჰც, 140.0375 მჰც, 143.0375 მჰც, 143.175 მჰც, 139.1250 მჰც და 141.350 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ოთხი  დღის ვადით 15 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

  

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები