წვდომის მენიუ

შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 752 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2016 14:03

მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2016

შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათებიდან (№შ-10/11170-16; 19.10.2016; №შ-10/11568-16; 27.10.2016) ირკვევა, რომ  შპს „მეგა.ჯეს“ 2016 წლის მაისიდან არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ასევე მიუხედავად კომისიის 2016 წლის 20 სექტემბრის N05/3459-16 წერილობითი შეტყობინებისა (გზავნილის კოდი: AP01001440195; ჩაბარების თარიღი: 24.09.2016), რომლის შესაბამისად, შპს „მეგა.ჯეს“ ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები. ხოლო, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მონაცემებით, შპს „მეგა.ჯეს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (ავტორიზაციის თარიღ: 29.04.2015) წარმოდგენილი აქვს მხოლოდ, 2015 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით ნულოვანი გაანგარიშებები, 2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და იმ პერიოდისთვის ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 3.75 ლარი. დღეის მდგომარეობით გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/11170-16; 19.10.2016) და  საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/11568-16; 27.10.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 17 ნოემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „მეგა.ჯეს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/3978-16, 9.11.2016) კომპანიას 2016 წლის 11 ნოემბერს ჩაბარდა. ამის მიუხედავად, კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე  შპს „მეგა.ჯეს“  წარმომადგენელი  არ გამოცხადდა. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების შპს „მეგა.ჯესთვის“ გაგზავნით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „მეგა.ჯეს“ დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/11170-16; 19.10.2016);
  2.  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/11568-16, 27.10.2016);
  3. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრვი ბარათი (№შ-10/11520-16; 26.10.2016);
  4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მეგა.ჯეს“  შესახებ მონაცემები.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „მეგა.ჯე“ 2015 წლის 29 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 დგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა);
  2. შპს „მეგა.ჯე“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა  და „კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  4. შპს „მეგა.ჯე“, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (9.11.2016), ასევე გადაწყვეტილების მიღებისათვის, შესავსები და კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა 2016 წლის მაისიდან  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
  5. შპს „მეგა,ჯეს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (29/04/2015) კომისიაში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ, 2015 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეების ნულოვანი გაანგარიშებები, 2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და იმ პერიოდისთვის ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასურის -3.75 ლარი. შესაბამისად, შპს „მეგა,ჯეს“ წარმოსადგენი აქვს 2016 წლის მარტიდან  სექტემბრის ჩათვლით რეგულირების საფასურის ყოველწლიური გაანგარიშებები. დღეის მდგომარეობით გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება ვერ დგინდება;
  6. შპს „მეგა.ჯეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით შპს „მეგა.ჯეს“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მეგა.ჯეს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა,  ის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.   ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოდგენა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს წერილობითი გაფრთხილება შპს „მეგა.ჯეს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „მეგა.ჯეს“ 2016 წლის მარტიდან  სექტემბრის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს შპს „მეგა.ჯეს“ 10 სამუშაო დღის ვადაში 2016 წლის მაისიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მეგა.ჯესთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მეგა.ჯესთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მეგა.ჯესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო (ნ. დევდარიანი) და კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ  (რ. სხირტლაძე) დეპარტამენტებს.

კომისიის თავმჯდომარე                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                  გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები