წვდომის მენიუ

ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 754 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2016 17:43

მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2016

ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/11139-16, 19.10.2016) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის N03/06/02 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2016 წლის 8 ოქტომბერს შესაბამისად,  წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო 2016 წლის 08 ივნისიდან. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებს  წინასაარჩევნო დებატებს.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 4 ნოემბერს 15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაეგზავნა  შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა მაუწყებლის  წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2016 წლის 1 ნოემბერს. კომისიის გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2016 წლის 10 ნოემბერს, რის თაობაზეც ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  ეცნობა შეტყობინებით.

2016 წლის 10 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ კომპანიის წარმომადგენლები: თათა თადუმაძე, რომლემაც განაცხა, რომ  წინასაარჩევნო დებატების არქონის მიზეზი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაგეგმილ გადაცემაში გამოუცხადებლობა იყო, რის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  წარმოადგენს კომისიაში.

კომისიის გადაწყვეტილებით, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2016 წლის 17 ნოემბერს, 15:00 საათზე.

ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 17 ნოემბერს, რომელსაც ესწრებოდან კომპანიის წარმომადგენელი ზაქარია ბიჭიკაშვილი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული განმატებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან და ვიდეო მასალებიდან დგინდება, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა წინასაარჩევნო დებატებს, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და „მაუწყებელთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/11139-16, 19.10.2016);
  2. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ავტორიზაციის დეკლარაცია (2016 წლის 16 თებერვალი);
  3. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის  კომისიის სხდომაზე;
  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტის კ. ქორიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის კომისიის სხდომაზე;

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმოადგენს კერძო, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2016 წლის 16 თებერვლიდან;
  2. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  2016 წლის 8 ივნისიდან 19 ოქტომბრამდე, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა  წინასაარჩევნო დებატებს;
  3. ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;                     

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა; 

5.  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“  მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების , 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები,  კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  წინასაარჩებნო დებატებს, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“   მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის  მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის   პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის,  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს გაფრთხილება ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“    ჩაბარების დღიდან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები