ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2016 15:25
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2016
ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე
მხარეები:
საჩივრის ავტორი: ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“
წარმომადგენელი: ნ.ძველიშვილი
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „სტუდია მაესტრო“
წარმომადგენელი: ვ.მამულია
დავის საგანი: შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს მიერ ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივრის მიღებაზე უარის თქმა
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ (შემდგომში „ქარტია“) კომისიას მიმართა განცხადებით (საჩივრით) (Nშ-6/10262-16) და მოითხოვა შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებების, პროცედურული კუთხით, კანონიერების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ქარტიამ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართა მის ერთ-ერთ გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. სიუჟეტი შეეხება მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მოზრდილებს, რომლებსაც ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდათ უფასო კონსულტაციები; ასევე ახლო ხედით ნაჩვენებია ექიმთან კონსულტაციაზე მყოფი ან რიგში მდგომი არასრულწლოვნები, ისე, რომ მათი იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი.
შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანომ ქარტიის საჩივარი არ მიიღო განსახილველად „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის 10 დღიანი ვადის გაშვების გამო, რაც ძალაში დატოვა შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ.
ქარტიის განცხადების თანახმად, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევა ხდება არასწორი ფაქტის/ინფორმაციის გავრცელებით. გარდა სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებისა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ სხვა ვალდებულებებსაც უწესებს მაუწყებელს, მათ შორის ამ კოდექსის 44-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“. შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოსთვის წარდგენილი ქარტიის საჩივარი ეფუძნებოდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის დარღვევას. ქარტიის მოსაზრებით, მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლის ქმედების გასაჩივრების 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს.
ქარტიის მოთხოვნა:
იმსჯელოს კომისიამ შპს „სტუდია მაესტრომ“ დაარღვია თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
შპს „სტუდია მაესტრომ“ 2016 წლის 18 ოქტომბერს კომისიაში წარმოადგინა განცხადება (შ-6/11075-16 ) - წერილობითი პოზიცია ქარტიის საჩივართან დაკავშირებით. შპს „სტუდია მაესტროს“ განმარტებით, მისი თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას, გარდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლისა, საფუძვლად უდევს შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივრების განმხილველი კომისიის მუშაობის წესის (დებულების) 3.1. პუნქტი, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირი, მისთვის მიუღებელი ინფორმაციის „სტუდია მაესტროს“ ეთერში გაჟღერების შემთხვეევაში, უფლებამოსილია - მიმართოს კომისიას 10 დღის ვადაში და მოსთხოვოს მცდარი ფაქტის შესწორება ან უარყოფა. შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს დაინტერესებული მხარის სტატუსს, კერძოდ, „დაინტერესებული მხარე - ნებისმიერი პირი რომელსაც ეხება, ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში“. აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადებით, ვინაიდან, ქარტიას არ ეხებოდა სადაო სიუჟეტი და არც ნახსენებია მასში, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება დაინტერესებულ პირად.
შპს „სტუდია მაესტროს“ განმარტებით, ტელეკომპანია პატივს სცემს ბავშვთა უფლებებს და სადაო სიუჟეტით არ შელახულა მათი უფლებები, რადგან კადრში ახლო ხედით ნაჩვენები იყო, მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც სახეზე ეკეთა პირბადე, რაც მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, ამდენად, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ არ დარღვეულა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლი.
ქარტიის განცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ, კომისიამ განიხილა 2016 წლის 17 ნოემბრის კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ქარტიის აღმსარულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ვლადიმერ მამულია.
2016 წლის 17 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე, ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა მაუწყებლობის სტანდარტების გაუმჯობესება, გაშუქების დროს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. მისი განმარტებით, მაუწყებლობის სტანდარტის გაუმჯობესებაზე მუშაობს ქარტია და მოწოდებულია, რომ ხელი შეუწყოს თვითრეგულირების მექანიზმის გაძლიერებას.
ნ.ძველიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვისას ქარტიის მიზანს წარმოადგენდა, მაუწყებლის სამომავლო საქმიანობაში მსგავსი დარღვევების აღმოფხვრა და მაუწყებლობის სტანდარტის გაუმჯობესება.
ნ. ძველიშვილის მოსაზრებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახავი სიუჟეტის თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრებას არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან, აღნიშნული ნორმა გამოიყენება მაუწყებლის მიერ პროგრამაში ჯეროვანი სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში და არა პირადი ცხოვრების ხელმყოფი პროგრამის ეთერში განთავსებისას. ნ. ძველიშვილის განმარტებით, ქარტიის მიერ კომისიისთვის მომართვის ძირითად მიზანს წარმოადგენს, ზემოაღნიშნულ ხანდაზმულობის 10 დღიან ვადაზე კომისიის მიერ პრაქტიკის დადგენა.
შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ვლადიმერ მამულიამ აღნიშნა, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საინტერესო იქნება კომისიის მსჯელობა, რამდენად წარმოადგენდა ქარტია დაინტერესებულ პირს შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის დროს.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
- ქარტიის მიერ კომისიაში 2016 წლის 29 სექტემბერს წარდგენილი განცხადება (საჩივარი) Nშ-6/10262-16;
- შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
- ქარტიის 2016 წლის 8 აგვისტოს სააპელაციო საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე;
- შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივრების განმხილველი სააპელაციო ორგანოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება;
- ქარტიის მიერ კომისიაში 2016 წლის 12 ოქტომბერს წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია Nშ-6/10847-16;
- შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ კომისიაში 2016 წლის 18 ოქტომბერი შ-6/11075-16 წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია;
- ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე;
- შპს „სტუდია მესტროს“ ვლადიმერ მამულიას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე;
III. ფაქტობრივი გარემოებები
- ქარტიის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადების (საჩივრის) თანახმად, შპს „სტუდია მაესტროს“ 2016 წლის 04 მაისის ეთერში განთავსებულ სიუჟეტში გასაჯაროვდა არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია; სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ბავშვებს და მოზრდილებს, რომლებსაც აქვთ უმძიმესი დიაგნოზი, ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდათ უფასო კონსულტაციები და ასევე ნაჩვენები იყო ახლო ხედით ექიმთან კონსულტაციაზე მყოფი ან რიგში მდგომი არასრულწლოვნები, ისე, რომ მათი იდენტიფიცირება სრულად იყო შესაძლებელი;
- სადაო სიუჟეტთან დაკავშირებით, ქარტიამ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა 2016 წლის 27 მაისს;
- შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევის გამო, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საჩივარი არ მიიღო განსახილველად;
- შპს „სტუდია მაესტროს თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ;
- ქარტიის მიერ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვა ემსახურებოდა, მაუწყებლებლის სტანდარტის გაუმჯობესებას და უკეთესობისკენ შეცვლას;
- ქარტიის მიერ კომისიისთვის საჩივრით მომართვის მიზანს წარმოადგენს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, მაუწყებლისთვის მიმართვის ხანდაზმულობის 10 დღიან ვადასთან დაკავშირებით კომისიის პრაქტიკის ჩამოყალიბება;
- შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს, „დაინტერესებული პირის“ საკითხი არ გაუხდია მსჯელობის საგნად და ქარტიის საჩივარი განუხილველად დატოვა, ქარტიის მიერ თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის 10 დღიანი ვადის დარღვევის მოტივით და არა იმის გამო, რომ ქარტია არ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას;
- „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ა) მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში; ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი; ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლის თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხები დარეგულირებულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავს მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებს თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და სავალდებულოა შესასრულებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წესები განსაზღვრავს კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იქნას მაუწყებლის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.
„მაუწყებელთა ქცევის კოდესის“ მე-3 მუხლის (კოდექსის პრინციპები) პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფა. ამავე პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის პრინციპს ასევე წარმოადგენს, თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრა. ასევე მაუწყებლობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს განეკუთვნება მაუწყებლის მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, მაყურებელს უნდა მიეწოდოს მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.
კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრა მაუწყებლის ქმედებით - ფაქტის შესწორებით ან უარყოფით, რაც შეეხება მაუწყებლის პროგრამით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას, ფაქტის შესწორებით ან უარყოფით ვერ მოხდება დარღვევის აღმოფხვრა. მაუწყებლის მიერ ჩადენილი ასეთი დარღვევა შესაძლოა გამოსწორდეს მომავალში სამაუწყებლო ბადიდან უფლებადამრღვევი პროდუქციის ამოღებით, ხოლო მსგავს დავებზე თვითრეგულირების მექანიზმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაუწყებლის სტანდარტის გაუმჯობესების ხელშემწყობი უნდა იყოს. ამდენად, ვინაიდან, განსხვავდება ამ ორი დარღვევის შინაარსი და მათი გასაჩივრებით მიღწეული შედეგი, შესაბამისად, განსხვავებულია ამ დარღვევებთან დაკავშირებით, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში გასაჩივრების ვადები. კერძოდ, განცხადების უზუსტობასთან დაკავშირებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ითვალისწინებს განცხადების ეთერში განთავსებიდან, თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის 10 დღიან ხანდაზმულობის ვადას. რაც შეეხება მაუწყებლის მიერ პირის სხვა უფლებების დარღვევის, მათ შორის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმისთვის საჩივრით მიმართვის ვადა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.
კომისია აღნიშნავს, რომ ქარტიის მიერ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის მიზანს არ წარმოადგენს კონკრეტული არასრულწლოვანი პირის პირადი ცხოვრების უფლების დაცვა. აღნიშნული უფლება კანონით, მხოლოდ არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს აქვს მინიჭებული.
კომისია აღნიშნავს, რომ ქარტიის საჩივრის მიზანს წარმოადგენს, მაუწყებლის მიერ კონსტიტუციით დაცული უფლების დარღვევის ფაქტის გამოვლენა და მათი აღმოფხვრა. ქარტიას მაუწყებლისგან არასრულწლოვანთა უფლების რაიმე სახით აღდგენა ან დარღვეული უფლების სანაცვლოდ კომპენსირება არ მოუთხოვია (არც ჰქონდა ამის უფლება). ქარტიის მიზანს წარმოადგენს მედია სივრციდან უფლებადამრღვევი პროდუქციის ამოღება, რაც სასარგებლოა სამაუწყებლო სფეროში კანონმდებლობის დაცვისა და მაღალი სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით. იგივე მიზანს ემსახურება, ქარტიის მიერ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება.
კომისია აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შემთხვევაში, უფლების აღდგენა და სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელება, მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს მიერ არის შესაძლებელი, ხოლო ქარტიის საჩივრის მიზანს წარმოადგენს მაუწყებლის შეცვლა უკეთესობისკენ.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ აღნიშნული მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში. ქარტიას არ მოუთხოვია და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, ვერც მოითხოვდა ფაქტის შესწორებას ან უარყოფას, შესაბამისად, მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის საჩივრით მიმართვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილი 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა არ უნდა იქნას გამოყენებული.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივრების განმხილველი კომისიის დებულების 3.1. პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი, მისთვის მიუღებელი ინფორმაციის „სტუდია მაესტროს“ ეთერში გაჟღერების შემთხვეევაში, უფლებამოსილია - მიმართოს კომისიას 10 დღის ვადაში და მოსთხოვოს მცდარი ფაქტის შესწორება ან უარყოფა. შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივრების განმხილველი კომისიის დებულება არ ითვალისწინებს, თუ რა ვადაში უნდა მიმართოს თვითრეგულირების ორგანოს დაინტერესებულმა პირმა, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, იმ პირობებში, როდესაც პირადი ცხოვრების დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმისთვის მიმართვის ვადა არც კანონმდებლობით და არც შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების მექანიზმის დებულებით არ არის განსაზღვრული, შპს „სტუდია მაესტრო“ არ იყო უფლებამოსილი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, ქარტიის საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი, ხანდაზმულობის 10 დღიანი ვადის გასვლის გამო.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14, 52-ე და 591 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადება (29.09.2016 Nშ-6/10262-16), შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ დაკმაყოფილდეს;
- მხარეებს განემარტოთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლით განსაზღვრული, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის 10 დღიანი ვადა შეეხება მხოლოდ სამაუწყებლო პროგრამებში მოყვანილი ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის წარდგენას. სხვა საჩივრებთან დაკავშირებით, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის სპეციალური ვადა კანონმდებლობით დადგენილი არ არის;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
