შპს ,,ჯიმობაილისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2016 17:57
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2016
შპს ,,ჯიმობაილისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს ,,ჯიმობაილმა” (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/11969-16, 10.11.2016) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 30 000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯიმობაილი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
- ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- როუმინგული კავშირით მომსახურება.
2. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
- ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
- მულტიმედიური მომსახურება;
- ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
- მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
- მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვა გაიცემა -არაგეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არაგეოგრაფიული ნომრებისთვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, განსაზღვრულია ციფრებით „500-599“.
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ,,ჯიმობაილის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯიმობაილის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის 1000 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჯიმობაილი” კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №696/24 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 10 000 სააბონენტო ნომერზე. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა, რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%. შპს „ჯიმობაილის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75% ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ შპს „ჯიმობაილმა“ კომისიაში 2016 წლის 10 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-7/11970-16) წარმოადგენა შპს „ჯიმობაილის“ მიერ 7500 აბონენტთან გაფორმებული სააბონეტო ხელშეკრულების ასლები. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში (მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მონაცემებით) წარმოდგენილი სტატისტიკური ფორმების მიხედვით შპს „ჯიმობაილს” მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ჰყავს 8023 რეგისტრირებული აბონენტი, რაც შპს „ჯიმობაილზე” კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსიის 80,2 %-ს შეადგენს. შპს „ჯიმობაილს“ 8023 რეგისტრირებული აბონენტიდან (სტატისტიკური ფორმების მიხედვით) ჰყავს მხოლოდ 3002 აქტიური აბონენტი. ეს გამოწვეულია იმით, რომ შპს „ჯიმობაილს“ თავისი ბაზარი გათვლილი აქვს მხოლოდ ტურისტებზე და მათი სააბონენტო ნომერი აქტიურია მხოლოდ მოგზაურობის დროს. კომისიაში წარმოდგენილი ტრაფიკის შესახებ დეტალური ინფორმაციიდან ჩანს, რომ უნიკალური აქტიური სატელეფონო ნომერი სხვადასხვა პერიოდში იცვლება. ამ გარემოებების გათვალისწინებით კომისიამ გადაწყვიტა პირველ ეტაპზე იმსჯელოს შპს „ჯიმობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ მხოლოდ 10 000 სააბონენტო ნომერზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ,,ჯიმობაილს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N326 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 10 000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერი (995 550 01X XXX) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. ეცნობოს შპს ,,ჯიმობალს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ჯიმობაილისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
