ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2016 18:26
მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2016
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 გადაწყვეტილებით შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №706 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 10 წლით. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,რადიოკომპანია საართველოს ხმას“ დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის - 7484 ლარი გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ლიცენზია, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და მიენიჭა № B67.
კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №469/18 გადაწყვეტილებით, კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ მიეცა გაფრთხილება და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ნებაყოფლობით გადახდის მიზნით მიეცა ვადა - 3 თვე.
კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილებით შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიას 10 წლით გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის - 10692 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ერთი წლის განმავლობაში.
კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №14/18 გადაწყვეტილებით, კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანების გადაუხდელობის გამო, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარი და დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების გადახდის მიზნით მიეცა ვადა - ერთი თვე.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარატამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/9418-16; 07.09.2016) თანახმად, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ 2016 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანება - 12947.91 ლარი და ჯარიმის თანხის დავალიანება - 2500 ლარი, რაც წარმოადგენს კომისიის გადაწყვეტილებებისა და სალიცენზიო პირობის დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 23 სექტემბერს 15:00 საათზე, რის შესახებ შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 23 სექტემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ დირექტორმა მ.კუჭავამ აღნიშნა, რომ კომპანია იწყებს ახალ პროექტებს, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას მოიზიდოს ფინანსები და დაფაროს დავალიანება. აქედან გამომდინარე, მან ითხოვა კომისიას არ მიეღო კომპანიის მიმართ უკიდურესი ზომა და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანებისა და ჯარიმის დაფარვის მიზნით საკითხის განხილვის გადადება, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 13 ოქტომბრისთვის.
2016 წლის 13 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ წარმომადგენელი უ.სეთური, რომელმაც აღნიშნა, რომ შეიქმნა შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ რეაბილიტაციის გეგმა. ამავე დროს, ფინანსების მოძიების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, რაც დასრულდება ორ კვირაში და კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა სრულად დაფაროს დავალიანება. შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის თანახმაა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის შეჩერების მიზნით, ვინაიდან, იმ ვადაში, რაც კანონით განსაზღვრულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის, კომპანია შეძლებს დაფაროს სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება და აღმოფხვრას დარღვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის №475/6 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2016 წლის 17 ნოემბერს.
2016 წლის 17 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ წარმომადგენელი უ.სეთური, რომელმაც განაცხადა, რომ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანების დაფარვის მიზნით, მობილიზებულია თანხის ნაწილი. ამჟამად, სააღსრულებო ბიუროში აზუსტებენ დავალიანების ოდენობას, რის შემდეგ მთლიანად იქნება დაფარული კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანება. აქედან გამომდინარე, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ წარმომადგენელმა კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანების სრულად დაფარვისთვის ითხოვა ორკვირიანი ვადა, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. კომისიამ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოაცხადა შესვენება, ხოლო მისი გაგრძელების დღედ განსაზღვრა 2016 წლის 1 დეკემბერი.
2016 წლის 1 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა დაინტერესებული პირი მ.ნიკოლოზაშვილი-კუჭავა, რომელმაც წარმოადგინა კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანების - 12947.91 ლარი და ჯარიმის თანხის დავალიანების - 2500 ლარი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარატამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/12611-16; 1.12.2016) თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული საგადასახადო დავალებისა და თბილისისს სააღსრულებო ბიუროდან მიღებული სალაროს შემოსავლების ორდერებიდან გამომდინარე, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმამ“ 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით სრულად დაფარა კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანება - 12947.91 ლარი და ჯარიმის თანხა - 2500 ლარი.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 გადაწყვეტილება ,,შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის” კერძო მაუწყებლობის №706 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ“;
2. კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №469/18 გადაწყვეტილება ,,შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
3. კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილება ,,შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის” კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე“;
4. კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №14/18 გადაწყვეტილება ,,შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;
5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 7 სექტემბრის №შ-10/9418-16 და 1 დეკემბრის №შ-10/12611-16 სამსახურებრივი ბარათები;
6. ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-03/8917-16; 25.08.2016);
7. შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ 2016 წლის 17 აგვისტოს №შ-03/8533-16 და 30 ნოემბრის №შ-6/12588-16 წერილები;
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული საგადასახადო დავალება № 1184 (2654 ლარის გადახდის თაობაზე) და სალაროს შემოსავლების ორდერები (2676 ლარისა და 10295.44 ლარის გადახდის თაობაზე; დანიშნულება: აღსრულების ეროვნული ბიურო);
8. კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის, 13 ოქტომბრის და 17 ნოემბრის სხდომებზე შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ გენერალური დირექტორის მ.კუჭავას და წარმომადგენლის უ.სეთურის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
9. კომისიის 2016 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარატამენტის (ნ.ჯანელიძე) მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
10. ამონაწერი საჯარო რეესტრის სამეწარმეო (არასამეწარმეო) პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმასთან“ დაკავშირებით.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 გადაწყვეტილებით შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №706 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 10 წლით. ამავე გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის - 7484 ლარი გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 831.60 ლარი - 2004 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2005 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2006 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2007 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2008 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2009 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2010 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2011 წლის 27 აგვისტომდე; 831.60 ლარი - 2012 წლის 27 აგვისტომდე. აღნიშნული ლიცენზია, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და მიენიჭა № B67;
მტკიცებულება: კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 გადაწყვეტილება; კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილება
2. კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილებით შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიას 10 წლით გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის - 10692 ლარი გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 891.00 ლარი – 2013 წლის 26 აგვისტომდე; 891.00 ლარი - 2013 წლის 26 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2013 წლის 26 ოქტომბრამდე; 891.00 ლარი – 2013 წლის 26 ნოემბრამდე; 891.00 ლარი – 2013 წლის 26 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2014 წლის 26 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2014 წლის 26 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2014 წლის 26 მარტამდე; 891.00 ლარი – 2014 წლის 26 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2014 წლის 26 მაისამდე; 891.00 ლარი – 2014 წლის 26 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2014 წლის 26 ივლისამდე;
მტკიცებულება: კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილება
3. კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №469/18 გადაწყვეტილებით შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ მიეცა გაფრთხილება კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო და დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 3326 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის მიზნით მიეცა ვადა - სამი თვე;
მტკიცებულება: კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №469/18 გადაწყვეტილება
4. კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №14/18 გადაწყვეტილებით, კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანების გადაუხდელობის გამო, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით და დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის დავალიანებისა და ჯარიმის თანხის გადახდის მიზნით მიეცა ვადა - ერთი თვე;
მტკიცებულება: კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №14/18 გადაწყვეტილება
5. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, ქ.თბილისის სააღსრულებო ბიურომ შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ გაუგზავნა წინადადება კომისიის გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი შესრულების თაობაზე, რასაც კომპანიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა. აღსრულების ბიუროს მიერ ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ საბანკო ანგარიშებს; შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ უარი ეთქვა ვალდებულების შესრულების განმეორებით განწილვადებაზე, მის მიერ შეთანხმებული გრაფიკის დარღვევის გამო; აღსრულების ბიუროს მიერ ქონების მოძიების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ნივთი, ავტოსატრანსპორტო საშუალება და იარაღი რეგისტრირებული არ არის; აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კომპანიას გაეგზავნა გაფრთხილება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე, რაც მის მიერ არ შესრულდა, რის გამოც, საქმე რეაგირებისათვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს; აღსრულების ბიუროს მიერ შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმა“ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრის ერთიან ბაზაში. 2015 წლის 27 აპრილს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოიღო 1070.09 ლარი;
მტკიცებულება: ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 25 აგვისტოს №შ-03/8917-16 წერილი
6. 2016 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნდა კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 და 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანება - ჯამში 12947.91 ლარი და კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №14/18 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ჯარიმის თანხის დავალიანება - 2500 ლარი.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 7 სექტემბრის №შ-10/9418-16 სამსახურებრივი ბარათი
7. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარატამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/12611-16; 1.12.2016) თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული საგადასახადო დავალებისა და თბილისისს სააღსრულებო ბიუროდან მიღებული სალაროს შემოსავლების ორდერებიდან გამომდინარე, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმამ“ 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით სრულად დაფარა კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანება - 12947.91 ლარი და ჯარიმის თანხა - 2500 ლარი.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/12611-16; 1.12.2016)
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად;
7. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ გააჩნია კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №414/6 და 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის გადასახდელის დავალიანება - ჯამში 12947.91 ლარი და კომისიის 2014 წლის 15 იანვრის №14/18 გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმის თანხის დავალიანება - 2500 ლარი, არ არსებობს შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე;
ბ) გადაწყვეტილების შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
