წვდომის მენიუ

შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 779 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2016 15:44

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2016

შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 21 ოქტომბერს №01/02/9109 ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „პისი მაქსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/11369-16 21.10.2016), შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელი, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ფოთს, ასევე აბაშის, გორის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, მცხეთის, სამტრედიის, სენაკის, ქობულეთის, ხაშურის, ფასანაურის, ყაზბეგის, ხობის მუნიციპალიტეტებს) შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 10 ნოემბრის №01/02/9125 წერილით კომისიაში დამატებით იქნა წარმოდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია  შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელთა შესახებ და შპს „კავკასუს ონლაინის“ მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პისი მაქსი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიაკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.  

შპს “კავკასუს ონლაინის“ საქმიანობის ძირითადი სახეებია:

-           VoIP მომსახურება;

-          ინტერნეტის და ციფრული არხების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა;

-          კოლოკაცია;

-          .ge დომეინის მომსახურება.

შპს „პისი მაქსის“ საქმიანობის ძირითადი სახეა საკომუნიკაციო ქსელით მომსახურება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს “კავკასუს ონლაინის“  პარტნიორები  არიან:

უცხოური საწარმო International Online Networks LLC (“ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდი“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი და მოქმედი კომპანია) – წილის 36,2%-ის მფლობელი;

“გროუს მასთერ ჰოლდინგზ აისი“ (ჯერსიში, ჩენელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია) - წილის 44%-ის მფლობელი;

“ნელგადო ლიმითედი“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია) – წილის 19,8%-ის მფლობელი.

“ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდის“ პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია “ნელგადო ლიმითედი“. თავის მხრივ “ნელგადო ლიმითედის“ პარტნიორები და წილის მფლობელები არიან: ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარია (წილის 30%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი რევაზ ელიავა (წილის 50%-ის მფლობელი), კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედი“ (წილის 20 %-ის მფლობელი). ამავე დროს, კომპანია „ნექსუს გროუპ ლიმითედის“ პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ზურაბიშვილი. “გროუს მასთერ ჰოლდინგზ აისი“, წარმოადგენს საინვესტიციო ფონდს, რომლის ინვესტორთა ვინაობა არ არის ცნობილი მესამე პირთათვის.

შპს “კავკასუს ონლაინის“ დირექტორია ნიკოლოზ ჭიაურელი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “კავკასუს ონლაინის“, შპს “კავკასუს ონლაინის“ დირექტორის ნიკოლოზ ჭიაურელის, შპს “კავკასუს ონლაინის“ პარტნიორების, კომპანია “ინტერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდის“, კომპანია “ნელგადო ლიმითედის“, კომპანია “ნელგადო ლიმითიდის“   პარტნიორების - კომპანია “ნექსუს გროუპ ლიმითიდის“, ფიზიკური პირების: რევაზ ელიავას და ხვიჩა მაქაცარიას, კომპანია “ნექსუს გროუპ ლიმითიდის“ პარტნიორის დავით ზურაბიშვილის, აფილირებულობა დგინდება ავტორიზებულ პირ „რკინიგზის ტელეკომთან“. სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულობა არ დგინდება.

შპს „კავკასუს ონლაინის“  2016 წლის 10 ნოემბრის №01-02/9125 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინი" აფილირებულია შემდეგ კომპანიებთან:

1) შპს „კავკასუს ქეიბელ სისტემ ბულგარია“ (ბულგარეთის კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას).  შპს „კავკასუს ონლაინი“ ფლობს აღნიშნული კომპანიის წილის 100%-ს;

2) შპს „კავკასუს ქეიბელ სისტემ არმენია“ (სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.  შპს „კავკასუს ონლაინი“ ფლობს აღნიშნული კომპანიის წილის 100%-ს;

3) შპს „რკინიგზის ტელეკომი“, ავტორიზებული პირი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში. შპს „რკინიგზის ტელეკომის“ წილის 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი „ნოვასტარ კომერს ლიმიტედ“, ხოლო „ნოვასტარ კომერს ლიმიტედის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთ-ერთი პარტნიორი “ნელგადო ლიმითედი“;

4) შპს „კარდენახი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი. კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“.

5) შპს „კავკასუს ონლაინი თიზ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია. კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია შპს „კავკასუს ონლაინი“.

შპს „პისი მაქსის“ პარტნიორია ფიზიკური პირი ნიკოლოზ დიდებულიძე (წილის 100%-ის მფლობელი). შპს „პისი მაქსის“ დირექტორია ლევან ხუნდაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „პისი მაქსის“, შპს „პისი მაქსის“ პარტნიორის ნიკოლოზ დიდებულიძის, ასევე შპს „პისი მაქსის“ დირექტორის ლევან ხუნდაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად:

შპს „კავკასუს ონლაინის" შემოსავლებმა 2016 წლის 9 თვეში (იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით) შეადგინა:

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტი: 2,252,546 ლარი;

საბითუმო ხმოვანი მომსახურება - ურთიერთჩართვა არარეზიდენტ ოპერატორებთან: 8,985,270 ლარი;

საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება - არხების იჯარა: 16,419,660 ლარი.

შპს „პისი მაქსის“ შემოსავლებმა 2016 წლის 9 თვეში (იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით) შეადგინა: 873,562 ლარი.

შპს „კავკასუს ონლაინთან" აფილირებული ავტორიზებული პირის - „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა 2016 წლის 9 თვეში (იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით) შეადგინა:

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - 35,008 ლარი;

საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურება - ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მომსახურება - 545,508 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზონათშორის ტერიტორიულ ერთეულებში შპს „პისი მაქსს“  გააჩნია მხოლოდ ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ქსელი, შპს „კავკასუს ონლაინს“ მხოლოდ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური ელემენტები, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომს“, როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ქსელი, ასევე მაგისტრალურ საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური ელემენტები. კომისიის სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაცის მიხედვით ირკვევა, რომ  ზონათშორის ტერიტორიულ ერთეულებში ოპტიკურ-ბოჭკოვან  ქსელთან და  ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების  საბითუმო მომსახურების სეგმენტებზე  არსებობს საბითუმო მომსახურების მიწოდების  ისეთი  გეოგრაფიული ერთეულები (ხობის, ფასანაურის მუნიციპალიტეტები), სადაც მხოლოდ  შპს ”კავკასუს ონლაინი” და შპს „პისი მაქსია“  წარმოდგენილი, ხოლო უმრავლეს გეოგრაფიულ ერთეულებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ასევე აბაშის, გორის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, მცხეთის, სამტრედიის, სენაკის, ქობულეთის, ხაშურის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) შპს „პისი მაქსის“, შპს ”კავკასუს ონლაინის” ან  შპს „რკინიგზის ტელეკომის“ გარდა წარმოდგენილნი არიან სხვა ავტორიზებული პირები. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ  არც  შპს „პისი მაქსი“  და არც  შპს „კავკასუს ონლაინი“ და მასთან აფილირებული ავტორიზებული პირები ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ საქმიანობენ,  შპს „კავკასუს“  ონლაინს“ არ აქვს კონკურენტისათვის საქმიანობის შეზღუდვის მოტივაცია.  საქმიანობის  შეზღუდვა წარმოიშვება  მაშინ, როდესაც ინტერნეტ საცალო  მომსახურების ალტერნატიული  მიმწოდებლისათვის საბითუმო მომსახურების მიღების და/ან საცალო მომსახურების ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობები და სტიმული  იზღუდება  და/ან უქმდება.

შესაბამისად, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელის თანახმადაც საჭირო იქნებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

  :

1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს „პისი მაქსის“ და შპს “კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი მოთხოვნა;

2. მიეცეს თანხმობა შპს „პისი მაქსს“, შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენაზე;

3. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პისი მაქსისა“ და შპს “კავკასუს ონლაინისათვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პისი მაქსისა“ და შპს “კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „პისი მაქსისა“ და შპს “კავკასუს ონლაინისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                 კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                        მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები