წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ და შპს “საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 800 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2016 17:18

მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2016

სს „სილქნეტის“ და შპს “საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს კომისიას  №5844/05-8 ერთობლივი წერილით მიმართეს სს „სილქნეტმა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/12481-16 24.11.2016), სს „სილქნეტისა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შერწყმა ექვემდებარება რეგულირებას იმ შემთხვევაში, თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

სს „სილქნეტი“ არ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

შპს „საქართველოს მედია ქსელი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

შპს „საქართველოს მედია ქსელი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს “სილქნეტის“ აქციების 100%-ის მფლობელია არარეზიდენტი იურიდიული პირი “Rhinestream Holdings Limited“ (“რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“). სს “სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები არიან: გიორგი რამიშვილი (წილის 61,9%-ის მფლობელი); ალექსი თოფურია (წილის 28,58% მფლობელი) და დავიდ ბორგერი (წილის 9,52%-ის მფლობელი).

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წილის 85%-ის მფლობელია სს „სილქნეტი“, ხოლო წილის 15%-ის მფლობელია შპს „გლობალ მედია ჯგუფი“.  შპს „გლობალ მედია ჯგუფი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.  

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს „სილქნეტი“ არის შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის 100%-ის მფლობელი. შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, სს “სილქნეტი“, სს “სილქნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი კომპანია “Rhinestream Holdings Limited“, კომპანია “Rhinestream Holdings Limited“-ის პარტნიორები: გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია, დავიდ ბორგერი, ასევე სს “სილქნეტის“ დირექტორი დავით მამულაიშვილი, გარდა ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირისა (შპს „ვაიმაქს ჯორჯია“), სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“  შერწყმაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

: 

1. მიეცეს თანხმობა სს „სილქნეტს“, სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე;

2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა).

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                      კახი ბექაური    

კომისიის წევრი                                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                      მერაბ ქათამაძე

 

 

       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები