შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადებების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2017 13:13
მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2016
შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადებების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სეტანტა ჯორჯიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/12493-16, 25.11.2016, №7/12494-16, 25.11.2016, №6/12696-16, 05.12.2016 №7/12695-16 05.12.2016) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადებების შესაბამისად, შპს „სეტანტა ჯორჯია“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას ორ სატელევიზიო არხზე შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სპორტი) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ავტორიზაციის მიღებიდან 10-14 დღე;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი - ფასიანი;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი.
როგორც განცხადებებშია აღნიშნული ერთი სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „Setanta sports“, ხოლო მეორე არხის „Setanta sports +“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადებები, რომელიც აკმაყოფილებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მოთხოვნებს;
2. შპს „სეტანტა ჯორჯიას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:
ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „სეტანტა ჯორჯიას“ დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელია კონსტანტინე ჯორბენაძე (პ/ნ 01017027969), 33%-იანი წილის მფლობელია ზაზა ბერიძე (პ/ნ 01017023103) და 33%-იანი წილის მფლობელია ლევან მაჭავარიანი (პ/ნ 01024044742). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „სეტანტა ჯორჯიას“ დირექტორის და დამფუძნებლების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად კონსტანტინე ჯორბენაძის, ზაზა ბერიძის და ლევან მაჭავარიანის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „სეტანტა ჯორჯიას“ და ფიზიკური პირების კონსტანტინე ჯორბენაძის, ზაზა ბერიძის და ლევან მაჭავარიანის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ზემოაღნიშნული კომპანია და ფიზიკური პირები კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდებიან.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 8 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „სეტანტა ჯორჯიას“ წარმომადგენლები სოფიკო ხიდეშელი და სესილი დარჩია. კომისიის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კომპანია „სეტანტა სპორტის“ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი, რომლის თანახმად შპს „სეტანტა ჯორჯიას“ უფლება ეძლეოდა ორი სამაუწყებლო არხის „Setanta sports“-ის და „Setanta sports +“-ის უცვლელი სახით გადაცემის (დისტრიბუციის). კომპანიას ასევე უფლება ეძლეოდა ქართული ხმოვანი ბილიკისა და რეკლამის განთავსების. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნებოდა უკვე გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენაც.
კომისიის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში თუ სამაუწყებლო არხები Setanta sports“ და „Setanta sports +“ გადაიცემა უცვლელი სახით და შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მიერ აღნიშნულ სამაუწყებლო არხებზე განხორციელდებოდა მხოლოდ ქართული ხმოვანი ბილიკის დამატება, ამ შემთხვევაში აღნიშნული არ საჭიროებდა კომისიაში მაუწყებლობაზე ავტორიზაციას.
კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა გაგრძელდა 2016 წლის 15 დეკემბერს 15:00 საათზე.
კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „სეტანტა ჯორჯიას“ დირექტორი კოტე ჯორბენაძე, პარტნიორი და კომპანიის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი და იურისტები სერგო ჯორბენაძე და სოფიკო ხიდეშელი. კომისიის სხდომაზე ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შპს „სეტანტა ჯორჯიას“ ამ ეტაპზე აღარ სურს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მიღება და მოითხოვა მათი განცხადებების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „სეტანტა ჯორჯიას“ მიერ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადებების (კომისიაში რეგისტრაციის №7/12493-16, 25.11.2016, №7/12494-16, 25.11.2016, №6/12696-16, 05.12.2016 №7/12695-16 05.12.2016) განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სეტანტა ჯორჯიასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სეტანტა ჯორჯიასთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
