შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2016 17:36
მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2016
შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს კომისიას ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „თრიალეთი-ნეტმა“ და შპს „მმ ნეთვორქსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/12385-16. 21.12.2016), შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თრიალეთი-ნეტი“ და შპს „მმ ნეთვორქსი“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს. შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს აბონენტების ინტერნეტ მომსახურება WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს „თრიალეთი-ნეტი“ საქმიანობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ხოლო შპს „მმ ნეთვორქსი“ გორის მუნიციპალიტეტში.
შპს „თრიალეთი-ნეტის“ შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 260,119 ლარი (ხვედრითი წილი 8,31%), ქარელის მუნიციპალიტეტში - 11,011 ლარი (ხვედრითი წილი 1,87 %). 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შპს „თრიალეთი-ნეტის“ აბონენტების რაოდენობამ შეადგინა: გორის მუნიციპალიტეტში - 1785 აბონენტი (ხვედრითი წილი 10,23%), ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში - 139 აბონენტი (ხვედრითი წილი 5,23%).
შპს „მმ ნეთვორქსის“ შემოსავლებმა 2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა 236,330 ლარი (ხვედრითი წილი 7,55%). 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შპს „მმ ნეთვორქსის“ აბონენტების რაოდენობამ გორის მუნიციპალიტეტში შეადგინა - 1140 აბონენტი (ხვედრითი წილი 6,53%).
შპს „თრიალეთი-ნეტის“ პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ნინო თოთაძე. ნინო თოთაძე ასევე არის შპს „თრიალეთი-ნეტის“ დირექტორი.
შპს „მმ ნეთვორქსის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი მიხეილ ცერაძე (წილის 50%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი მიხეილ ნადირაძე (წილის 50%-ის მფლობელი). შპს „მმ ნეთვორქსის“ დირექტორია გივი ცერაძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „თრიალეთი-ნეტის“, შპს „თრიალეთი-ნეტის“ პარტნიორისა და დირექტორის ნინო თოთაძის, შპს „მმ ნეთვორქსის“, შპს „მმ ნეთვორქსის“ პარტნიორების - მიხეილ ცერაძისა და მიხეილ ნადირაძის, ასევე შპს „მმ ნეთვორქსის“ დირექტორის გივი ცერაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენა, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „მმ ნეთვორქსს“ და შპს „თრიალეთი-ნეტს“, შპს „მმ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმაზე;
2. შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტმა“ და შპს „მმ ნეთვორქსმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. განემარტოთ შპს „თრიალეთი-ნეტსა“ და შპს „მმ ნეთვორქსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „მმ ნეთვორქსის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტი“ და შპს „მმ ნეთვორქსი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს „მმ ნეთვორქსისა“ და შპს „თრიალეთი-ნეტისათვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს „მმ ნეთვორქსისა“ და შპს „თრიალეთი-ნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „მმ ნეთვორქსისა“ და შპს „თრიალეთი-ნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
