წვდომის მენიუ

შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ქეი ენდ ქეი თივი“-ს და შპს „გრინტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 814 / 11

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2016 17:38

მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2016

 შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “ქეი ენდ ქეი თივი“-ს და შპს „გრინტვ“-ის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2016 წლის 22 ოქტომბერს წერილით მიმართა შპს „მეგა.ჯე“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №6/12004-16), შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის (სს “სილქნეტის“ საკუთრებაში არსებულ საკანალიზაციო არხებში განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები) შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სა და შპს „გრინტვ“-ის მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

საკანალიზაციო არხებში განთავსებული შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი  ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლის შეძენის განზრახვაც აქვს შპს „ქეი ენდ ქეი თივის“, განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

1)    ქ. ბათუმი, „26 მაისის“ ქუჩის №47-დან „მაიაკოვსკის“ №13-მდე (კაბელის სიგრძე 1696 მეტრი);

2)    ქ. ბათუმი, „მაიაკოვსკის“ ქუჩა 55/88-დან „ნონეშვილის“ ქუჩა №16/20-მდე (კაბელის სიგრძე 992 მეტრი);

3)    „აბუსერიძის“ და „აღმაშენებლის“ ქუჩების კვეთიდან სოფელ კახაბრამდე (კაბელის სიგრძე 1637 მეტრი).

საკანალიზაციო არხებში განთავსებული შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი  ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომლის შეძენის განზრახვაც აქვს შპს „გრინტვ“-ს, განთავსებულია შემდეგ მისამართზე:

ქ. ბათუმი, „26 მაისის“ ქუჩის №47-დან „აბუსერიძისა“ და „ჯავახიშვილის“ ქუჩების კვეთამდე (კაბელის სიგრძე 1072 მეტრი).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მეგა.ჯე“, შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ და შპს „გრინტვ“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მეგა.ჯე“-ს დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია  ფიზიკური პირი ბორის გამოვი.

შპს „ქეი ენდ ქეი თივის“ წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი როსტომ ნაგერვაძე, ხოლო წილის 50%-ის მფლობელია ფიზიკური პირი კახაბერ კალანდაძე. კახაბერ კალანდაძე ასევე არის შპს „გრიინეტის“ დირექტორი. შესაბამისად დგინდება აფილირება შპს „ქეი ენდ ქეი თივისა“ და შპს „გრიინეტს შორის“.

შპს „გრინტვ“-ის წილის 10%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ნოდარ ხვიბლიანი, ხოლო წილის 90%-ის მფლობელია ფიზიკური პირი გენადი ჩხაიძე. გენადი ხვიბლიანი ასევე არის შპს „სპიდლაინის“ დირექტორი. შესაბამისად დგინდება აფილირება შპს „გრინტვ“-ისა და შპს „სპიდლაინს“ შორის.

შპს „ქეი ენდ ქეი თივის“ საქმიანობის ძირითადი სახეა ოპტიკურ ბოჭკოვანი არხების იჯარა. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, შპს „ქეი ენდ ქეი თივის“ შემოსავლებმა 2016 წლის 10 თვეში შეადგინა 8245 ლარი.

შპს „გრიინეტის“ საქმიანობის ძირითადი სახეა საცალო ინტერნეტ მომსახურება. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, შპს „გრიინეტის“ შემოსავლებმა 2016 წლის 10 თვეში შეადგინა: ქ. ბათუმში - 93,511 ლარი (ხვედრითი წილი 1,01%); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 64,963 ლარი (ხვედრითი წილი 6,86%). შპს „გრიინეტის“ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა: ქ. ბათუმში - 678 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,75%), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 372 აბონენტი (ხვედრითი წილი 12,41%).

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ეტაპზე შპს „გრინტვ“ და შპს „სპიდლაინი“ არ ფუნქციონირებენ და შესაბამისად შემოსავლები არ გააჩნიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ქეი ენდ ქეი თივისა“ და შპს „გრინტვ“-ის მიერ  შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (საკანალიზაციო არხებში განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები) შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, შპს „ქეი ენდ ქეი თივისა“ და შპს „გრინტვ“-ის მიერ  შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (საკანალიზაციო არხებში განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები) შეძენა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მეგა.ჯე“-ს კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს „ქეი ენდ ქეი თივისა“ და შპს „გრინტვ“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს „მეგა.ჯე“-ს მოთხოვნა;

2. მიეცეს თანხმობა შპს „მეგა.ჯე“-ს, მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (საკანალიზაციო არხებში განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები)  შპს „ქეი ენდ ქეი თივისა“ და შპს „გრინტვ“-ის მიერ შეძენაზე;

3. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მეგა.ჯე“-სათვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მეგა.ჯე“-სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მეგა.ჯე“-სათვის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგოჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                  კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები