სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს ,,სილქნეტის“ განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2017 18:43
მიღების თარიღი დეკემბერი 22, 2016
სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს ,,სილქნეტის“ განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში ,,კომისია“) შემოვიდა სს „სილქნეტის“ განცხადება (№შ-6/11869-16; 07.11.2016) სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე. განცხადების თანახმად, სს ,,სილქნეტი“ ითხოვს სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობას, სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, იმის გამო, რომ 2016 წლის ოქტომბერში შემომავალ საერთაშორისო ზარებს, ნაცვლად საერთაშორისო ნომრისა, ,,ა“ ნომრად“ უფიქსირდებათ სს ,,გლობალ ერთის“ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსი - ადგილობრივი ნომერი - 322158283. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის ოქტომბერში მკვეთრად გაიზარდა ზემოაღნიშნული ნომრიდან შემომავალი ზარები, რამაც ბილინგის მონაცემებით შეადგინა ოქტომბრის თვეში 125 ზარი ჯამური ხანგრძლივობით 804 წუთი, ხოლო პირველ ნოემბერს 106 ზარი ჯამური ხანგრძლივობით 835 წუთი. ამავე განცხადებაში სს ,,სილქნეტი“ უთითებს, რომ ამ ნომრიდან ოქტომბრის თვიდან დღემდე შემოსული ტრაფიკის ოდენობა რამდენჯერმე აჭარბებს იგივე ნომრიდან სს ,,სილქნეტში“ შემომავალი 2016 წლის ჯამური ტრაფიკის ოდენობას.
სს ,,სილქნეტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის 9.10 პუნქტის შესაბამისად, ,,ყველა აქცეპტანტი (ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი), რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ზარის ოფერენტის ქსელში დასრულების (ტერმინაციის) მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გამოყოს და დააიდენტიფიციროს არხი (ტრანკი), რომელიც გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ოფერენტის ქსელში დასასრულებლად. ამ არხის საშუალებით შემოსული ნებისმიერი ზარი ჩაითვლება საერთაშორისო ზარად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. ამავე ოფერტის 9.11. პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აქცეპტანტი საერთაშორისო ზარს განახორციელებს ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით, ოფერენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ტრაფიკის გატარება და საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფის დარიცხვის გარდა, დაარიცხოს აქცეპტანს ჯარიმა ასეთი ზარის ღირებულების (საერთაშორისო ზარის ტარიფით) ოცმაგი ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, აქცეპტანტი რეგრესის წესით აუნაზღაურებს ოფერენტს ყველა იმ დანახარჯს, საურავს, სანქციას, ჯარიმას, ზარალს, რომლის გადახდაც მოუწევს ოფერენტს სახელმწიფო ან კერძო სტრუტურებისთვის მის სისტემაში ასეთი ზარის გატარებისთვის და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტს“ მიაჩნია, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს სს ,,სილქნეტსა“ და სს ,,გლობალ ერთს“ შორის 2016 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებისა (16-238) და სს ,,სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის პირობების დარღვევას და ითხოვს აღნიშნული საკითხის შესწავლასა და თანხმობას სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.
სს ,,სილქნეტის“ განცხადებას (№შ-6/11869-16; 07.11.2016) თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. სს ,,სილქნეტსა“ და სს ,,გლობალ ერთს“ შორის 2016 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (№16-238) შესაბამისი დანართებით, 2. 1 CD განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ, 3. სს „სილქნეტის“ წერილი კომისიას (10.12.2016; ;№641/05-8) 4. საგარანტიო წერილის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტებმა შეისწავლეს სს „გლობალ ერთის“ მხრიდან სს „სილქნეტის“ ქსელში ადგილობრივი „ა“ ნომრით სავარაუდოდ საერთაშორისო ზარის დასრულების საკითხი. აღნიშნული დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათიდან (№შ-10/12766-16; 08.12.2016) ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სს „სილქნეტის“ პარტნიორის მიერ საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით განხორციელებულია 5 სატესტო ზარი, საიდანაც მხოლოდ ერთ სატესტო ზარს ჰქონდა ხანგრძლივობა 10 წამი. („ა“ ნომერი 995322158283 „ბ“ ნომერი 995491228113 ზარის განხორციელების დრო 31.10.16 5:51:41 PM რეალური „ა“ ნომერი 7400491228113). მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- როგორც სს „სილქნეტის“, ასევე სს „გლობალ ერთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების (CDR) შესახებ დეტალური ინფორმაციაში, ზემოაღნიშნული სატესტო ზარი („ა“ ნომერი 995322158283 „ბ“ ნომერი 995491228113 ზარის განხორციელების დრო 31.10.16 5:51:41 PM) დაფიქსირებულია როგორც ლოკალური (ადგილობრივი) ზარი.
- კომისიის წერილობითი მიმართვის (წერილი 22.11.16 N01/4050-16) საფუძველზე სს „გლობალ ერთმა“ წარმოადგინა (25.11.16 N214 წერილი) სატელეფონო ნომრის ”2158283“ მფლობელის შესახებ ინფორმაცია. სს „გლობალ ერთის” წარმოდგენილი წერილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ სააბონენტო ნომერზე სს „გლობალ ერთი“ მომსახურებას უწევს შპს „დეველოპერსლაბ.ნეტს“, რაზეც გაფორმებულია სააბონენტო ხელშეკრულება (22.03.2016). სს ,,გლობალ ერთთან“ 2016 წლის 22 მარტსა და 13 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს „დეველოპერსლაბ.ნეტი“ სარგებლობს სს „გლობალ ერთის“ სამი მრავალარხიანი სატელეფონო ნომრით: 2158788, 2158283 და 2158475.
- შპს „დეველოპერსლაბ.ნეტი“ სატელეფონო ნომრებზე ზარის განხორციელებისას მომხმარებელი არ იღებს მომსახურებას, ჩართულია ავტომოპასუხე, მაგრამ მიუღებელ მომსახურებაზე ერიცხება წუთობრივი გადასახადი.
- როგორც შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ ვებ-გვერდიდან ირკვევა, იგი ეწევა შემდეგ მომსახურებებს: IT მომსახურება და მხარდაჭერა, დიზაინი, ბრენდირება, პოლიგრაფია, VoIP ტექნოლოგიები და კომუნიკაცია, ჰოსტინგი და ვირტუალური სერვერები. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი მომსახურებისა მომსახურების შეკვეთა არ ხდება სატელეფონო ნომრით. სატელეფონო ნომრები გამოიყენება მხოლოდ გამავალი კავშირის ორგანიზებისთვის.
- შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ მფლობელობაში არსებული სატელეფონო ნომრებიდან სხვადასხვა ავტორიზებული პირების ქსელში დასრულებულმა სატელეფონო ზარების რაოდენობამ (წთ) შეადგინა: სექტემბერი - 22030წთ, მათ შორის სს „სილქნეტზე“-4 წთ; ოქტომბერი -29710 წთ, მათ შორის, სს „სილქნეტზე“ -622 წთ; 1 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით - 54609 წთ, მათ შორის სს „სილქნეტზე“-4523 წთ.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიაში მოწვეული იქნა შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ დირექტორი არჩილ ლაბაძე. მისი განმარტებით, კომპანია არის ვირტუალური, ჰყავს ვირტუალური ოპერატორები, რომლებიც SIP პროტოკოლით არიან მიერთებული შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ სერვერთან. ოპერატორები სატელეფონო ზარების განხორციელებით ეწევიან სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირებას. რეკლამების დაკვეთა ხდება სოციალური ქსელის საშუალებით. მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ დირექტორმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია სატესტო ზარების IP მისამართების შესახებ. მისივე განმარტებით, მას მარშრუტში გააქტიურებული აქვს მხოლოდ თბილისისა და მობილური კომპანიების ინდექსები (99532XXXXXXX და 9955XXXXXXXX), ხოლო სატელეფონო ზარები შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ კუთვნილი „ა“ ნომრით დასრულებულია სს „სილქნეტის“ მომხმარებლებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის (2016 წლის 29 ნოემბრის N01/4108-16 წერილი) მიმართვის საფუძველზე სს „სილქნეტმა“ წარმოადგინა თავისი პარტნიორისგან სს „მედიაფონისგან“ ოფიციალური დადასტურება სატესტო ზარების ნამდვილობის შესახებ (08.12.16 N6003/07-8 წერილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და კონკურენციის რეგულირების დეპარტამენტებს მიაჩნიათ, რომ სს „გლობალ ერთის“ მომხმარებლის შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ მიერ ხდება საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე რეალური ”ა” ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრით, რაც იწვევს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციის გვერდის ავლით საერთაშორისო სატელეფონო ზარების დასრულებას როგორც სს “სილქნეტის“, ასევე სხვა ავტორიზებული პირების ქსელში. დეპარტამენტებს ასევე მიაჩნიათ, რომ, სს „გლობალ ერთის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტები, ვინაიდან ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებით ბარათს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. კომისიის წერილი სს „გლობალ ერთს“ (N01/4050-16, 22.11.16), 2. კომისიის წერილი სს ,,სილქნეტს“ (N01/4108-16, 29.11.16), 3. სს „გლობალ ერთის“ წერილი (Nშ-6/12486-16, 25.11.16), 4. სს ,,სილქნეტის“ წერილი (№6003/07-8; 08.12.2016) თანდართული სს ,,მედიაფონის“ წერილით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს ,,სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით კომისიის სხდომა დაინიშნა 2016 წლის 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც წერილობით გაფრთხილდნენ სს ,,სილქნეტი“, სს ,,გლობალ ერთი“ და შპს „დეველოპერსლაბ.ნეტი“ (№03/4177-16; 12.12.2016; №03/4178-16; 12.12.2016 №03/4179-16; 12.12.2016 შეტყობინებები) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებებით შეტყობინებით მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე, სს ,,გლობალ ერთის“ დირექტორი გ. მაჩიტაძე და კომპანიის იურისტი რ. გოგინავა, შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ დირექტორი ა. ლაბაძე. სს ,,გლობალ ერთის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა კომპანიის წერილობითი ახსნა-განარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით (N227; 15.12.2016). სს ,,გლობალ ერთის“ დირექტორის განმარტებით, კომპანიას არ დაურღვევია სს ,,სილქნეტის“ ოფერტის პირობები, ვინაიდან სს ,,გლობალ ერთი“ მომსახურებას უწევს შპს ,,დეველოპერლაბ.ნეტს“, რომელიც სააბონენტო ხელშეკრულებების საფუძველზე სარგებლობს სს ,,გლობალ ერთის“ სამ მრავალარხიანი ტელეფონის ნომრით (2158788, 2158283 და 2158475) 2016 წლის მარტისა და მაისის თვიდან. სს ,,სილქნეტის“ ოფერტის პირობების დარღვევის ფაქტის არარსებობის დასტურად, სს ,,გლობალ ერთის“ დირექტორი უთითებს იმაზე, რომ 2016 წლის 17 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში არ დადასტურებულა სს ,,გლობალ ერთის“ მიერ საერთაშორისო ,,ა“ ნომრის ლოკალურ ,,ა“ ნომრად შეცვლის ფაქტი. ამასთანავე, მისი განცხადებით, სს ,,გლობალ ერთში“ ქსელების დაცულობა უზრუნველყოფილია თანამედროვე ნეო სოფტსვიჩის სადგურით, რითაც შესაძლებელია არასანქცირებული დაშვების აღმოჩენა. სს ,,გლობალ ერთის“ წერილობით ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ მიერ მარკეტინგული ხასიათის გამავალი ზარების განხორციელების თაობაზე აბონენტთა საჩივრების შესწავლის პროცესში შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტმა“ უარყო საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად შეცვლის ფაქტი. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სს ,,გლობალ ერთმა“ ითხოვა კომისიას არ დაეკმაყოფილებინა სს ,,სილქნეტის“ განცხადება.
კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ დირექტორმა ა. ლაბაძემ აღნიშნა, რომ კომპანია ახორციელებს ზარებს და ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, როგორაა შესაძლებელი ლოკალური ზარის სხვა ნომრით შეცვლა. მისი განცხადებით, შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ ძირითადი საქმიანობის სფერო არის ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანია ქმნის ვებ-გვერდებს, ახორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას და ემსახურება კომპანიებს IT ინჟინრის ფუნქციით. მისი აზრით, შეიძლება ადგილი ჰქონოდა არასანქცირებულ შეღწევას, თუმცა, მისთვის უცნობია ეს როგორ განხორციელდა, რადგან კომპანიის სარგებლობაში არსებულ სადგურში ამის კვალი არ ფიქსირდება. შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტმა“ შეწყვიტა საქმიანობა ამ სფეროში და არ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას მოკვლევამდე და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ ეს ზარები ნამდვილად არის განხორციელებული მესამე პირის მიერ, ა. ლაბაძის განცხადებით, შპს „დეველოპერსლაბ.ნეტი“ დაზარალებული მხარეა, რადგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება იურიდიულად ეკისრება მას. კომისიის სხდომაზე ა. ლაბაძემ წარმოადგინა CD, რომელშიც მისი განმარტებით, ასახულია შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო სადგურიდან განხორციელებული ზარები.
სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ განაცხადა, რომ განცხადების წარმოდგენის ეტაპზე მათთვის არ იყო ცნობილი აღნიშნულ ზარებს აბონენტი ახორციელებდა თუ კომპანია. ამ გარემოების გათვალისწინებით მან იშუამდგომლა კომისიის წინაშე საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადების თაობაზე, სს ,,სილქნეტის“ მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.
2016 წლის 22 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე და სს ,,გლობალ ერთის“ წარმომადგენელი რ. გოგინავა. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ შპს „დეველოპერსლაბ.ნეტის“ მიერ წარმოდგენილ CD-ში ასახულ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით განხორციელებულ გამავალ ზარებს შორის არ ფიქსირდება სს ,,მედიაფონის“ მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული სატესტო ზარი.
კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა ნ. ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტი“ თავის მოთხოვნას უცვლელად ტოვებდა.
კომისიის სხდომაზე სს ,,გლობალ ერთის“ წარმომადგენელმა რ. გოგინავამ აღნიშნა, რომ ,,ა“ ნომრის ადგილობრივი ნომრით ცვლილების ფაქტი დადასტურებულია სატესტო ზარებით. ამასთან, მან დაადასტურა, რომ სს ,,გლობალ ერთმა“ ვერ უზრუნველყო კანონით განსაზღვრული ქსელის დაცულობის მოთხოვნის დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა საერთაშორისო ზარის ადგილობრივი ნომრით დასრულება სს ,,სილქნეტის“ ქსელში. ამასთან, მან დაადასტურა, რომ სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე სს ,,სილქნეტისთვის “ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, სს ,,გლობალ ერთი“ შეძლებდა მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდებას სხვა ოპერატორის გავლით, ტრანზიტულად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებები:
- სს „სილქნეტის“ განცხადება (№შ-6/11869-16; 07.11.2016) თანდართული დოკუმენტაციით (სს ,,სილქნეტსა“ და სს ,,გლობალ ერთს“ შორის 2016 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება (№16-238) შესაბამისი დანართებით,1 CD განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ, სს „სილქნეტის“ წერილი კომისიას (10.12.2016; ;№641/05-8), საგარანტიო წერილის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათი (№შ-10/12766-16; 08.12.2016) თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის წერილი სს „გლობალ ერთს“ (N01/4050-16, 22.11.16), კომისიის წერილი სს ,,სილქნეტს“ (N01/4108-16, 29.11.16), სს „გლობალ ერთის“ წერილი (Nშ-6/12486-16, 25.11.16), სს ,,სილქნეტის“ წერილი (№6003/07-8; 08.12.2016) თანდართული სს ,,მედიაფონის“ წერილით);
- ,,სს ”გლობალ ერთი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №471/1 გადაწყვეტილება;
- კომისიაში დაცული მონაცემები ავტორიზებული პირების ქსელში ან ქსელიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ (წარმოდგენილი CDR-ების მიხედვით);
- სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2014 წლის მოწვევის ოფერტა);
- სს „სილქნეტის“ და სს „გლობალ ერთის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- სს ,,გლობალ ერთის“ წერილობითი ახსნა-განმარტება (N227; 15.12.2016);
- შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი CD (15.12.2016);
- სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის ნ. ნიჟარაძის, სს ,,გლობალ ერთის“ დირექტორის გ. მაჩიტაძის, სს ,,გლობალ ერთის“ წარმომადგენლის რ. გოგინავას და შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ დირექტორის ა. ლაბაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა და სხვ.);
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. სს ,,გლობალ ერთი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010) ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება და სხვ.;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
3. სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (2014 წლის მოწვევის ოფერტის) 9.11 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ აქცეპტანტი საერთაშორისო ზარს განახორციელებს ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით, ოფერენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ტრაფიკის გატარება და საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფის დარიცხვის გარდა, დაარიცხოს აქცეპტანს ჯარიმა ასეთი ზარის ღირებულების (საერთაშორისო ზარის ტარიფით) ოცმაგი ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, აქცეპტანტი რეგრესის წესით აუნაზღაურებს ოფერენტს ყველა იმ დანახარჯს, საურავს, სანქციას, ჯარიმას, ზარალს, რომლის გადახდაც მოუწევს ოფერენტს სახელმწიფო ან კერძო სტრუტურებისთვის მის სისტემაში ასეთი ზარის გატარებისთვის და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
მტკიცებულება: სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2014 წლის მოწვევის ოფერტა).
4. ,,სს ”გლობალ ერთი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №471/1 გადაწყვეტილებით სს ,,გლობალ ერთი“ ფლობს ნუმერაციის რესურსს: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადა: 17.08.2017);
მტკიცებულება: ,,სს ”გლობალ ერთი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №471/1 გადაწყვეტილება;
5. სს ,,გლობალ ერთსა“ და შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტს“ შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისად, სატელეფონო ნომერზე 2 158283 სს ,,გლობალ ერთი“ ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებას უწევს შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტს“.
მტკიცებულებები: სს ,,გლობალ ერთსა“ და შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტს“ შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება (22.03.2016), სს ,,გლობალ ერთის“ წერილი (Nშ-6/12486-16; 25.11.2016).
6. მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით სს „სილქნეტის“ პარტნიორის სს ,,მედიაფონის“ მიერ განხორციელდა 5 სატესტო ზარი, საიდანაც მხოლოდ ერთ სატესტო ზარს ჰქონდა ხანგრძლივობა 10 წამი. („ა“ ნომერი 995322158283 „ბ“ ნომერი 995491228113 ზარის განხორციელების დრო 31.10.16 5:51:41 PM რეალური „ა“ ნომერი 7400491228113). შესაბამისად, სატელეფონო ნომერზე 995491228113 განხორციელდა საერთაშორისო სატელეფონო ზარი;
მტკიცებულებები: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათი (№შ-10/12766-16; 08.12.2016); სს ,,სილქნეტის“ მიერ განცხადებით (№შ-6/11869-16; 07.11.2016) კომისიაში წარმოდგენილი CD; სს ,,სილქნეტის“ წერილით (№6003/07-8; 08.12.2016) წარმოდგენილი სს ,,მედიაფონის“ წერილი (06.12.2016; N97) სატესტო ზარების შესახებ.
7. სს „სილქნეტისა“ და სს „გლობალ ერთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების (CDR) შესახებ დეტალური ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული სატესტო ზარი („ა“ ნომერი 995322158283 „ბ“ ნომერი 995491228113 ზარის განხორციელების დრო 31.10.16 5:51:41 PM) დაფიქსირებულია როგორც ლოკალური (ადგილობრივი) ზარი;
მტკიცებულებები: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათი (№შ-10/12766-16; 08.12.2016); კომისიაში დაცული სს „სილქნეტისა“ და სს „გლობალ ერთის“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია (CDR-ბი).
8. შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტის“ მფლობელობაში არსებული სატელეფონო ნომრებიდან (2158788, 2158283 და 2158475) სხვადასხვა ავტორიზებული პირების ქსელში დასრულებულმა სატელეფონო ზარების რაოდენობამ (წთ) შეადგინა: სექტემბერი - 22030წთ, მათ შორის სს „სილქნეტზე“- 4 წთ; ოქტომბერი - 29710 წთ, მათ შორის, სს „სილქნეტზე“ -622 წთ; პირველი ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით - 54609 წთ, მათ შორის, სს „სილქნეტზე“-4523 წთ.
მტკიცებულებები: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათი (№შ-10/12766-16; 08.12.2016); სს ,,გლობალ ერთსა“ და შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტს“ შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები (22.03.2016; 13.05.2016); სს ,,გლობალ ერთის“ წერილი (Nშ-6/12486-16; 25.11.2016).
IV. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ე) ქვეპუნქტის თანახმად, შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,გლობალ ერთის“ ნუმერაციის რესურსისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, სს ,,სილქნეტის“ ქსელში საერთაშორისო სატელეფონო ზარი, მოქმედი რეგულაციების დარღვევით, დასრულდა როგორც ადგილობრივი ზარი (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მე-6 და მე-7 პუნქტები). შესაბამისად, სს ,,გლობალ ერთმა“ ვერ უზრუნველყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ვერ უზრუნველყო ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობის შენარჩუნება და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობის თავიდან აცილება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. აღნიშნული ნორმის მიზანია არ მოხდეს ავტორიზებული პირის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. ამ მიზნის მისაღწევად, კანონმდებელმა ავტორიზებულ პირს განუსაზღვრა ვალდებულება - უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. კანონის მიზნიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულება ასევე მოიცავს ავტორიზებული პირის ვალდებულებას - დაიცვას თავისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები სხვა პირების, მათ შორის, თავისი აბონენტების, უკანონო შეღწევისაგან და არ დაუშვას მათ მიერ მისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათითა და თანდართული მასალით დგინდება, რომ ადგილობრივი ნომრით - 2 158283 (რეალურად ,,ა“ ნომრიდან - 7400491228113), რომელზეც შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტს“ სს ,,გლობალ ერთის“ მიერ მიეწოდება ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება, სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულდა საერთაშორისო ზარი. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,გლობალ ერთის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შედეგად გამოიწვია საერთაშორისო სატელეფონო ზარის ადგილობრივი ნომრით დასრულება სს ,,სილქნეტის“ ქსელში, კომისიის მიერ დადგენილი საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის გვერდის ავლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,გლობალ ერთის“ მიერ დარღვეულია სს ,,სილქნეტსა“ და სს ,,გლობალ ერთს“ შორის 2016 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (16-238) და სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (2014 წლის მოწვევის ოფერტა). ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების შემთხვევაში, სს ,,გლობალ ერთი“ შეძლებს მომხმარებლებისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევას სხვა ავტორიზებული პირების გავლით, ტრანზიტულად. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სს ,,სილქნეტს“ უნდა მიეცეს თანხმობა სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, სს ,,გლობალ ერთის“ მიერ მისი კუთვნილი ქსელის დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნამდე და სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (2014 წლის მოწვევის ოფერტის) 9.11 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, სს ,,სილქნეტის“ ქსელში საერთაშორისო ზარის საერთაშორისო ზარებისთვის განკუთვნილი არხით დასრულების უზრუნველყოფამდე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათ შორის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ,,გლობალ ერთის“ ნუმერაციის რესურსისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, სს ,,გლობალ ერთის“ მომხმარებლის - შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტიდან“ სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულებული სატელეფონო ზარების რაოდენობა (წთ) მკვეთრად გაიზარდა (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 8), შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე სს ,,სილქნეტისთვის“ ქონებრივი ზიანის მიყენებას, ამასთან, დასადგენია ,,ა“ ნომრის ადგილობრივი ნომრით შეცვლის განმახორციელებელი პირი, კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და სს ,,სილქნეტს“ მიეცა თანხმობა სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, სს ,,გლობალ ერთის“ მიერ მისი კუთვნილი ქსელის დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნამდე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სს ,,გლობალ ერთს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევისთვის.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, გადაწყვეტილების პირველი პუნქტთან დაკავშირებით ხმათა უმრავლესობით (მომხრე: კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, კომისიის წევრები: გ. ფრუიძე, მ. ქათამაძე, წინააღმდეგი: კომისიის წევრი ე. ასანიძე), ხოლო მე-2 პუნქტთან დაკავშირებით ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სს ,,სილქნეტს“ თანხმობა სს ,,გლობალ ერთთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, სს ,,გლობალ ერთის“ მიერ მისი კუთვნილი ქსელის დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნამდე და სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (2014 წლის მოწვევის ოფერტის) 9.11 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, სს ,,სილქნეტის“ ქსელში საერთაშორისო ზარის საერთაშორისო ზარებისთვის განკუთვნილი არხით დასრულების უზრუნველყოფამდე;
2. ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის“, სს ,,გლობალ ერთისთვის“ და შპს ,,დეველოპერსლაბ.ნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამოწმებული ასლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის“ და სს ,,გლობალ ერთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სს ,,სილქნეტისთვის“ და სს ,,გლობალ ერთისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
