მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ №2 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2017 11:23
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2016
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ №2 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 8 ნოემბრის №731/8 გადაწყვეტილებით, 2100 სიხშირულ დიაპაზონში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად ორი (თანმიმდევრული) აუქციონი გამოცხადდა.
აუქციონების ჩატარების თარიღად 2016 წლის 23 დეკემბრის 13:00 საათი განისაზღვრა; ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 8 დეკემბრის 17:00 საათამდე.
კომისიის 2016 წლის 8 ნოემბრის №731/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული:
ა) №1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 6 904 704.00 (ექვსი მილიონ ცხრაასოთხი ათას შვიდასოთხი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 345 235.00 (სამას ორმოცდახუთი ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარი;
ბ) №2 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 6 904 704.00 (ექვსი მილიონ ცხრაასოთხი ათას შვიდასოთხი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 345 235.00 (სამას ორმოცდახუთი ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარი;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მობიტელმა“. განცხადების თანახმად კომპანიას დაგეგმილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ორივე აუქციონში. განცხადებაზე თანდართულია 2016 წლის 8 ნოემბრის №731/8 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ორ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის 690 470.40 (ექვსას ოთხმოცდაათი ათას ოთხასორმოცი ლარი და 40 თეთრი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებელის (2X1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი საბუთები, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის თანახმად წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად განსაზღვრულნი არიან გიორგი ტყეშელაშვილი და ირაკლი ესართია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა კომისიის 2016 წლის 23 დეკემბერს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მობიტელის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი და წარმომადგენელი ირაკლი ესართია.
№2 აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა №2 აუქციონში შპს „მობიტელის“ მონაწილეობის მიღების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-51 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
კომისიის სხდომაზე გამოცხადდა №2 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 6 904 704.00 (ექვსი მილიონ ცხრაასოთხი ათას შვიდასოთხი ლარი და 00 თეთრი) ლარი და აუქციონის ბიჯის ოდენობა 345 235.00 (სამას ორმოცდახუთი ათას ორას ოცდათხუთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარი, რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „მობიტელმა“ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ აუქციონში. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა №2 აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 7 249 939.00 (შვიდი მილიონ ორასორმოცდაცხრა ათას ცხრაასოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მობიტელი“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 8 ნოემბრის №731/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 7 249 939.00 (შვიდი მილიონ ორასორმოცდაცხრა ათას ცხრაასოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 7 249 939.00 (შვიდი მილიონ ორასორმოცდაცხრა ათას ცხრაასოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის 30%-ს - 2 174 981.70 (ორი მილიონ ასსამოცდათოთხმეტი ათას ცხრაასოთხმოცდაერთი ლარი და 70 თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 690 470.40 (ექვსასოთხმოცდაათი ათას ოთხასსამოცდაათი ლარი და 40 თეთრი) ლარი ანუ - 1, 484 511. 30 (ერთი მილიონ ოთხასოთხმოცდაოთხი ათას ხუთასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 5,074,957.30 (ხუთი მილიონ სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 1, 484 511. 30 (ერთი მილიონ ოთხასოთხმოცდაოთხი ათას ხუთასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 1, 484 511. 30 (ერთი მილიონ ოთხასოთხმოცდაოთხი ათას ხუთასთერთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის 690 470.40 (ექვსასოთხმოცდაათი ათას ოთხასსამოცდაათი ლარი და 40 თეთრი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) შპს „მობიტელისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისის დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი)
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 და მე-6 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
