წვდომის მენიუ

შპს „TV8“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 853 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2017 15:22

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2016

შპს  „TV8“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/12544-16; 28.11.2016) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2016 წლის 15 დეკემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV8“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა),  ბ), დ)  და ვ)  ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „TV8“-ის  2016 წლის 14 ნოემბრიდან  და 17 ნოემბრის ჩათვლით სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. შემოწმების შედეგად გამოირკვა,  შპს  „TV8“  საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, ანთავსებდა  შემდეგ მხატრულ და ანიმაციურ ფილმებს: „ Men In Black”,  „The Beach”,  „UP”,  „Good Luck ChuK”,  „How to lose guy in 10 days”,  „The Incredibles”,  „Fired UP!”.  

ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ კომისიამ 2016 წლის  24 ნოემბერს №04/4071-16 წერილით მიმართა შპს ,,TV8“-ს და მოსთხოვა მას ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2016 წლის 24 ნოემბერს შემოვიდა შპს ,,TV8“-ს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/12458-16; 24.11.2016), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,TV8“ -ს ზემოაღნიშნული მხატრული ფილმების  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმეტაცია არ გააჩნია. 

აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ შპს „TV8“,  როგორც საერთო მაუწყებელი, საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებს ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას და არ წარმოადგენს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს. 

შპს „TV8“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 22 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2016 წლის  22 დეკემბრის  სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „TV8“-ის წარმომადგენელი. კომისიის გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2016 წლის 29 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს „TV8“-ს  ეცნობა შეტყობინებით.

კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „TV8“-ის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა,  რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2016 წლის 27 დეკემბერს, რასაც შეტყობინებაზე რ. ლოგაძის (კომპანიის წარმომადგენელი) ხელმოწერა ადასტურებს.  აღნიშნული შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს   ,,TV8“-ის   დაუსწრებლად. 

II. გამოკვლეული  მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016  წლის 28 ნოემბრის  №10/12544 -16 სამსახურებრივი ბარათი;

2. სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;

3.   კომისიის 2016 წლის 24 ნოემბრის  №04/4071–16 წერილი, მისი შპს „TV8“-ისთვის  გაგზავნისა და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. შპს ,,TV8“-ის 2016  წლის 24 ნოემბრის  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/12458-16; 24.11.2016);

5.    შპს ,,TV8“-ის  შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; 

III.   დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები 

1. შპს „TV8“  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს საერთო მაუწყებლობაზე (ავტორიზაციის თარიღი 15.05.2013; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: საერთო მაუწყებლობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით), რომელსაც ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს არანაკლებ ორი თემატიკის - ახალი ამბებისა და საზოგადოებირი - პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა;;

2.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში  დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ 2016 წლის 14 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათლით პერიოდში, განხორციელდა შპს „TV8“-ის მონიტორინგი, კომპანიის მიერ  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ხოლო, მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „TV8“-ს სამაუწყებლო ბადეში არა აქვს განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და არ წარმოადგენს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს;

3.  2016  წლის 14 ნოემბრიდან და 17 ნოემბრის ჩათვლით  შპს „TV8“  საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა შემდეგ მხატრულ ფილმებს:  „ Men In Black”,  „The Beach”,  „UP”,  „Good Luck ChuK”,  „How to lose guy in 10 days”,  „The Incredibles”,  „Fired UP!” ;

4.  კომისიამ  2016  წლის 24 ნოემბერს  №04/4071-16  წერილით  შპს ,,TV8“-ს  მოსთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

5.  შპს „TV8“-ს  არც  ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის (15.12.2016), არც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის  არ გააჩნდა და კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მხატვრული ფილმების: „ Men In Black”,  „The Beach”,  „UP”,  „Good Luck ChuK”,  „How to lose guy in 10 days”,  „The Incredibles”,  „Fired UP!”  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);

6. შპს ,,TV8“-ს, ავტორიზაციის გავლისას (15/05/2013) განემარტა, რომ იგი, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

7.  შპს ,,TV8“-ის  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა; 

2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული, ხოლო  ვ) და დ) ქვეპუნქტების თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

4. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით)   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

5. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;

6. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

11. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

12.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,TV8“-ის მიერ  მხატვრული ფილმების: „ Men In Black”,  „The Beach”,  „UP”,  „Good Luck ChuK”,  „How to lose guy in 10 days”,  „The Incredibles”,  „Fired UP!”    შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით,  შპს ,,TV8“  მიერ დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  „ისმო-ს“  საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, ხოლო სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების განუთავსებლობით და მომდევნო კვირის პროგრამების წარმოუდგენლობით, შპს „TV8”-ის  მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა), ბ) და დ) ქვეპუნქტების  და   70-ე მუხლის პირველი პუქნტის მოთხოვნები.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,TV8“-ის მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას,  კომპანია  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „TV8“-ს უნდა განემარტოს, რომ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას დაეკისრება ჯარიმა. 

V. სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების,  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა), ბ), ვ) და დ)  ქვეპუნქტის, და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,TV8“-ს  მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა), ბ), ვ) და დ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევის გამო;

2.  შპს ,,TV8“-ს  მიეთითოს, რომ იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო პროდუქციის არამართლზომიერი გავრცელება;

3.  დაევალოს შპს „TV8“-ს, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის განთავსება და მომდევნო კვირის პროგრამის კომისიაში წარმოდგენა);

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,TV8“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „TV8“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „TV8“-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „TV8“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები