შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2017 17:25
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2016
შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივლისის №შ-10/5349-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევა.
შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის კომისიის მიერ განხილვა ჩაინიშნა 2015 წლის 27 აგვისტოს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“. კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების (დამატებით) შესწავლის მიზნით. კომისიის მიერ არ განსაზღვრულა მომდევნო სხდომის დღე და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენელს განემარტა, რომ მომდევნო სხდომის დღე დამატებით ეცნობებოდა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გარემოებების დამატებით გამოკვლევას (რაც მოიცავდა სხვა მაუწყებლების მიერ საქონლის/მომსახურების განთავსებისა და სპონსორობის წესების დაცვის მონიტორინგსაც) დასჭირდა ადმინისტრაციული წარმოებისთვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი დრო. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, კომისიამ 2016 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დამატებით საკითხად იმსჯელა შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ვინაიდან, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ დარღვევის ჩადენიდან გასულია ერთ წელზე მეტი, კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციის მიზანი - დარღვევის აღმოფხვრა და პრევენცია კომპანიისთვის დარღვევის ჩადენიდან ერთი წლის შემდეგ სანქციის დაკისრებით ვერ იქნება მიღწეული, ამასთან, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ 2015 წლის აპრილის შემდეგ საქონლის/მომსახურების განთავსებისა ან სპონსორობის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს 2015 წლის 21 დეკემბერს დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
