წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 90 / 20

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 13:00

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016

შპს „მაგთიკომიმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2016  წლის 29 იანვარს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/917-16) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი როუმინგულ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების,  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საერთაშორისო როუმინგის „ერთიანი სივრცის“ შემოღების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამავდროულად, კომისია განიხილავს პოლონეთთან, ჩეხეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან საერთაშორისო როუმინგის ერთიანი სივრცის შექმნის შესაძლებლობებს. აღნიშნული საკითხების მომზადების მიზნით შპს „მაგთიკომს“, შპს „მობიტელს“ და შპს „ჯეოსელს“ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№02/273-16, 22.01.2016) აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებაში საერთაშორისო როუმინგული მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენის თაობაზე.

შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ: ჩეხეთის (Eurotel-telefonica O2, T-Mobile, Vodafone), პოლონეთის (Centertel (Orange), P4 (paly mobile), Polska Telefonica (T-mobile), Polkomtel, ლიტვისა (Omnitel, UAB (Tele 2), BITE) და ლატვიის (Baltcom (Tele 2), LMT, BITE) შესაბამის ოპერატორებთან როუმინგული მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოდ ცნობა.

შპს „მაგთიკომი“ თავის წერილში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებები წარმოადგენს გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA, შემდგომში “GSMA”) მიერ შემუშავებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ GSMA-ს წევრი მობილური ქსელის ოპერატორების მიერ, და გარეშე პირებს არ გააჩნია წვდომა ამგვარ ხელშეკრულებებზე. GSMA-ს  ოფიციალური დოკუმენტებისათვის, რომელიც გამოიყენება როუმინგის ხელშეკრულების ფარგლებში, ვრცელდება უსაფრთხოების კლასიფიკაცია - „შეზღუდული“, რაც გულისხმობს, რომ მათზე წვდომა ან გავრცელება შეზღუდულია მხოლოდ წევრი ოპერატორების ფარგლებში, მასში შემავალი ინფორმაცია არ შეიძლება გამჟღავნებული იქნეს ან სხვაგვარად გახდეს ხელმისაწვდომი მთლიანად თუ ნაწილობრივ, იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან მითითებული GSMA-ს  უსაფრთხოების კლასიფიკაციის კატეგორიაში, GSMA-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. GSM ასოციაციის ნებისმიერი წევრი, გაწევრიანებისას იღებს ვალდებულებას დაიცვას ყველა დადგენილი პირობა, მათ შორის, კონფიდენციალურობის დაცვის ნაწილში.  შპს „მაგთიკომი“ როგორც GSMA-ს წევრი ვალდებულია დაიცვას ასოციაციის მიერ დადგენილი კონფიდენციალობის ვალდებულებები, მათ შორის აღნიშნულ ხელშეკრულებებთან მიმართებაში.

კომისიამ შეისწავლა შპს „მაგთიკომის“ განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები როუმინგული მომსახურების თაობაზე (თითეულ ოპერატორთან) შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს კონკრეტული პარტნიორი ოპერატორის მიერ როუმინგული მომსახურების გაწევის ტარიფებისა და პირობების შესახებ, და მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ. ასევე, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები თანხმდებიან და შესაბამისად იღებენ ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების ყველა პუნქტი და შინაარსი არის კონფიდენციალური და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ინფორმაცია არ შეიძლება გასაჯაროვდეს ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც საქმე ეხება ხელშეკრულების პირობების შესრულებას და აბონენტების ინფორმირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ, ხელშეკრულებისა და GSMA-ს წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები მოიცავს აღნიშნული ხელშეკრულებების კონფიდენციალობის დაცვას,  რომელთა დაუცველობამაც შესაძლოა კომპანიისათვის წარმოშვას, შპს „მაგთიკომსა“ და მეორე მხარე(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული, ვალდებულებებისა და სანქციების წარმოშობა, რამაც თავისმხრივ შესაძლოა შეაფერხოს ან/და ხელი შეუშალოს როუმინგული მომსახურების განხორციელებას; კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 29 იანვრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/917-16) უნდა დაკმაყოფილდეს.  შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, მათ შორის როუმინგული მომსახურების მიწოდების კუთხით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 29 იანვრის განცხადება (№შ-6/917-16):

ა) კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „მაგთიკომის“ 2016წლის 29 იანვრის №შ-6/917-16 წერილით წარმოდგენილი, შპს „მაგთიკომსა“ და ოპერატორებს: Eurotel (Telefonica O2)-ჩეხეთი, T-mobile - ჩეხეთი, Vodafone- ჩეხეთი, Centertel (orange) - პოლონეთი, P4 (play mobile) - პოლონეთი, Polska Telefonica (T-Mobile) - პოლონეთი, Omnitel -ლიტვა, UAB (Tele 2) -ლიტვა, BITE-ლიტვა, Baltcom (Tele2) -ლატვია, LMT-ლატვია, BITE-ლატვია შორის გაფორმებული ხელშეკრულებები როუმინგული მომსახურების თაობაზე;

2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები