წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 91 / 20

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 16:05

მიღების თარიღი თებერვალი 11, 2016

შპსკავკასუს ონლაინისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ  კომისიამ 2016 წლის 5 იანვარს მიიღო  №07/23 გადაწყვეტილება შპს “მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.          

კომისიის 2016 წლის 5 იანვრის  №07/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინისგან“  გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში 2016 წლის 28 იანვრის №01-01/6342 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/927-16, 29.01.2016 წ.) წერილით წარმოადგინა  მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს ზემოაღნიშნული წერილით  წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.  კერძოდ,  შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი 2016 წლის 11 იანვრის №08/74-16 წერილის "ს" პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ჯარიმების შესახებ, რომლებიც კომპანიას დააკისრა საგადასახადო ორგანომ.

შპს  „კავკასუს ონლაინს“ მიაჩნია, რომ  მითითებული ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია, კონკრეტული გადასახადის კატეგორიაზე დარიცხული ჯარიმა და საურავის ოდენობა წარმოადგენს კომპანიის ისეთ ფინანსურ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება მესამე პირებისათვის, მათ შორის, აბონენტებისა თუ კონკურენტი კომპანიებისათვის, დააზიანებს კომპანიის ეკონომიკურ ინტერესებს. შესაბამისად, კომპანია ითხოვს კომისიამ მიიჩნიოს კომერციულ საიდუმლოებად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შპს  „კავკასუს ონლაინზე“ დარიცხული საგადასახადო ჯარიმების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;

კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“  2016 წლის 28 იანვრის №01-01/6342 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/927-16, 29.01.2016 წ.) წერილი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის მე-5 პუნქტი და ამ წერილის დანართით წარმოდგენილ ინფორმაციასთან  დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“  39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საგადასახადო საიდუმლოებაა „საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას“, ამასთან ერთად „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010 წლის 31 დეკემბერის  ბრძანება N 996 მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საგადასახადო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები;

ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის  გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები;

გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების აქტები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები;

დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი  აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები;

ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების, სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ;

ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული  საიდუმლოებების შესახებ;

ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „კავკასუს ონლაინის“  2016 წლის 28 იანვრის №01-01/6342 წერილით წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა № 094-559 კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი, რადგან აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2010 წლის 31 დეკემბერის  ბრძანება N 996 მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად  შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 28 იანვრის №01-01/6342 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/927-16, 29.01.2016 წ.) წერილის მოთხოვნა და  კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი აღნიშნული წერილის  მე-5 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ჯამური საგადასახადო დავალიანების  შესახებ ინფორმაციის  გარდა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა  2016 წლის 28 იანვრის №01-01/6342 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/927-16, 29.01.2016 წ.) წერილის მე-5 პუნქტით წარმოდგენილი მოთხოვნა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და კომერციულ საიდუმლოებად  იქნას  ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“  2016 წლის 28 იანვრის №01-01/6342 წერილის დანართით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა № 094-559“- ით წარმოდგენილი ინფორმაცია  ჯამური საგადასახადო დავალიანების  შესახებ ინფორმაციის  გარდა;

2. ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან  იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელეწყობის  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

 კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                    მერაბ  ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები